59 წლის ცისანა ნადირაშვილი რუსთავიდანაა. იგი "რუსთავის აზოტის" ყოფილი თანამშრომელია. მისი ბლოგი, გვერდზე, "ქალები საქართველოდან" რამდენიმე დღის წინ გამოქვენდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მე საინგილოდან ვარ წარმოშობით. პოლიტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე და გამანაწილეს აზოტის ქარხანაში. მაშინ მილიცია ძალით მაჩერებდა, ქარხანაში მუშაობა არავის უნდოდა, რადგან ჯანმრთელობისთვის მავნეა და ახლა პოლიცია ძალით მაგდებს იქედან…
34 წელი მისრულდება, რაც აზოტის ქარხანაში, სამმართველოს სოციალურ სამსახურში ვმუშაობ. ჩვენი სამსახურიდან დათხოვნა მოხდა ძალიან შეურაცხმყოფელი ფორმით – 330 ადამიანიდან, ზოგს წინა დღეს გვითხრეს, რომ გათავისუფლებული ვიყავით და მეორე დღეს სამსახურში აღარ უნდა მივსულიყავით, ზოგს არც კი უთხრეს და სამსახურში მისულებს საშვები დახვდათ გაუქმებული და სამსახურში ვეღარ შევიდნენ.
ცუდად გამოგვიშვეს, ძალიან ცუდად… გამოუშვეს ყველა – მამაკაცები, რომლებიც ერთადერთი მარჩენალები არიან ოჯახის, მარტოხელა დედები, ახალგაზრდები, ისე, რომ არანაირი კრიტერიუმი და არგუმენტი არ ვიცით რატომ შეგვამცირეს.
გვითხრეს მხოლოდ, რომ ჩვენი წარმოება იყო შ.პ.ს. აზოტი, რომელიც ახალმა მფლობელმა შეისყიდა და გახდა სააქციო საზოგადოება "აზოტი". მან მიიღო თანამშრმლების ნაწილი ვითომ, დანარჩენები არ ვიყავით საჭირო და არ მიგვიღეს.
სულ ვმუშაობდი. მახსოვს 90-იანებში, 7-8 თვე არ აგვიღია ქარხანაში ხელფასები, მაგრამ არ წამოვსულვართ. ტრანსპორტი არ იყო, არაფერი არ იყო და „კამაზით“ გვივლია, ფეხით გვივლია.. მივდიოდით, რომ ჩვენი საქმე გვეკეთებინა. გვიყვარდა ყველას და მე ეხლაც ძალიან მიყვარს აზოტის ქარხანა…
ჩვენი ეს აქციები პოლიტიკური არანაირად არ არის, მაგრამ მე ვეხები ჩვენს მთავრობას, როცა ამბობს, რომ ქარხანა კერძოა და ვერ შევა. ერთს ვეტყვი მათ – ერთი თვის მანძილზე, თუნდაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საშემოსავლო არ გადაუხადოს იმ ქარხანამ, არ ექნება რაიმე რეაგირება ამაზე?!
ასევე, თუ კერძოა, მთელი გარდაბნის, რუსთავის და მარნეულის პოლიცია რატომ ყავდა მობილიზებული სახელმწიფოს ჩვენი აქციების დროს, მას ხომ თავისი დაცვა ყავს?!
ცალკეული ადამიანების უფლებებები არაფერს ნიშნავს ამ სახელმწიფოში, აი, ეს განცდა მაქვს და მეტზე მაინცდამაინც გულდაწყვეტილი არ ვარ, როცა იქნება, ადამიანი სამუშაოდან ისედაც ხომ წამოვა…
ჩვენი მოთხვნაა, რომ დაგვაბრუნონ სამსახურში და თუ ვინმეს გათავისუფლება გახდება საჭირო, ღირსეულად გამოგვიშვან. აი, წინა დღეს რომ გეუბნებიან, წადი სამსახურიდან და ხვალე აღარ მოხვალო, ეს ძალიან ძნელია. სახლში ვერ ვამბობდი, იმდენად მიჭერდა ყელში რაღაც. თან მრცხვენოდა და მქონდა განცდა, რომ არავისთვის საჭირო აღარა ვარ.
რა თქმა უნდა, მატერიალურადაც ძალიან დავზარალდით. ამ წუთში, მე პირადად, არანაირი შემოსავალი არ მაქვს, არც საპენსიო ასაკში ვარ თან ჯერ. მაგალითად, წნევის მარეგულირებელ წამალს ვსვამ ყოველდღიურად და ძალიან მრცხვენია შვილებს ვუთხრა, მიყიდეთ-მეთქი. თავმოყვარეობაც მელახება თითქოს…
ჩვენი მთავარი მხარდამჭერები ამ ბრძოლაში არიან სტუდენტები და პროფკავშირები. ძალიან გვერდში გვიდგას რკინიგზის პროფკავშირი, ჭიათურა, ზესტაფონი, ქსნის მინის ქარხანა, ჩვენი მეტალურგიის პროფკავშირები… რუსთავში 17000 ადამიანი მეტალურგიაში მუშაობდა, 7000 ჩვენთან და ეხლა გამოვიდა უმუშევრების ქალაქი. მე ჯანდაბას, აღარ მინდა სამსახური, რადგან არ ვჭირდები მათ, მაგრამ სამსახურები არ არის არც ახალგაზრდებისთვის.
სტუდენტებიდან სულ ჩამოდიან „აუდიტორია 115“, ასევე, „ახალგაზრდა მწვანეები“ და სხვები. ეს ბავშვები რა ყოფილან! ნუ, ახლანდელი ახალგაზრდობა მე ყოველთვის უფრო მომწონს, ვიდრე ჩვენი თაობა, ნამდვილად. მომწონს მათი შემართება, ხედვა, განათლება, რა ვიცი, უფრო თამამები არიან, ჩვენთან შედარებით. ჩვენ დაკომპლექსებული ახალგაზრდები ვიყავით.
აზოტში ძალიან ღირსეული და განათლებული ხალხი მუშაობს. ამიტომ, ძალიან ღირსებაშელახულები და შეურაცხყოფილები ვართ. თან აზოტი ძალიან სპეციფიკური სტრუქტურაა, ასე არ შეიძლება ვიღაცის შეყვანა. ერთხელ იყო ახალ-ახლების შეყვანის მცდელობა და კინაღამ აფეთქდა იქაურობა. ძალიან საშიში ქარხანაა, ყველა და ყველაფერი ერთმანეთზეა აწყობილი. უნდა მიიყვანო ახალგაზრდები და ჯერ ასწავლონ, სულ ასე იყო…
რამდენიმე დღე გარეთ თოვლში და სიცივეში ისე ვიდექით, არავინ გამოვიდა ჩვენთან სასაუბროდ. გვაინტერესებს, რა მოხდა და რატომ არ უნდა მივიდეთ სამსახურში?! მე, პირადად, არაფერზე ხელი არ მომიწერია. ახლანდელი მფლობელი, ეფრემ ურუმაშვილი ამბობს, რომ სამი თვის კომპენსაციას გასცემს 500-500 ლარის ოდენობით, მაგრამ ესეც არ არსებობს არანაირი ოფიციალური დოკუმენტაციის სახით და მხოლოდ ზეპირი ნათქვამია.
კომპენსაცია ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე თვით ადრე გაგაფრთხილოს დამსაქმებელმა გათავისუფლების თაობაზე, რომ შენ შეძლო სხვა სამსახურის მოძებნა და არა ის, რაც ზეპირსიტყვიერად შემოგვთავაზეს. საბჭოთა დრო როგორ უნდა მოგვენატრს, ხო? გული მწყდება, არ უნდა მომენატროს, მაგრამ ისეთ პირობებს გვიქმნიან…
ერთი კვირის მერე დავაორგანიზეთ სანქცირებული გაფიცვა და იქ ჯერ კიდევ მომუშავე ადამიანებიც კი შემოგვიერთდნენ. არც ამ აქციაზე გამოგვეხმაურა არავინ და შესვლა გადავწყვიტეთ. იქედან დაცვა აწვებოდა, აქედან აქციის მონაწილეები და ავედით დირექტორის კაბინეტში. მან ვერაფრი გვითხრა. თან საინტერესო რა არის იცით? დაცვასთან დაუტოვიათ რაღაც ფურცლები, სადაც ეწერა, რომ ის 500-500 ლარი, რისი კომპენსაციის სახით გაცემაზეც საუბრობენ, მოწყვლად ჯგუფებს მიეცემა.
ეს „მოწყვლადი“ ხომ ძალიან გაუგებარი ტერმინია ჩვენს სიტუაციაში და დირექტორს ვეკითხები, რომ, მაგალითად, მე ვარ „მოწყვლადი“ თუ არა-თქო. არ იცოდა, ვერც ამაზე მიპასუხა. ჰო, მე არ ვიცი კაპიტალიზმია ეს თუ რა არის, რომ ხელფასები ჩვენ გვქონდა 250-300 ლარი, მაგრამ დირექტორებს, მოადგილეებს და სხვა მაღალი რგოლის მენეჯმენტს 50-60 ათასი?! ნუ, ამასაც არ განვიხილავდით და ამაზეც კი თანახმა ვიყავით ჩვენ.
მე მინდა დავანახოთ ჩვენს ხელმძღვანელობასაც და მთავრობასაც, რომ ასე აღარ უნდა მოიქცეს. ხელისუფლება რომ ამბობს, კერძოა და ვერ ჩავერევიო, რას ქვია?! ჩემი საშემოსავლოთი უხდის პოლიციას ფულს და მერე ეუბნება, რომ ჩემგან დაიცვას ის ბიზნესმენი?! არაფრით არ შეიძლება, რომ სახელმწიფომ თავის ხალხზე ასე ხელი აიღოს და ჩააბაროს ინვესტორს! არასოდეს ქუჩაში არ გავსულვარ, მაგრამ არ შეიძლება ადამიანებს ასე მოექცე. ამიტომაც, აქციიდან აქციაზე დავდივარ, რომ იქნებ ვინმეს რამე შევასმინოთ".
2017 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.
პოსტებში გამოთქმული აზრი ეკუთვნის რესპონდენტებს და არ უნდა იყოს გაგებული როგორც პროექტის ავტორებისა და დონორების ოფიციალური პოზიცია.
პ.ს. შეგახსენებთ, რომ ,,რუსთავის აზოტიდან" გათავისუფლებული მუშების საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა გრძელდება.
ისინი პასუხების მიღებას ამ დრომდე ცდილობენ კომპანიის ხელმძღვანელებისგან და „საქართველოს ბანკიდან“, რომელიც, მათი მტკიცებით, საწარმოს არაოფიციალური მფლობელია.
ამ ბრალდებებს ამ დრომდე უარყოფენ „საქართველოს ბანკში“ და აღნიშნავენ, რომ „რუსთავის აზოტთან“ კავშირი არ აქვთ.
რა ურთიერთობა აქვს „რუსთავის აზოტის“ ახალ მფლობელს „საქართველოს ბანკთან“ და როგორ გაიმარჯვა 2016 წლის 10 აგვისტოს რეგისტრირებულმა კომპანიამ აუქციონში, ამაზე მოგვიანებით, ჩვენს ჟურნალისტურ გამოძიებაში გიამბობთ.