ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ნათია ვაშალომიძის სარჩელი, რომლის მიხედვითაც ის იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილობას ითხოვდა, რომლითაც დასაშვები გახდა, ქალაქ ოზურგეთში, აპოლონ წულაძის ქუჩისა და ჭანტურიას ქუჩის დამაკავშირებელი ახალი ქუჩის გაჭრას, არ დააკმაყოფილა.
“მე გამოვითხე ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ინფორმაცია და დადასტურდა, რომ აღნიშნული პროექტი წარდგენილი იყო სამინისტროში, ასევე დადასტურდა საკრებულოზე საკითხის გატანა, რასაც საკრებულოს წევრების უმრავლესობა ადასტურებს.
ასევე ,უსაფუძვლოა მოთხოვნა, რომ პროექტის განხორციელებისას ზიანი მიადგა გარემოს, რადგან მხოლოდ ერთ ძირ მცენარეზეა საუბარი, რომელიც ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადაიტანეს.
ასევე, მართალია პარკს არ აქვს სამართლებრივი სტატუსი, თუმცა, ამით არაფერი არ შეცვლილა, მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ ისარგებლონ არსებული გარემოთი,“_ განაცხადა მოსამართლე ბიძინა სტურუამ გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
შეგახსენებთ, რომ მოსარჩელე ადმინისტრაციული აქტის ბათილობის საფუძვლად მიიჩნევდა, რომ გადაწყვეტილება არ ყოფილა მოწონებული საკრებულოს მიერ კანონით დადგენილი წესით. ამას გარდა, მოსარჩელე მხარე ქუჩის გაჭრამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მოითხოვდა.
ვაშალომიძის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციის _ “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ იურისტი ანანო ცინცაბაძე იცავდა.
ამავე თემაზე: ბეგლარ სიორიძე:“რაღაცა ჭირი გვჭირს და როგორმე უნდა მოვიშოროთ“ _ დაპირისპირება საკრებულოს სხდომაზე