საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დავით საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს.
ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა დოკუმენტაციასთან ერთად აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია: მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ ამავდროულად ხსენებულმა მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
„ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ მიღებული მიმართვებისა და სატელეფონო შეტყობინებების შესახებ წერილობით აცნობეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს. აღნიშნული ინფორმაცია და მასალები, როგორც აღინიშნა, შემდგომი რეაგირებისთვის გადმოგზავნილი იქნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოეგზავნათ უკრაინული მობილური ტელეფონის ნომრიდან“, _ აცხადებენ პროკურატურაში.
შენიშვნა: შინაარსის სანახავად დააკლიკეთ ფოტოზე