საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ეს არ არის კერძო ტელევიზია, რომ მფლობელმა გადაწყვეტილება თავის ნებაზე მიიღოს. ამის შესახებ განცხადება ვასილ მაღლაფერიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მაუწყებლის განვითარების ხედვა წარმოადგინა.
"ეს არ არის კერძო ტელევიზია, რომ მფლობელმა თავის ნებაზე მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ ახლა ვერ ვისაუბრებთ იმაზე, თუ შემდეგ რა გადაცემები გაიხსნება. ჩვენ პირველი ეტაპი გვაქვს გადასაწყვეტი. რა იქნება ერთი წლის შემდეგ, ეს არავინ არ იცის", – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
მაღლაფერიძის განცხადებით, მაუწყებლის ტექნიკური ბაზა და არქივი კატასტროფის წინაშეა.
"საზოგადოებამ უნდა დაიბრუნოს თავისი საზოგადოებრივი მაუწყებელი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს გეგმა ეგრევე დამტკიცდება. ჯერ ერთად უნდა დავფიქრდეთ, ეს ასეა? – ჩვენ გეუბნებით, რომ ეს ვითარებაა. მოდით, ვნახოთ რა გვჭირს. ჩვენ ვამბობთ რომ ვარდება რეიტინგი, ტექნიკური ბაზა და არქივი კატასტროფის წინაშეა. ახლა, ეს მსჯელობის საგანია. არავინ ამბობს, რომ ეს პირდაპირ გადაწყდება", – განაცხადა მაღლაფერიძემ.