შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, 1993 წელს დაბადებული გიორგი ჯ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში დანიშნული ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების საფუძველზე დადგინდა, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რომელსაც გიორგი ჯ. მართავდა, საპირისპირო ზოლში გადავიდა და შემხვედრი მიმართულებით მოძრავ „ოპელისა“ და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანებს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა „ოპელის“ მგზავრი სოფო ბ. და დაშავდა ოთხი ადამიანი.
საპატრულო პოლიციამ გიორგი ჯ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი, მე-3 და მე-5 ნაწილებით).