შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორად, მთავრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, კახა სამხარაძე დაინიშნა.
კახა სამხარაძე შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს და ასევე რეგიონის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ წარუდგინა.
ალავიძის განცხადებით, კახა სამხარაძე საკმაოდ განათლებული და გამოცდილი კადრია. მისივე თქმით, სამხარაძე მმართველი გუნდის წარმომადგენელია. იგი “ქართული ოცნებიდან“ რეგიონებს, კერძოდ კი, შიდა ქართლს, მცხეთა-მთიანეთს და სამცხე-ჯავახეთს კურირებდა. რეგიონული განვითარების მინისტრის განცხადებით, მთავრობა დარწმუნებულია, კახა სამხარაძე კარგად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.
რაც შეეხება ახალ გუბერნატორს, მისი განცხადებით, შიდა ქართლი საკმაოდ რთული რეგიონია იქედან გამომდინარე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, უამრავი დევნილი ცხოვრობს ამ რეგიონში და საკმაოდ ბევრი გეგმა აქვს განსახორციელებელი. რაც შეეხება პრიორიტეტებს, სამხარაძის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით, კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც არსებულ ვითარებას, მიმდინარე და დაგეგილ პროექტებს უფრო დეტალურად გაეცნობა.
კახა სამხარაძემ აღნიშნულ პოსტზე გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე შეცვალა. ოქრომელიძე 8 თვის განმავლობაში ასრულებდა გუბერნატორის მოვალეობას.