საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაითვალისწინა საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 28 დეკემბერს გაგზავნილი წინადადებები და არასრულწლოვნების სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ამასთან დაკავშირებით განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ერთი შემთხვევა, 15 წლის გოგონას მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტს და მის ადრეულ ქორწინებას უკავშირდება. სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნული შემთხვევის შესწავლა ანონიმური შეტყობინების საფუძველზე დაიწყო, რომლის მიხედვითაც 15 წლის თ.კ. ადრეულ ასაკში დაქორწინდა. საკითხის შესწავლისას გამოიკვეთა მშობლების მხრიდან უგულებელყოფა, ამასთან, გოგონას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის რისკის არსებობა.
„სამწუხაროდ, სახელმწიფო უწყებებმა არასრულწლოვანის მიმართ შესაძლო უფლებადარღვევის საქმე ამ შემთხვევაშიც ფორმალურად შეისწავლეს და არ გაატარეს ძალადობის იდენტიფიცირების და არასრულწლოვანის განმეორებითი ძალადობისგან დაცვის უზრუნველსაყოფი ღონისძიებები.
ასევე, გამოძიება დაიწყო სავარაუდო ტრეფიკინგის შემთხვევაზე, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა გოგონა არასრულწლოვანი ასაკიდან ცხოვრობდა არა ბიოლოგიურად ნათესავ ოჯახში, სადაც მას უწევდა საოჯახო საქმიანობის შესრულება ამასთან, სავარაუდოდ იყო სექსუალური ექსპლუატაციის მსხვერპლი.
სამწუხაროდ, სახალხო დამცველის ჩარევამდე შსს ტერიტორიულ ორგანოში და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ზედაპირულად შეისწავლეს არსებული მდგომარეობა და ყურადღების მიღმა დარჩათ სავარაუდო ძალადობის და სექსუალური ექსპლუატაციის ფაქტებზე მიმანიშნებელი ინფორმაცია.
საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს მთავარი პროკურატურის მხრიდან განხორციელებულ დროულ რეაგირებას, რაც ერთის მხრივ აღნიშნულ შემთხვევებზე რეაგირებაა, ხოლო მეორე მხრივ მსგავსი დანაშაულების პრევენციას შეუწყობს ხელს“, _ აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.