აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა, "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ დავით თარხან-მოურავმა გასულ წელს, ორი მსუბუქი ავტომობილი შეიძინა, რომელთა საერთო ღირებულება 36 000 დოლარია.
ამის შესახებ დავით თარხან-მოურავის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 2017 წლის 17 იანვარს შეავსო. დეკლარაციის თანახმად, მსუბუქი ავტომანქანა NISSAN ARMADA 17000 დოლარად, ხოლო TOYOTA SEQUOIA 19000 დოლარად შეუძენია. ორივე ავტომობილის 100,00%-იან წილს თავად თარხან-მოურავი ფლობს.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დასაწყისში NISAN ARMADA შეიძინა საქართველოს პარლამენტის წევრმა, "პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელმა მდივანმა ირმა ინაშვილმაც, თუმცა ინაშვილს ავტომანქანაში გაცილებით ნაკლები, 14 000 დოლარი აქვს გადახდილი. ამის შესახებ ინაშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული.
რაც შეეხება დავით თარხან-მოურავის სხვა ქონებას, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მას სხვა უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. დეკლარაციის შევსების მომენტში კი, დავით თარხან-მოურავს საკუთარი დანაზოგი 12000 დოლარი ჰქონდა, ხოლო "თი–ბი–სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 2613,45 (-) ლარი ერიცხებოდა. დეკლარაციაში მითითებული არ არის რამდენი იყო დავით თარხან-მოურავის მიერ გასულ წელს მიღებული შემოსავალი.
ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ დავით თარხან-მოურავი ან მისი ოჯახის წევრები არ მონაწილეობენ სამეწარმეო საქმიანობაში. ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებსა და ძვირადღირებულ ნივთებს. გასული წლის განმავლობაში ფასიანი საჩუქრებიც არ მიუღიათ.