საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო ფრაქციის – „ნაციონალური მოძრაობა“ რეგისტრაციის საკითხი განიხილა.
ფრაქციის შექმნისა და რეგისტრაციის თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარისადმი მიმართულ განცხადებაში ფრაქციის შემადგენლობა შემდეგი სახითაა წარმოდგენილი: რომან გოცირიძე – ფრაქციის თავმჯდომარე; სალომე სამადაშვილი – ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე; თინათინ ბოკუჩავა – ფრაქციის მდივანი; ნიკანორ მელია – ფრაქციის წევრი; კობა ნაყოფია – ფრაქციის წევრი; აზერ სულეიმანოვი – ფრაქციის წევრი.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა აღნიშნა, განცხადებას ერთვის ფრაქციის სხდომის ოქმი, ფრაქციის წესდება და პოლიტიკური პლატფორმა. გარდა ამისა, წარმოდგენილია ზემოჩამოთვლილი დეპუტატების განცხადებები საპარლამენტო ფრაქციის „ევროპული საქართველო – უკეთესი მომავლისათვის“ წევრობიდან გასვლის თაობაზე.
დოკუმენტებს შორის არის, ასევე, ააიპ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს 2017 წლის 13 იანვარს №1 სხდომის ოქმის ამონაწერი, რომლითაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს – დავით ბაქრაძეს, ირაკლი აბესაძეს, სერგო რატიანს, გიორგი კანდელაკს, ლელა ქებურიას, აკაკი ბობოხიძეს, გიორგი ბოკერიას, ირმა ნადირაშვილს, მამუკა ჩიქოვანს, ზურაბ ჭიაბერაშვილს, ლაშა დამენიას, ხათუნა გოგორიშვილს, თენგიზ გუნავას, ზაზა კედელაშვილს, გიორგი წერეთელს და გიორგი ღვინიაშვილს 2017 წლის 12 იანვრიდან შეუწყდათ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრობა“ და, იმავდროულად, პარტიაში დაკავებული თანამდებობები.
კომიტეტი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება “საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” მოთხოვნებს ახალი ფრაქციის დასარეგისტრირებლად. კომიტეტის მიერ მომზადებული დასკვნა ბიუროს წარედგინება.