„ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მანანა კობახიძის კანდიდატურის წარდგენას მიესალმება ჯონი ხეცურიანი. ყოფილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თვლის, რომ კობახიძეს ისეთი მონაცემები გააჩნია, რომ ის ობიექტური მოსამართლე იქნება, თუმცა ყველაფერს დრო გამოაჩენს.
”იქნება თუ არა მიკერძოებული, ამას გამოაჩენს თავად მისი მუშაობა. ზოგადად, კარგი იურისტია, თანამშრომლობდა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, როცა არასამთავრობო სექტორში საქმიანობდა – სარჩელები შემოუტანია ჩვენთან, საკონსტიტუციო სასამართლოში და რამდენიმე დაკმაყოფილდა კიდეც. ასევე, იცნობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. ამის გათვალისწინებით, ამ სფეროში აქვს გარკვეული გამოცდილება. დანაჩენს დრო გვაჩვენებს”, – განაცხადა ჯონი ხეცურიანმა.
საპარლამენტო უმრავლეობის ერთ-ერთ ლიდერს გია ვოლსკის მიაჩნია, რომ ეს კარგი არჩევანია, რადგან მანანა კობახიძე ყოველთვის სამართლის და სამართლიანობის მხარეს იდგა.
“მანანა კობახიძე ყოველთვის სამართლისა და სამართლიანობის მხარეს იდგა, მაშინ როდესაც ის არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, იყო ადვოკატი და იყო პარლამენტის წევრი. დარწუნებული ვარ, მომავალშიც მისი მთავარი პრინციპი ეს იქნება – იყოს სამართლის, სამართლიანობისა და კანონის სამსახურში. ეს არის ამოსავალი, რომლის საფუძველზეც ჩვენ მანანა კობახიძის კანდიდატურაზე შევჯერდით“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.