საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის აპრილის გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ სუს-ს გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა სასამართლოსა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით, განახორციელოს ფარული მიყურადება, _ ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც 2013 წლიდან საქართველოში ფარული მიყურადების რეგულირებას ეხება.
ეს ინფორმაცია არის IDFI-ის მიერ მომზადებული ანგარიშის შეჯამება, რომელიც ეხება 2013 წლიდან საქართველოში ფარული მიყურადების რეგულირებას. შეჯამება ასახავს ამ მიმართულებით მომხდარ უახლეს მოვლენებს (აპრილი-დეკემბერი, 2016). სრული ანგარიში ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე ტექსტის ბოლოს თანდართული დოკუმენტის (პდფ ვერსია) სახით.
უახლესი გამოკითხვები აჩვენებს, რომ საზოგადოებრივი აზრი ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით 2013 წლის შემდეგ დიდად არ შეცვლილა და საზოგადოებაში კვლავ არსებობს იმის განცდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები არაკანონიერად იყენებენ ფარული მიყურადების ტექნიკურ საშუალებებს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული უკანონო მიყურადების საქმეების გამოძიებაში, 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების გაგრძელებამ გააძლიერა ეჭვი, რომ გრძელდება უკანონო თვალთვალის სისტემური პრაქტიკა, რომ ხელისუფლებას არ სურს საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვა და რომ ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს ეფექტური რეფორმა.
2014 წლის დეკემბრიდან დაიწყო რეფორმა, რომლის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) გამოეყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს), რომელსაც დაეკისრა უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის ფუნქციების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების 2012 წლის წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, სუს-ის უფლებამოსილება უნდა შემოფარგლულიყო დაზვერვითი და ანალიტიკური საქმიანობით, მას მაინც მიენიჭა საგამოძიებო და საპოლიციო უფლებამოსილებები. რეფორმამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკა დაიმსახურა შსს-სა და სუს-ს შორის ფუნქციების პოტენციური დუბლირების, აგრეთვე ახლადშექმნილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე სამოქალაქო თუ საპარლამენტო კონტროლის განხორციელების შეზღუდული რესურსის გამო.
2015 წლის 31 მარტს ამოქმედდა მიყურადების ე. წ. „ორგასაღებიანი“ სისტემა, რომლის მიხედვითაც, მიყურადების განსახორციელებლად სამართალდამცავ ორგანოებს სასამართლო ნებართვის გარდა სჭირდება ელექტრონული ნებართვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან. ინსპექტორის ინსტიტუტისადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობიდან გამომდინარე, ახალი სისტემა დადებითად შეიძლება შეფასდეს. თუმცა, როგორც გაირკვა, ორგასაღებიანი სისტემის არსებობა მაინც ვერ უზრუნველყოფს უკანონო მიყურადების სრულფასოვან პრევენციას, რადგან ძალოვან უწყებებს კვლავ დარჩათ ტექნიკური შესაძლებლობა სასამართლოსა და ინსპექტორის გვერდის ავლით განახორციელონ ფარული მიყურადება.
2016 წლის აპრილში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სუს-ის ტექნიკური წვდომა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან, რაც იძლევა კომუნიკაციის შეუზღუდავი მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას. გადაწყვეტილების მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმს ინტერნეტსივრცეში ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების პროცესზე. ერთადერთი ბერკეტი, რაც ამ შემთხვევაში გააჩნია პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს, არის მონაცემთა დამმუშავებლის/უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა 2017 წლის 31 მარტი, როგორც ბოლო ვადა იმისთვის, რომ გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები და მომზადდეს ახალი სისტემისთვის საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ბაზა. ამ მიზნით, კამპანია „ეს შენ გეხებაში“ მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მოამზადეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობდა სამი ახალი ინსტიტუტის შექმნას: 1. თვალთვალის სპეციალური სააგენტო; 2. საპარლამენტო საზედამხედველო საბჭო; 3. დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. უნდა გაზრდილიყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საზედამხედველო უფლებამოსილებები ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით. თუმცა, კანონპროექტის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ინიცირება ვერ მოხერხდა.
ამავე დროს, ორგასაღებიანი სისტემა ვერ უზრუნველყოფს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე სრულყოფილ სასამართლო კონტროლს, რადგან სამართალდამცავ ორგანოებს კვლავ დარჩათ შესაძლებლობა განახორციელონ კონტრდაზვერვითი ან საიდუმლო საგამოძიებო საქმიანობები (როგორიცაა საიდუმლო აუდიო ან ვიდეო ჩაწერა, ვიდეო ან ფოტოგადაღება ა.შ.) სასამართლოს ნებართვის გარეშე; აგრეთვე, კონტრდაზვერვითი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, მათ აქვთ უფლება განახორციელონ ელექტრონული კავშირის ერთი მონაწილის წერილობითი თანხმობით. აღნიშნულ საკითხზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა 2015 წლის 16 ნოემბერს.
ფარული მიყურადების ოფიციალური სტატისტიკა
ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკური მონაცემების პროაქტიული გამოქვეყნება მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამართალდამცავ ორგანოებსა და სასამართლო სისტემაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელებაში, ასევე ამ სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებაში. ამ მხრივ, დადებითი მოვლენა იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, პროაქტიულად გამოქვეყნდეს მონაცემები სატელეფონო საუბრის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე განხილული შუამდგომლობების რაოდენობის შესახებ. ესვალდებულებაწარმოადგენდა IDFI-ისადასხვაარასამთავრობოორგანიზაციებისმიერ„ღიამმართველობისპარტნიორობის“ (OGP) სამოქმედოგეგმისფარგლებშიშემუშავებულრეკომენდაციას. ამავდროულად, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2014 წლის 1 აგვისტოდან უზენაესმა სასამართლომ ასევე დაიწყო ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრისპროაქტიულად გამოქვეყნებაც.
გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოებში სატელეფონო მიყურადებასთან დაკავშირებით წარდგენილი შუამდგომლობების რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. კერძოდ, 2011 წელს მათი რაოდენობა 7,000-ზე მეტი იყო (მხოლოდ პროკურატურის), ხოლო 2015 წელს – 400-ზე ნაკლები (ჯამურად ყველა საგამოძიებო ორგანოსი ერთად). სტატისტიკის მიხედვით, ასევე შემცირდა სასამართლოების მიერ დაკმაყოფილებული შუამდგომლობების პროცენტული წილი. კერძოდ, 2011-2012 წლებში სასამართლოების მიერ დაკმაყოფილდა წარდგენილი შუამდგომლობების თითქმის 100%, ხოლო უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სასამართლო აკმაყოფილებს – დაყენებული შუამდგომლობების არაუმეტეს 84%.
გარდა ამისა, 2015 წლიდან პროაქტიულად გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მოცემულია მონაცემები სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადის გაგრძელების რაოდენობის შესახებ. 2015 წელს სატელეფონო მიყურადების ვადის გაგრძელების შესახებ სულ 85 შუამდგომლობა იქნა განხილული, მათგან სრულად დაკმაყოფილდა 72, ნაწილობრივ კი 9, არ დაკმაყოფილებულა მხოლოდ 4 მოთხოვნა.შედეგად, მიყურადებისა და ჩაწერის გაგრძელებაზე მოთხოვნების დაკმაყოფილების პროცენტი 95%-ს შეადგენდა.
2016 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, სატელეფონო მიყურადების ვადის გაგრძელების შესახებ სულ განიხილეს 150 შუამდგომლობა, მათგან სრულად დაკმაყოფილდა 137 და ნაწილობრივ 5. დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების რაოდენობამ კი რვა შეადგინა. მოთხოვნათა დაკმაყოფილების წილმა კვლავაც 95% შეადგინა.
ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის 2016 წლის სრული მონაცემები ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ, სადაც გაერთიანებულია როგორც სატელეფონო მიყურადებაზე, ისე სხვა ფარული მოქმედებების შესახებ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები. 2015 წლის მონაცემებით საქართველოს საქალაქო/რაიონულ სასამართლოებში სულ შევიდა 2,719 შუამდგომლობის მოთხოვნა, რომელთაგანაც განიხილეს 2,693. საბოლოო ჯამში სრულად დაკმაყოფილდა 2,098 და ნაწილობრივ 251 მოთხოვნა. შუამდგომლობის მოთხოვნას უარი მხოლოდ 344 შემთხვევაში ეთქვა.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის აპრილის გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ სუს-ს გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა სასამართლოსა და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის გვერდის ავლით, განახორციელოს ფარული მიყურადება. შესაბამისად, შესაძლოა პროაქტიულად გამოქვეყნებული მონაცემები, სრულად ვერ ასახავდეს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ რეალურ მდგომარეობას.
მიმდინარე პროცესების შეჯამება
2016 წლის დეკემბრის მდგომარეობით შემდეგი პროცესები მიმდინარეობს ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით:
– საზოგადოებრივი აზრი მიყურადებასთან დაკავშირებით 2013 წლის შემდეგ კარდინალურად არ შეცვლილა. კვლავ არსებობს განცდა, რომ სამართალდამცავი ორგანოები არაკანონიერად იყენებენ ფარული მოსმენების ტექნიკურ საშუალებებს.
– გრძელდება გამოძიება უკანონო მიყურადების საქმეებზე. უშიშროებისა და პოლიციის რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი დაკავებულია, თუმცა ისინი უარყოფენ დანაშაულს. გამოძიების საბოლოო შედეგები საზოგადოებისთვის უცნობია.
– 2012 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდგომ განხორციელებული ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც დაფიქსირდა უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების ახალი შემთხვევები, რამაც გააძლიერა ეჭვი, რომ გრძელდება უკანონო თვალთვალის სისტემური პრაქტიკა, რომ ხელისუფლებას არ სურს საკუთარი ძალაუფლების შეზღუდვა და რომ ამ მიმართულებით არ მიმდინარეობს ეფექტური და ყოვლისმომცველი რეფორმა.
– შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) რეფორმამ დაიმსახურა კრიტიკა შსს-სა და ახლად შექმნილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ფუნქციების პოტენციური დუბლირების გამო.
– ფარული მიყურადების ორგასაღებიანი სისტემა, რომელიც უკვე 1.5 წელია ფუნქციონირებს, დადებითად შეიძლება შეფასდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის გამო. თუმცა, ამ სისტემის მდგრადობა და ეფექტიანობა მეტწილად დამოკიდებული იქნება შემდგომ ინსტიტუციონალურ რეფორმაზე.
– 2016 წლის აპრილში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სუს-ის ტექნიკური წვდომა სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებთან, რაც იძლევა კომუნიკაციის შეუზღუდავი მონიტორინგისა და მონაცემთა შეგროვების შესაძლებლობას. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ორგასაღებიანი სისტემის არსებობა ვერ უზრუნველყოფს სასამართლოსა და ინსპექტორის გვერდის ავლით უკანონო მიყურადების განხორციელების აღკვეთის ეფექტურ მექანიზმს. აქედან გამომდინარე, საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები.
– საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა 2017 წლის 31 მარტი, როგორც ბოლო ვადა იმისთვის, რომ გატარდეს ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები და მომზადდეს ახალი სისტემისთვის საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ბაზა. ამ მიზნით, კამპანია „ეს შენ გეხება”-ში მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მოამზადეს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. თუმცა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მისი ინიცირება ვერ მოხერხდა.
– უზენაესი სასამართლო აგრძელებს ფარული მიყურადების შესახებ სტატისტიკის პროაქტიულად გამოქვეყნებას. ეს პრაქტიკა დაინერგა, როგორც „ღიამმართველობისპარტნიორობის“ (OGP) სამოქმედოგეგმისფარგლებშიაღებული ვალდებულება (IDFI-ისა და სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციის საფუძველზე).
რას შეიძლება ველოდოთ ფარული მიყურადების რეგულირებასთან მიმართებით:
– საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს 3 თვეზე ნაკლები დარჩათ იმისთვის, რომ აღასრულონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და მოამზადონ ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები. ამ დროისთვის უცნობია, რა ფორმით მოხდება სამოქალაქო საზოგადოების მიერ შემუშავებული წინადადებებისა და რეკომენდაციები გათვალისწინება პარლამენტში.
– 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ დააგროვა საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაქმნელად საკმარისი მანდატები, რაც გულისხმობს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა გაატაროს ფარული მიყურადების ფუნდამენტური რეფორმა, რაც შეუძლებელია ძალოვან სტრუქტურებზე ეფექტური კონტროლის სისტემის შექმნისა და საკუთარი ძალაუფლების გარკვეული შეზღუდვის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში, ხელისუფლება ვერ შეძლებს უკანონო მიყურადების პრევენციის რეალური სისტემის ჩამოყალიბებას, საზოგადოებაში გამყარდება მოსაზრება, რომ გადაწყვეტილების მიმღებებს არ გააჩნიათ ცვლილებების განხორციელების საკმარისი პოლიტიკური ნება, _ ნათქვამია განცხადებაში.