ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებას, რომ "ნაცმოძრაობა" თვის ბოლოდან ქუჩის აქციებს და არეულობებს იწყებს, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შესაძლებელია „გაზპრომთან“ დაკავშირებულ აქციებს, ფასების ზრდასთან დაკავშირებული პროტესტიც მიემატოს, თუმცა მოსახლეობა „ნაციონალებს“ ქუჩაში მაინც არ გაჰყვება.
„როცა მოსახლეობა დაინახავს, რომ ამ პროტესტის ინიციატორი "ნაციონალები" არიან, ეს ბარიერი იქნება იმისთვის, რომ ამ საპროტესტო ტალღამ მასშტაბები გაზარდოს. "ნაციონალების" ეთიკიდან და წარსულიდან გამომდინარე, რეალურია, ამ პარტიას დესტაბილიზაციის გეგმა ჰქონდეს და საზოგადოებას არ უნდა დაავიწყდეს ის, თუ როგორ მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში და ეს სწორედ მიტინგებით და რევოლუციით მოხდა. ამას პლუს ისიც, რომ გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისას ითქვა, რომ ეს პარტია გეგმავდა აქციებსა და პროვოკაციებს და ამაზე არაერთი ჩანაწერიც გავრცელდა იგივე ე.წ. უკრაინულ ვიკილიქსზეც. ამ ყველაფერს ასევე ემატება ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" უთანხმოების და შემდეგ საბოლოო გაყოფის მთავარი მიზეზიც ის იყო, რომ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ ქუჩის აქციებს გეგმავდა, მეორე ნაწილი კი ამას ეწინააღმდეგებოდა", _ განმარტავს „რეზონანსთან“ საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
პოლიტოლოგის აზრით, უკრაინასა და საქართველოში გავრცელებულ გაუგებარ ჩანაწერებს არეულობის შესახებ, სააკაშვილის ღია განცხადებებიც ემატებოდა და მა ვერსიას ის თავად ამყარებდა და არ არის გამორიცხული, ენმ-ს დარჩენილი გუდი აქციის მეთოდებზე გადავიდეს.
"სააკაშვილის ეს მოთხოვნა აქციებზე ხომ ღია იყო და ვარაუდი არ არის? მეორე მხრივ, ასევე ვნახეთ გაუგებარი წარმოშობის ჩანაწერები უკრაინიდან, რომელშიც არეულობაზეა ლაპარაკი. როცა ეს ყველაფერი ლოგიკურად ერწყმის ერთმანეთს, იქ შთაბეჭდილება გრჩება, რომ არეულობის გეგმაზე საუბარს რეალური საფუძველი ჰქონდა. სააკაშვილი ღიად მოუწოდებდა პარტიას ქუჩაში გამოსულიყვნენ, რაც ნიშნავს საპროტესტო აქციებს და ამით გამოწვეულ დესტაბილიზაციას. დესტაბილიზაციის ვერსიას თავად სააკაშვილი ამყარებს. "ნაციონალებში" დარჩენილი გუნდი აქციების მეთოდებზე აუცილებლად გადავა", _ აცხადებს საყვარელიძე.