ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების თანახმად, საზოგადოება თვლის, რომ პარლამენტში პარტიის მორჩლი და ნების აღსრულებელი პარლამენტარები სხედან. გამოკითხულთა უმრავლესობა – 65 % მოელის, რომ პარლამენტის წევრი იმას გააკეთებს, რასაც პარტია ეტყვის.
56 %-ის აზრით, პარლამენტის წევრი აქტიური იქნება. 48 % აცხადებს, რომ ის მხოლოდ თავის ინტერესებს დაიცავს . ასევე 48 % მიიჩნევს, რომ დეპუტატი მის ინტერესებს დაიცავს.
NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33 %-მა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში.
კითხვაზე _ ვინ არის თქვენი მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში? _ 65 %-მა იმ გამოკითხულებიდან, ვინც მონაწილეობა მიიღო 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, სწორი პასუხი გასცა, 8% _ არასწორი, ხოლო 25%-მა უპასუხა, რომ არ იცის. გამოკითხულთა 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, საზოგადოების 40 % აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. გამოკითხულთა 22 %-ის თქმით, მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია არ დგას.
ამასთან, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, გამოკითხულთა 10% „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 3% _ „პატრიოტთა ალიანსს“ და ასევე 3% „თავისუფალ დემოკრატებს“.
NDI-ს მიერ გამოკითხულთა 42% ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი უკეთესად იმუშავებს, ვიდრე წინა პარლამენტი. გამოკითხულთა 30%-ის აზრით, ახალი პარლამენტის მუშაობა იგივე იქნება, ხოლო 8% ფიქრობს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი უარესად იმუშავებს, ვიდრე _ წინა.
NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერი-4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±1.8%-ია.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC-საქართველო ატარებს.