საზოგადოებრივი მოძრაობა "ხალხის ხმის" ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ნიკა მემანიშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
როგორც მემანიშვილი სოციალურ ქსელში წერს, "პროსტიტუციის კერებს მფარველობენ გარკვეული მაღალჩინოსნები, ამ მფარველობის სანაცვლოდ მილიონებს იდებენ ჯიბეში".
"მორიგი პოპულისტური განცხადება მოვისმინეთ მთავრობის მეთაურისგან. პროსტიტუციის კერებთან დაკავშირებით. ეს არის იაფფასიანი ქმედება ერთჯერადი პროპაგანდისტული შეფასება, რომელსაც არ მოყვება შესატყვისი რეაგირება, ასეთი ინიციატივები მიზნად ისახავს მხოლოდ ყურადღების გადატანას სხვა უამრავი პრობლემიდან და რეალურად საზოგადოების თვალში ნაცრის შეყრას წარმოადგენს. სიმართლე ის გახლავთ, რომ პროსტიტუციის კერებს მფარველობენ გარკვეული მაღალჩინოსნები, ამ მფარველობის სანაცვლოდ მილიონებს იდებენ ჯიბეში. ასე რომ ამ სისტემას არა ფუჭი განცხადებების კეთება, არამედ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უნდა, რომელიც რეალურად მოაგვარებს აღნიშნულ პრობლემას. სამწუხაროდ, ეს მორიგი პიარ განცხადებაა. ამ განცხადებით ეცადნენ გადაეფარათ გაზპრომთან გაფორმებული მოღალატეობრივი ხელშეკრულება.
მხოლოდ პრემიერის მიერ მითითებულ ადგილზე არ არის მსგავსი მდგომარეობა, ჩვენი დედაქალაქის ცენტრში მრავალი ასეთ დაწესებულებაა, სადაც არასრულწლოვან გოგო–ბიჭებს აიძულებენ ჩაერთნონ პროსტიტუციაში.
რამდენიმე თვის წინ გავმართეთ აქცია, სადაც გავაჟღერეთ მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სამწუხაროდ არც ტელევიზიებს და არც ოფიციალურ უწყებებს ინფორმაციის გადამოწმებაც კი არ უცდიათ, ეხლა როდესაც პრემიერმა გააკეთა განცხადება, სამი დღე ეკრანებიდან არ გავა ეს თემა. მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ როგორც თავში ვთქვი ეს ეგრედწოდებული ,,შემოგდებული თემაა" რომლის მთვარი მიზანიც ყურადღების გადატანის მცდელობაა უამრავი პრობლემიდან ასეთ საკითხებზე. ისეთივე როგორც მაგალითდ სუსისგან დაფინანსებულ–მართული გირჩის მიერ მარიხუანის დეკრიმინალიზაციის თემა.
აღდგომა და ხვალეო… თავად ნახავთ, რომ ასე იქნება…
კიდევ ერთელ ვიმეორებ, კონკრეტული კლანები და მაღალჩინოსნები მფარველობენ ამ ბიზნესს.
ციკლიდან, პოლიტიკური ზღაპრების ქვეყანა…", _ წერს მემანიშვილი საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე "რესპუბლიკის მოედანზე" მდებარე კლუბებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოედანის ქვეშ მდებარე ბარების მთავარი პრობლემა პროსტიტუციაა.
"იქ ხდება ქართველი, არასრულწლოვანი გოგონების ჩართვა პროსტიტუციაში" _ განაცხადა კვირიკაშვილმა.