ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის წესი აღავლინა, შენდობა ითხოვა და შენდობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საკვირველია ადამიანი როგორ იტევს, იტანს თავის თავში ამდენ სიკეთეს და ბოროტებას, ამდენ სიხარულს და ამდენ მწუხარებას, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ სიკეთე მუდამ გამარჯვებული იქნება, მუდამ დათრგუნული იქნება ბოროტება და სამწუხაროა, რომ ჩვენ ვხედავთ მწუხარებას იმ ადამიანებისაგან, რომელთაც სიკეთეს ვუკეთებთ და ვზრუნავთ.
მადლობა ღმერთს, რომ ღმერთი გვაძლევს მოთმინებას.
ადამიანი კეთილია წარმოშობით და თავისი ბუნებით. ადამიანი ხატია ღვთისა, მაგრამ არის დიდი ბრძოლა ადამიანში.
მან უნდა აირჩიოს თავისი ადგილი ამ ბრძოლის დროს. ღმერთი არ სჯის ადამიანს , ხშირად ადამიანი სჯის თავის თავს.
ხშირად მითქვამს, ჯერ კიდევ სიცოცხლის დროს ადამიანი ირჩევს მარცხნივ დადგება თუ მარჯვნივ.
ადამიანმა ჯერ კიდევ დედამიწაზე უნდა აირჩიოს თავისი ადგილი. საქართველო წილხვედრია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა. არ უნდა გაგვიტყდეს იმედი, იმედი ღვთისა, ადამიანისა და მომავლისა” _ ბრძანა პატრიარქმა.
მისივე თქმით, “დიდი მარხვის წინ ჩვენ ღრმად ვუყურებთ ჩვენს გულს, გონებას და სულს”:
“ვხედავთ, რომ მრავალი ცოდვა ჩაგვიდენია, ან როგორ ვიტანთ ამდენ ცოდვას, ამდენ განსაცდელს, მაგრამ ღმერთი გვაძლევს იმედს და მოთმინებას.
შევთხოვ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს ძალა, მადლი, სიყვარული, სიხარული, რომ განსაცდელის დროს არ დავეცეთ მიწაზე, რომ განსაცდელის დროს უფალი მოვიდეს და გვიშველოს ჩვენ წინსვლაში.
არ შეგეშინდეთ ღმერთი ჩვენთან არის, შეგვეწევა, ბოროტი დაითრგუნება.
ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ ბოროტებისაგან. დღეს, როცა მადლი ღვთისა უხვად გადმოდის ჩვენზე, ჩვენ შევთხოვთ უფალს შეგვინდოს ცოდვა და მე, ცოდვილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შეგთხოვთ, რომ აღავლინოთ ლოცვა ღვთის წინაშე”,- ბრძანა პატრიარქმა.