შსს-მ ლომბარდებიდან უსაბუთოდ ჩაბარებული მობილური ტელეფონები და სხვადასხვა ტექნიკა ამოიღო, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტოდან აცნობეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-სარგებლობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში მდებარე ლომბარდებში ჩხრეკა ჩაატარეს.
გამოძიებით ამ ეტაპზე დადგინდა, რომ აღნიშნულ ლომბარდებში სხვადასხვა სახის ტექნიკას და მობილურ ტელეფონებს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იბარებდნენ. სამართალდამცველებმა, ლომბარდებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, მობილური ტელეფონები, ტელევიზორები და სხვადასხვა სახის ტექნიკა ამოიღეს.
გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც რაიმე სახის შეხება გააჩნია ამოღებულ ნივთებთან და დადგინდება ინფორმაცია მათი წარმომავლობისა და მესაკუთრეების შესახებ.
პარალელურად, განხორციელდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.
გამოძიება წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა-სარგებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)”, _ ნათქვამია შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.