მცირე ერების მჩაგვრელმა რუსეთმა საქართველოს ხელმეორედ დაადგა კისერზე ისეთი მძიმე და სამარცხვინო მონობის უღელი, რომლის მსგავსი მას არ განუცდია თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
ოკუპანტები, მართალია, ლამობენ შინ და გარეთ დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად გრძნობს თავს ქართველი ერი, ეს ყველაზე უკეთ ვუწყი მე, მისმა სულიერმა მამამ და დღესდღეობით, ერთადერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები, რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება.
თამამად და გაუზვიადებლად ვამბობ, რომ ის ყოვლად შეუფერებელი ექსპერიმენტები, რომელსაც უკანასკნელ წლებში ახდენენ ქართველი ერის ზურგზე, აუცილებლად მიიყვანს მას ფიზიკური გადაშენების, სულიერი გაველურებისა და გახრწნის კარამდე.
ერს ართმევენ მამა-პაპათა სისხლითა და ძვლებით გაპოხიერებულ მიწა-წყალს, რომელსაც უცხოეთიდან შემოხიზნულთ ურიგებენ. მათი წყალობით, ისედაც გაღატაკებულ ერს პირიდან ჰგლეჯენ მისი სისხლით და ოფლით მორწყულ სარჩოს და გაუგებარი სიჩქარით იმავე უცხოეთში მიეზიდებიან. ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, მას უბილწავენ მამა-პაპურ ეროვნულ კულტურას. დასასრულ, მას უბღალავენ წმიდათაწმიდა სარწმუნოებრივ გრძნობას და სინდისის თავისუფლების დროშის ქვეშ ნებას არ აძლევენ, თავისუფლად დაიკმაყოფილოს რელიგიური მოთხოვნილება.
მისი სამღვდელოება უკიდურესად დევნილია. მისი ეკლესია, ეს ძველისძველათვე ფაქტორი საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრივი ამაღლებისა და ძლიერებისა, დღეს უფლება აყრილია იმდენად, რომ ნებაც კი არა აქვს თავისი შრომით, გარჯილობით და უნარით მოიპოვოს მუდმივი სახსარი არსებობისა.
ერთი სიტყვით, ერი კვნესის, ერი გმინავს, მაგრამ საშუალება არა აქვს ხმის ამოღებისა. ამ პირობებში ჩემს მწყემსმთავრულ მოვალეობად ვრაცხ, კულტურული კაცობრიობის გასაგონად ვთქვა: მე, როგორც ეკლესიის წარმომადგენელი, არ შევდივარ პოლიტიკური ცხოვრების სხვადასხვა ფორმების დაფასებასა და რეგლამენტაციაში, მაგრამ არ შემიძლია არ ვისურვო ჩემი ერისათვის ისეთი წყობილება, რომელიც შედარებით უფრო მეტად შეუწყობს ხელს მის ფიზიკურ აღორძინებას და კულტურულად განვითარებას, ამიტომ ვითხოვ:
1) დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნას საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნას მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშობისა და მძლავრება-მიტაცებისაგან;
2) საშუალება მიეცეს ქართველ ერს თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლად და უკარნახოდ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშაოს ისეთი ფორმები სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორიც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებასა და ეროვნულ კულტურას შეესაბამება.
სრული იმედი მაქვს, რომ მაღალპატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულებელყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნილებას, დღეს ჩემი პირით წარმოთქმულს, და დაიხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებიდან.
კურთხევა უფლისა იყოს თქვენ ზედა და თქვენს კეთილშობილურ მისწრაფებასა და მუშაობაზე.
მდაბალი ამბროსი,
პატრიარქი სრულიად საქართველოისა”.