ბათუმში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ქვებს ესვრიან.
შსს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადების გავრცელებას გეგმავს.
ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან ამ წუთებში აქცია იმართება. აქ შეკრებილები დღეს, ბათუმში დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები თანამდებობიდან აჭარის საპატრულო პოლიციის ახალი უფროსის კახა ბუხრაძის გადაყენებასაც მოითხოვენ.
მათი განცხადებით, სწორედ ბუხრაძის დანიშვნის შემდეგ ქალაქში მძღოლების მიზანმიმართული დაჯარიმება დაიწყო. კ
ახა ბუხრაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად მიმდინარე წლის იანვარში დაინიშნა.
თავდაპირველად, „ბათუმი პლაზასთან“ ადგილობრივებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დააკავეს.
საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საპატრულო პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქე მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რის შემდეგაც აღნიშნულმა მძღოლმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, მას გამოესარჩლა მეორე მოქალაქე და ორივე მათგანი ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აღნიშნულ ფაქტს ბათუმში ხალხმრავალი აქცია მოჰყვა, რომელიც რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ,
საპატრულო პოლიცია მოქალაქეებს უსაფუძვლოდ აჯარიმებს. მოქალაქეების თქმით,ბოლო პერიოდში, სამართალდამცავები ზედმეტად აგრესიულად იქცევიან, რაც
მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ, ბათუმის პოლიციის ხელმძღვანელობა შეიცვალა.