ამერიკული მედიაორგანიზაცია THE NPR.ORG საქართველოსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონს, სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. საზღვრისპირა ვითარებასა და სოფლის მაცხოვრებლების შესახებ სტატიას აქვეყნებს, რის თარგმანსაც „გურია ნიუსი“ გთავაზობთ.
როგორც მაუწყებელი წერს, ბოლო წლებში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიაზე დიდი ყურადღებაა გამახვილებული, მაგრამ უკრაინა არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც რუსეთი ეთნიკურ კონფლიქტებს და საზღვრების გასწვრივ მდებარე სადავო ტერიტორიებს თავის სასარგებლოდ იყენებს.
მაუწყებლის ცნობით, კავკასიის მთებში რუსეთი სტაბილურად აშენებს, ახალ საერთაშორისო საზღვარს. ეს შეინიშნება მავთულხლართებით, დიდი მწვანე ნიშნებით, ნაჩქარევად გათხრილი სანგრებით და კარგად დაკომპლექტებული საგუშაგოებით.
მისივე ცნობით, სოფლები იყოფა და ადამიანები ციხეში რეგულარულად ხვდებიან ე.წ. საზღვრის გადაკვეთისთვის, თუმცა მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის ეს საზღვარი არ არსებობს და არც სამხრეთ ოსეთია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებული.
როგორც ცნობილია, სამხრეთ ოსეთმა, რომლის მოსახლეობასაც 40 000 ეთნიკური ოსია და ფართობით როუდ აილენდს უტოლდება, საქართველოდან დამოუკიდებლობის შესახებ 1990 წელს განაცხადა.
როგორც THE NPR. ORG წერს, სამხრეთ ოსეთი, ორ წლიანი ომისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული არაერთი გადაწყვეტილების არაერთხელ დარღვევის შემდეგ, დაახლოებით 2 ათეული წელია რაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სახელით ფუნქციონირებს, სადაც დროდადრო სროლების ხმა ისმის.
მაუწყებლის ინფორმაციით, რეგიონს საკუთარი ე.წ. მთავრობა ჰყავს, მაგრამ სამართლებრივად აღიარებული საზღვრები არ გააჩნია, რომელიც 2008 წელს კიდევ ერთხელ შეიცვალა.
მაუწყებლის ცნობით, 2008 წლის აგვისტოში საქართველომ დაიწყო შეტევა სეპარატისტულ რეგიონზე კონტროლის დასამყარებლად. ომს, რომელიც 5 დღე გაგრძელდა რუსეთმა დაპყრობით და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებით უპასუხა. რის შემდეგაც ის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარა.
ამ გადაწყვეტილებას, მხარი მხოლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ დაუჭირეს, დანარჩენი ქვეყნები კი წინააღმდეგნი წავიდნენ და სამხრეთ ოსეთი სრულუფლებიან სახელმწიფოდ არ სცნეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, რეგიონში მშვიდობის ჩამოგდების მიუხედავად კონფლიქტი მაინც მოუგვარებელი რჩება, რადგან რუსეთი სამხრეთ ოსეთის საზღვრებს წინ და წინ სწევს.
სოფელი ხურვალეთი, სადაც 700-მდე მოსახლეა ახალი საზღვრის გამო 2 ნაწილად არის გაყოფილი. ერთ ნაწილს რუსეთი, ხოლო მეორე ნაწილს საქართველო აკონტროლებს.
„დავიწყოთ იმით, რომ ეს არ იყო დიდებული სოფელი, კონფლიქტის შემდეგ ყველა მის განადგურებას ცდილობს“,_ თქვა მაუწყებელთან საუბრისას გივი ხუროშვილმა, რომელიც მეგობრებთან ერთად პარკში იჯდა.
მუსიკის მასწავლებლის, ზიზი კუმრაშვილის თქმით, მოსახლეობას ვაშლების, ქლიავისა და ატმების ბაღები ჰქონდათ და ნაყოფით ვაჭრობდნენ, მაგრამ რუსეთმა მათი მიწა მიითვისა და ხალხი ვეღარაფერს აკეთებს.
ხურვალეთის ცენტრში მავთულხლართები გადის, რაც მეზობელს მეზობლისგან ჰყოფს, ხოლო რუსი მესაზღვრეების მიერ განლაგებული ბუნკერები სოფელს სამივე მხრიდან თავზე დასცქერის.
„თუ მთაზე ახვალთ ძროხის ან რომელიმე სხვა შინაური ცხოველის გამო, ისინი ცხინვალში გადაგიყვანენ“,_ამბობს ხუროშვილი.
მაუწყებლის ინფორმაციით, ხუროშვილი გულისხმობს ციხეს, სადაც საზღვრის გადაკვეთის გამო დაკავებულ პირებს რამდენიმე დღით ან უფრო მეტი ხნით ტოვებენ.
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, 2016 წელს რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო 134 ადამიანი დააკავეს.
როგორც THE NPR. ORG წერს, საზღვრებთან ახლოს მყოფი ფერმერები ძილის წინ ფიქრობენ, რომ დილას შესაძლოა მათი ბაღები საქართველოს ტერიტორიაზე იყოს, თვითონ კი საზღვრის მიღმა გაიღვიძონ.
მაუწყებლის ინფორმაციით, ახალი მწვანე ნიშნები მიანიშნებს, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორია იწყება, მაგრამ დროდადრო მსგავსი ნიშნები იმ ტერიტორიებზე ჩნდება, რაც ადრე საქართველოს ეკუთვნოდა, ამიტომ უცნობია სად გადის რეალურად საზღვარი.
როგორც რუსეთი აცხადებს, ის სამხრეთ ოსეთის საზღვრებს საბჭოთა კავშირის სამხედრო რუქის მიხედვით განსაზღვრავს.
როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირის დროს სამხრეთ ოსეთი ერთ-ერთ პროვინციად ითვლებოდა, მაგრამ რუქაზე მისი ტერიტორია აღნიშნული და დასახელებული არ არის.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წამომადგენლის, ტომას სზაბლოვსკის თქმით, შუა სოფელში საზღვრის გავლება ადგილობრივ მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნის.
მაუწყებლის ინფორმაციით, ევროკავშირის დამკვირვებელთა ჯგუფი კვირაში რამდენჯერმე სოფელ ოძისთან მდებარე რუსული საგუშაგოს საქმიანობას აკვირდება.
მაუწყებლის ცნობით, მათ დაკვირვების დროს ლურჯი ჟილეტები აცვათ წარწერით ევროკავშირი, აქვთ ბინოკლები და კამერები, ხოლო საგუშაგოს 15 მეტრის სიშორეზე უახლოვდებიან. საგუშაგოს მეორე მხარეს კი მწვანე ფორმაში გამოწყობილი და შეიარაღებული რუსი სამხედროები არიან, რომლებიც ასევე ბინოკლით აკვირდებიან სიტუაციას.
დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ორივე მხარე იღებს ფოტოებს საპირისპირო მიმართულებით. ცარიელ გზაზე კი მაწანწალა ძაღლი, მეტსახელად პუტინი დაეხეტება.
მას შემდეგ კი რაც ევროკავშირის დამკვირვებლები მანქანებში სხდებიან და რუსული საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ, რუსი მესაზღვრეები ისევ პატრულირებას იწყებენ ე.წ. საზღვრის გადამკვეთების დასაპატიმრებლად.
„ყოველთვის ვამბობ, რომ საქართველო სტაბილური ქვეყანაა და ჩვენი ინტერესი სტაბილურობაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დაინტერესებულები ვართ მიმდინარე კონფლიქტისა და მიწაზე რუსიფიკაციის პროცესიის სტაბილიზაციით“,_ აცხადებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი.
მაუწყებლის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი მომავალ თვეში რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს რეგიონის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტს სურს, რომ სამხრეთ ოსეთს ჩრდილოეთ ოსეთის მსგავსად, სამხრეთ ოსეთი-ალანია ეწოდოს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დამკვირვებლების ნაწილი ამაში რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ანექსიის საშიშროებას ხედავს.
ციხელაშვილის თქმით, მავთულხლართები და დაპატიმრებები არის რუსეთის გზა შექმნას გაურკვევლობა, რაც შეიძლება მისივე დასასრულის მიზეზი გახდეს.
„საქართველოში, უკრაინაში და მოლდოვაში რუსეთი კონფლიქტებს მისი საგარეო პოლიტიკის ნაწილად განიხილავს. უკრაინა იყო ბოლო ამ სიაში“,_ ამბობს ციხელაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოს არ სურს მსოფლიო ყურადღება ომით მიიპყროს.
„არ ვართ მონდომებულები მსოფლიო ყურადღება ომის სურათებით მივიპყროთ. ისედაც საკმარისია, რაც მოხდა“,_ამბობს ციხელაშვილი.
მაუწყებლის ინფორმაციით, საზღვრის გასწვრივ მცხოვრებ ადამიანებს ახსოვთ რა იყო და ეშინიათ იმის, რაც შეიძლება მოხდეს.
მუსიკის მასწავლებლის, ზიზი კურმაშვილის 16 წლის ვაჟს, გიორგი მუზაშვილს ბუნდოვნად ახსოვს სოფელი, ვიდრე რუსები ხურვალეთს შუაზე გაყოფდნენ, მაგრამ ახსოვს ომი და ის თუ როგორ დადიოდნენ რუსული ტანკები მათ მიწაზე.
„წიგნები და ჩემი ტანსაცმელი ჩანთაში ჩავალაგე, რადგან ვიფიქრე, რომ 2 ან 3 დღეში შესაძლებელი იყო ლტოლვილთა ბანაკში აღმოვჩენილიყავი“,_ამბობს მუზაშვილი.
მაუწყებლის ცნობით, მათ შეძლეს დარჩენა და ცხოვრება ქართულ საზღვარზე. მუზაშვილს იმედი აქვს, რომ მოვა დრო, როცა აქ საკუთარ სახლს აიშენებს, თუკი საზღვარი კიდევ ერთხელ არ შეიცვლება.
როგორც მაუწყებელი აღნიშნავს, აღნიშნული სტატია JOHN ALEXSANDER PROJECT-ის დახმარებით მოამზადა.
როგორც ცნობილია, აღნიშნული პროექტი ახალგაზრდა ჟურნალისტის JOHN ALEXANDER-ის ხსოვნის საპატივცემულოდ შეიქმნა, რომელიც 2007 წელს ჩინეთში მოულოდნელად გულის უკმარისობით გარდაიცვალა.
გავრცელებული ცნობით, THE JOHN ALEXSANDER PROJECT ჟურნალისტებს გაუმჟღავნებელი ისტორიების მოძიებაში ეხმარება.