თბილისის სააპელაციო სასამართლომ 12 წლის წინ მომხდარი, დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო. პირველი პროცესი აღნიშნულ საქმეზე დღეს ჩატარდა. საქმეს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია მანუჩარ კაპანაძის თავმჯდომარეობით განიხილავს.
საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვით, 2004 წლის მკვლელობის საქმეზე ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ ცნეს, მთავარი პროკურატურა ასაჩივრებს.
ასლან ბეჟანიძე ხელახალი გამოძიების ფარგლებში, 12 წლის შემდეგ, საქმეში ახლადგამოჩენილი მოწმეების ჩვენების საფუძველზე დააკავეს და მას წინასწარი პატიმრობაც ჰქონდა შეფარდებული. 9 თვის შემდეგ კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, დავით დარახველიძის განაჩენის საფუძველზე ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
განაჩენის გამოცხადების დღესვე „გურია ნიუსთან“ გაკეთებულ კომენტარში საქმის პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებდა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელი იყო, რასაც ისინი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებდნენ.
განაჩენის გამოტანიდან 3 თვის შემდეგ, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლომ დაიწყო. პირველივე სხდომაზე, დღეს, პროკურატურამ სასამართლოს იმ ჩვენების მტკიცებულებად დაშვება სთხოვა, რომელიც 2015 წელს მოიპოვეს, თუმცა, ამის შემდეგ მოწმის მოძებნა ვერ მოხერხდა. კერძოდ, საქმე ეხება მოწმე დავით კაპანაძეს, რომელიც პროკურატურის მტკიცებით, 2004 წელს, დავით ოთხმეზურის მკვლელობის ფაქტს პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე შეესწრო და სავარაუდო დამნაშავეც დაინახა.
როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში პროკურორი ამირან გულუაშვილი აცხადებდა, დავით კაპანაძე მნიშვნელოვანი მოწმეა, ამიტომ მისი ჩვენება, რომელიც მან გამოძიებას მისცა, სასამართლოში უნდა გამოქვეყნებულიყო. პროკურორი ამბობს, რომ მოწმე მაწანწალა ცხოვრებას ეწევა, ამიტომ მისი მოძებნა ვერ მოხერხდა, რის გამოც, სასამართლოში მისი დაკითხვის შესაძლებლობა არ იყო. პროკურორის ეს მოსაზრება მოსამართლე დავით დარახველიძემ არ გაითვალისწინა და განაჩენში აღნიშნა, რომ დავით კაპანაძის ჩვენება არ იქნა გამოქვეყნებული შემდეგ გარემოებათა გამო:
„თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებით სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი ჩვენების გამოქვეყნება დასაშვებია თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა. პირველ ორ შემთხვევაში, საქმე შედარებით მარტივია და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლომ შესაძლოა იმსჯელოს კონკრეტული ჩვენების გამოქვეყნებაზე, ხოლო რაც შეეხება მოწმის ადგილსამყოფელის დადგენას, ანდა გონივრული შესაძლებლობის ამოწურვას, აქ სახელმწიფო ბრალდებამ გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს, მითითებული საფუძვლების აღმოსაფხვრელად, იმ უზარმაზარი რესურსის და ბუნებრივი უპირატესობის გათვალისწინებით, რაც გააჩნია დაცვის მხარესთან მიმართებით. საცხოვრებელ სახლებში (მამის და ბებიის) მოწმის გადამოწმება ბუნებრივია უშედეგო იქნებოდა დავით კაპანაძის ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ხოლო თბილისის ერთ-ერთ უბანში რამდენჯერმე გამოცხადება და იქ გადამოწმება ნამდვილად არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს, ჩვენების გამოსაქვეყნებლად, მით უფრო მაშინ, როდესაც მოწმე ნინო ქარცივაძე თავის ჩვენებაში უთითებს, რომ სამგორის რაიონში შეხვდა დავით კაპანაძეს. ასევე, უნდა მომხდარიყო იმ დროს არსებული მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინება. შესაძლოა ის (დავით კაპანაძე) რომელიმე თავშესაფარშიც კი ყოფილიყო. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია სასამართლოს სხდომაზე დაიკითხოს მოწმე, რომელიც ბრალდებულს ამხელს“, _ აღნიშნულია მოსამართლის დასაბურთებულ განაჩენში.
თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, განსხვავებული პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს, რომელიც 2016 წლის 5 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმე დავით კაპანაძის ჩვენების გამოქვეყნებას ითხოვდა და სააპელაციო სასამართლოს დღესაც ამ ჩვენების გამოქვეყნების დასაშვებობას სთხოვდა.
2016 წლის 7-8 დეკემბერს, მოსამართლე გიორგი დარახველიძის მიერ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემდეგ, პროკურორმა ამირან გულუაშვილმა მიმართა როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ასევე, სოციალური მომსახურების სააგენტოს და თბილისში არსებულ მუნიციპალურ თავშესაფარს კითხვით, იმყოფებოდა თუ არა მათ ბაზაში დავით კაპანაძე.
მოგვიანებით, პროკურატურისთვის გაგზავნის წერილებში ნათქვამია, რომ დავით კაპანაძე არ არის გარდაცვლილ პირთა ბაზაში, არც მუნიციპალურ თავშესაფარში იმყოფება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პასუხები მთავარ პროკურატურას მას შემდეგ აქვს მიღებული, რაც მოსამართლე დარახველიძემ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.
პროკურორი ამირან გულუაშვილი პირველი ინსტანციის სასამართლოში და დღესაც აცხადებდა, რომ კაპანაძის მოსაძებნად პროკურატურამ ყველა ღონეს მიმართა.
კერძოდ, მისი თქმით, დავით კაპანაძის ადგილსამყოფელის დასადგენად, 2016 წლის 21, 22, 26, 28, 29, 30 ნოემბერს, დათვალიერდა მიცკევიჩის ქუჩა, ასევე მოხდა გასაუბრება ამ ქუჩაზე მცხოვრებ პირებთან, თუმცა, დავით კაპანაძის ადგილსამყოფელის დადგენა, ან მის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვება ვერ მოხერხდა.
აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი, რომ დავით კაპანაძეს არ აქვს პირადობის მოწმობა, ვერ ხერხდება მისი იდენტიფიცირება და პროკურატურას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მისი გამოკითხვის დამადასტურებელი რაიმე ფოტო-ვიდეო მტკიცებულება.
დღესვე, სასამართლოს დაცვის მხარემ წარმოუდგინა საკუთარი არგუმენტები, რის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო პროკურატურის შუამდგომლობა და არ გამოქვეყნებულიყო მოწმე კაპანაძის ჩვენება. კერძოდ, დაცვის მხარის აზრით, პროკურატურამ მოწმის ჯვარედინი დაკითხვის შესაძლებლობა მოსპო, გარდა ამისა, არ იყო ამოწურული ყველა შესაძლოა ზომა, რომ დავით კაპანაძე მოეძებნათ.
ასლან ბეჟანიძის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, „დავით კაპანაძის მოძებნისა და სასამართლოში მოყვანის შემთხვევაში ის იტყოდა სიმართლეს, როგორ მოაწერინეს გამზადებულ ჩვენებაზე ხელი. ამიტომ არ აწყობდა პროკურატურას მისი სასამართლოში წარდგენა“, _ აღნიშნა კაკაბაძემ.
მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ მოსამართლეთა კოლეგია 6 წუთის განმავლობაში მსჯელობდა უნდა დაეკმაყოფილებინათ თუ არა შუამდგომლობა. საბოლოოდ, კოლეგიის გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ განმარტა, რომ დასაშვებად ცნობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ორი ძირითადი დეტალი: 1. არსებობს თუ არა მტკიცებულების გამოკვლევის საფუძველი და 2. გამოკვლეულ მტკიცებულებას გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო. მოსამართლის განმარტებითვე, დავით კაპანაძის ჩვენება უნდა გამოიკვლიონ. ხოლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ სასამართლო ამ გამოკვლეულ მტკიცებულებაზე მოგვიანებით გახდება ცნობილი.
მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება გამართლებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატი და აცხადებს, რომ არ არსებობდა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი.
„ბრალდების მხარემ შეგნებულად არ მოიყვანა ეს პირი სასამართლოში დასაკითხად. ყველა პირი, რომელიც სასამართლოში მოვიდა, ურთიერთგამომრიცხავი , ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს და დაენგრათ თავზე სისხლის სამართლის საქმე. ამიტომ ეს რომ არ მომხდარიყო კაპანაძის შემთხვევაშიც, პროკურატურა იმას კი არ შეეცადა, რომ სასამართლოში მოეყვანა პირი და შეჯიბრებითობის პრინციპით სასამართლოში დაკითხულიყო, არამედ, გამოექვეყნებინათ მათ მიერ გამოძიებაში შეთხზული აბსურდული ჩვენება. თუმცა, სხვა პირები უკვე დაკითხულები არიან სასამართლოში და ამ პირის ჩვენების გამოქვეყნებული ოქმი ეწინააღმდეგება სხვა მოწმეების ჩვენებებს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ბრალდების მხარე ბევრს ვერაფერს მიაღწევს ამ ოქმის გამოქვეყნებით. უფრო მეტად დაისუსტებს საკუთარ პოზიციებს და მეტ წინააღმდეგობაში აღმოჩნდება საკუთარ მტკიცებულებებთან, რომელიც სასამართლოში გამოვიკვლიეთ. ეჭვი არ მეპარება, რომ გამამართლებელი განაჩენი დარჩება ძალაში“, _ აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.
კითხვაზე: რა აძლევს ადვოკატს იმის თქმის საფუძველს, რომ „დავით კაპანაძის მოძებნისა და სასამართლოში მოყვანის შემთხვევაში ის იტყოდა სიმართლეს, როგორ მოაწერინეს გამზადებულ ჩვენებაზე ხელი“ და რატომ ფიქრობს რომ ჩვენება პროკურატურას წინასწარ ჰქონდა დაწერილი? _ კაკაბაძე ამბობს:
„ყველა დეტალზე ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი არ მოიყვანეს სასამართლოში იმის გამო, რომ მას სურდა ეთქვა სიმართლე, რომ ასლან ბეჟანიძეს არ მოუკლავს დავით ოთხმეზური და მას ძალით მოაწერინეს ხელი აღნიშნულ ჩვენებაზე“, _ აღნიშნავს კაკაბაძე.
ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარის სასამართლოსთან შუამდგომლობის ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი იყო ის, რომ თითქოს გამომძიებელი გაესაუბრა პეკინი-მიცკევიჩის ქუჩებზე მომუშავე ადამიანებს და დავით კაპანაძე არცერთ მათგანს ნანახი არ ჰყავდა.
„თუმცა ჩვენ გავესაუბრეთ იგივე პირებს (მათი ხელმოწერებიც არის საქმეში და დგინდება მათი ნამდვილობა) და ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ დავით კაპანაძე დღესაც გამოდის აღნიშნულ ტერიტორიაზე. ამით იმის თქმა მინდა, რომ ბრალდების მხარეს რომ ჰქონოდა სურვილი სასამართლოში მოეყვანა დავით კაპანაძე, მოიყვანდა კიდეც. ეს რომ მათ გაეკეთებინათ, ვიმეორებ, კიდევ უფრო დაენგრეოდათ უსუსური სისხლის სამართლის საქმე“, _ აღნიშნავს ადვოკატი.
რას აცხადებს გარდაცვლილის მამა გიორგი ოთხმეზური, ენდობა თუ არა ის პროკურატურის ვერსიას, იცნობს თუ არა მოწმეებს, რომლებიც მათივე განცხადებით მის შვილთან მეგობრობდნენ, _ ამ და სხვა საკითხებზე „გურია ნიუსი“ გიორგი ოთხმეზურის ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ დავით ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში, პეკინისა და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. მას დანით 3 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მიუხედავად იმისა, რომ 2004 წელსვე დაიწყო გამოძიება, პროკურატურამ დამნაშავის დაკავება ვერ შეძლო. მხოლოდ 2015 წელს, მას შემდეგ, რაც საქმეში გამოჩნდა მოწმე შოთა შანიძე, რომელიც აცხადებდა, რომ დაინახა ვინ დაჭრა დავით ოთხმეზური, პროკურატურამ განახლებული გამოძიების საფუძველზე ასლან ბეჟანიძე დააკავა. 2016 წლის 27 მარტიდან 20 დეკემბრამდე ბრალდებულმა ასლან ბეჟანიძემ 9 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაჰყო; თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ის უდანაშაულოა, იმ მოწმეთა ჩვენებები, კი, რომლების მის წინააღმდეგ პროცესებზე გამოვიდნენ, არასანდო და არასაკმარისია ბეჟანიძის ბრალეულობის დასამტკიცებლად.
დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ 7 თვეა ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებს. ჩვენს მიერ საქმეზე მოპოვებულ მნიშვნელოვან ინფორმაციებს შეგიძლიათ უკვე გამოქვეყნებულ სტატიებში გაეცნოთ.
ამავე თემაზე:
ექსკლუზივი – არაერთგზის ნასამართლევი „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან
12 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის დღემდე გაუხმაურებელი დეტალები
მკვლელობაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს (ფოტორეპორტაჟი)
რა არგუმენტებით დაასაბუთა მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულის უდანაშაულობა
ექსკლუზივი – 12 წლის წინ მომხდარი გახმაურებული მკვლელობის გაუხმაურებელი დეტალები
ექსკლუზივი – რატომ შეუცვალეს საპატიმრო დაწესებულება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულს
რას აცხადებს მოკლული დავით ოთხმეზურის მამა და ვის დასჯას ითხოვს ის
პროკურატურის „ოქროს მოწმეები“, რომლებიც ძველ დანაშაულებს ხსნიან – ნაწილი II