საგზაო პროექტებიდან დღემდე გახორციელებული ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტის ასამტრედია-გრიგოლეთის მე-2 მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება. 254 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი 18.5 კილომეტრიანი 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 9 სახიდე გადასასვლელის, 3 სატრანსპორტო კვანძისა და 76 სწორკუთხა მილის მშენებლობას ითვალისწინებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის, მონაკვეთზე გზის საფუძვლის მოწყობისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინსიტრმა ზურაბ ალავიძემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა სიმონიამ დაათვალიერეს.
“პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა.
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-2 მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს გაივლის. სამუშაოები 2018 წელს დასრულდება, _ აღნიშნავენ დეპარტამენტში.