“MoneyMan ონლაინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ათასობით ადამიანს ეხმარება სწრაფად და მარტივად მოაგვაროს ფინანსური პრობლემები.
Moneyman ონლაინ სივრცეში მოქმედი ერთ-ერთი მოწინავე ორგანიზაციაა. თანამედროვე ადამიანებს არ აქვთ ბევრი დრო, შესაბამისად, მსგავსი მომსახურება სულ უფრო პოპულარული ხდება.
ჩვენ ვზოგავთ თქვენს დროსა და ენერგიას, გთავაზობთ მოსახერხებელ პირობებს და გეხმარებით ფინანსური პრობლემების მოგვარებაში” _ ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MoneyMan-ის
ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ანოტაციაა.
სარეკლამო მესიჯი იმასაც გვაუწყებს, რომ „თქვენ არ გჭირდებათ ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვა და საბუთების შეგროვება, სასურველი თანხა სახლიდან გაუსვლელად, პირად ანგარიშზე გერიცხებათ”.
თუმცა, როგორც გაირკვა, აღნიშნული კომპანია საკმაოდ მოხერხებულად, არამარტო თქვენს, არამედ საკუთარ პრობლემებს აგვარებს.
საქმე იმაშია, რომ მონიმენი, თანხას თქვენი საბარათე ანგარიშებიდან, რომელთა მონაცემები ამ დრომდე დაუდგენელი გზებით აქვთ, თქვენი თანხმობის, წინასაწარი შეტყობინების გარეშე, მათ საიტზე შეუსვლელად გაჭრით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი მომხმარებელი არ ხართ:
ნატო გოგელია, „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი: აღნიშნული კომპანიიდან თანხა არასოდეს გამომიტანია. 24 მარტს კი მოახერხეს და ანგარიშიდან, რომელიც ლიბერთი ბანკში მაქვს გახსნილი, თანხა ჩამოჭრეს.
ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერ შევძელი დამედგინა, რატომ და როგორ მოახერხეს. კომპანიის ოპერატორმა ამას „ტექნიკური ხარვეზი“ უწოდა და შეკითხვები უპასუხოდ დატოვა.
ამის პარალელურად კი გაირკვა, რომ აღნიშნული კომპანია სხვა პირებსაც აჭრის თანხას. პასუხი ყველგან იდენტურია _ „მოხდა ტექნიკური შეცდომა, თანხას დაგიბრუნებთ 3 დღის ვადაში“.
კომპანიის ოპერატორები, იმ მიზეზით, რომ „უფლება არ აქვთ“ არ პასუხობენ კითხვას თუ ვისი სესხის თანხებს ფარავენ იმ მოქალაქეებისთვის ჩამოჭრილი თანხებით, რომლებიც მათი მსესხებლები არ არიან. განმარტავენ, რომ თუ ერთხელ მაინც, „კონკრეტული ბარათით სხვისი თანხა გაქვთ გადახდილი და ის სხვა, შესაძლოა, ვადაგადაცილებაში იყოს, პროგრამა ავტომატურად ჭრის“.
_ თუ კონკრეტულ პირს არ აქვს დავალიანება და მას თანხა მაინც ჩამოეჭრა ბარათიდან, ე.ი. ტექნიკური ხარვეზია და თანხა აუცილებლად დაბრუნდება, _ გაზეპირებული ტექსტებით გვპასუხობენ ოპერატორები, რომლებსაც, როგორც გაირკვა, არ აქვთ ინფორმაცია, ჰყავს თუ არა კომპანიას პრესსამსახური და ვინ არის მისი ხელმძღვანელი.
ამ ინფორმაციას არც ონლაინ სესხების ასოციაციის ხელმძღვანელი გია ტარიელაძე გვიმხელს, რომლის თქმით, აღნიშნული პრობლემის შესახებ საქმის კურში მონიმენის ხელმძღვანელი პირადად ჩააყენა და რომელმაც, ჩვენი რამდენიმეგზის მცდელობის მიუხედავად, განმარტებების გაკეთება არ ისურვა.
ამ საქმეში საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი _ კომპანია მონიმენი “თიბისი” ბანკის კლიენტია და საბანკო ანგარიშიც მხოლოდ ამ ბანკში აქვთ. ტრანზაქციები, რომელიც იურისტების განმარტებით, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, სწორედ ამ ბანკის გავლით ხდება.
„თი ბი სი“ ბანკში ამბობენ, რომ საქმის დეტალებს კომპანიაში აუცილებლად გაარკვევენ. ამ ეტაპზე, მათაც არა აქვთ პასუხი კითხვაზე, როგორ ახერხებს კომპანია მათი გავლით ბარათებიდან თანხის მოხსნას. მით უმეტეს, რომ თანხა ერთნაირად ეჭრებათ, როგორც თი ბი სი-ს, ასევე, სხვა ბანკების მომხმარებლებს.
_ ეს პროცესი ახალდაწყებული არ არის. დაახლოებით, 2 კვირაა, ლიბერთი ბანკიდან მომდიოდა შეტყობინება, რომ ჩემი საბარათე ანგარიშიდან ვიღაც ცდილობდა თანხის მოხსნას, თუმცა, ამას ვერ ახერხებდნენ, რადგან მათ მიერ მითითებული თანხა ბარათზე არ იყო. მთელი ეს პერიოდი ვცდილობდი, დამედგინა, ვის ჰქონდა ჩემს ბარათზე წვდომა და ამის დადგენა სწორედ 24 მარტს შევძელი, მას შემდეგ, რაც ანგარიშზე თანხა დაჯდა. თანხა 25-25 ლარობით წაიღეს, მიმღებად მონიმენი დაფიქსირდა და როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ანალოგიური სქემით ჩამოაჭრეს სხვებსაც და ეს თანხები ამ ადამიანებს დღემდე არ დაბრუნებიათ, _ ამბობს ნატო გოგელია, რომელმაც უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების დაწყების მოთხოვნით.
ჟურნალისტმა ამ თემაზე სტატუსი სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა, რომელსაც ბევრი გამოხმაურება მოჰყვა:
ნოდარ ჩაჩუა, ჟურნალისტი: „მე მქონდა დავალიანება და ვადაგადაცილება (ნუ, მიზეზს რა მნიშვნელობა აქვს) ასე მიადგნენ და მოჭრეს თანხა ჩვეულებრივად ყოველგვარი ნებართვის, შეთანხმების და ა.შ. გარეშე“.
გიორგი დევიძე: მეც მქონდა მსგავსი შემთხვევა და დამიბრუნეს. მეგობარს დავუფარე ერთხელ ჩემივე ბარათით და როგორც მითხრეს, ამიტომ ჩამომაჭრეს.
შალვა ოგბაიძე, თბილისის საკრებულოს წევრი: „დღეს ჩემს თანამშრომელს 25-ლარიანი პორციებით 8-ჯერ ჩამოაჭრეს ანგარიშიდან თანხა (ჯამში, 200 ლარი). ჩემმა თანამშრომელმა დარეკა TBC ბანკში და მათ გადაამისამართეს MoneyMan-ში, რომლის ოპერატორმაც ყველაფერი დააბრალა ტექნიკურ ხარვეზს და ფულის დაბრუნებას დაპირდა 3 სამუშაო დღეში. რაღაც აფიორის სუნი მცემს”.
იურისტები არ გამორიცხავენ, რომ ადგილი ჰქონდეს თაღლითობას და დაზარალებულების მსგავსად ისინიც გამოძიების შედეგებს ელოდებიან. აღნიშნავენ იმას, რომ კანონმდებლობის თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს კონკრეტული ბანკის დავალიანება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, თანხას სხვა ბანკის ანგარიშიდან ვერ ჩამოჭრიან.
სამართალმცოდნეები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა გამახვილდეს, ასევე, კერძო კომპანიის მხრიდან, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენების თაობაზეც.
აღსანიშნავია, რომ კომანია მონიმენი 2014 წელს არის რეგისტრირებული. მისი ხელმძღვანელი ქეთევან დარსაძეა.
კომპანიის 70%-ს რაფიელ სურამელაშვილი ფლობს; 10%-ს არმაზ თავაძე, ხოლო 20%-ის მფლობელი, რუსეთის მოქალაქე ზაზა ნიშნიანიძეა.
როგორც გვითხრეს, აღნიშნული კომპანია, რომელიც ამჟამად „solva.ge”-ს სახელით გასცემს სესხებს, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებისთვის არაერთხელ დააჯარიმეს.