მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, 50-იანი წლების დასაწყისში, ქართულ საზოგადოებაში უჩვეულო გამოცოცხლებაა _ ჩვენი ისტორიკოსების ნაწილი ზედიზედ აქვეყნებს სტატიებს იმის თაობაზე, თუ როგორ ჩაგრავენ საშინელი თურქი დამპყრობლები საკუთარ მიწა-წყალზე მცხოვრებ გურჯებსა და ლაზებს. პროპაგანდა პიკს აღწევს.
ჩნდება კითხვა _ თურქეთისთვის ისტორიული ქართული მიწების ჩამოჭრა მზადდება თუ მიმდინარეობს რიგითი მოჩვენებითი ”საბჭოური” ფახი-ფუხი? ცხარე დებატებში თურქი მეცნიერები ერთვებიან, ხოლო პოლიტიკური ვითარება საერთაშორისო სკანდალის ხასიათს იღებს. ბოლოს და ბოლოს, საქმეში დასავლეთის სახელმწიფოების ჩარევის შემდეგ, დაძაბულობა ჩაცხრა. მთელი ამ ”საბჭოურ”-პოლიტიკური თამაშებისა და პერიპეტიების შედეგი ის იყო, რომ საბჭოთა კავშირთან თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული მოდგმის ხალხი შუა თურქეთის სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტეს. მთელი ამ ისტორიული დავა-კამათის ცინიზმი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ქართული საზოგადოების სწორედ იგივე ”საბჭოურ”- ”პატრიოტული” ნაწილი უდრტვინველად შეხვდა საქართველოს ტერიტორიიდან გურჯების და ლაზების გასახლებას ”საბჭოთა” შუა აზიაში. თურმე ჩვენც გვცოდნია ამორჩევით და პოლიტიკური კონიუნქტურით ”პატრიოტული ყიჟინის” დაცემა. ახლა მოკლე, მაგრამ ტრაგიკული, ამბები ჩვენი ისტორიიდან.
1. პირველი მუჰაჯირობა.
1828 წელს რუსეთის საიმპერიო ჯარების მიერ ახალციხის აღებას მოჰყვა ახალციხის საფაშოს გაუქმება, რაც დასრულდა ქართული მაჰმადიანური მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური ნაწილის, 10000 ოჯახის, თურქეთში გადასახლება, ხოლო მათ ნაცვლად ქრისტიანი სომხების ჩამოსახლება (ახალციხის სომხურ სასაფლაოზე განისვენებს სომეხი ეპისკოპოსი, რომელიც წინ მოუძღოდა რუსეთის იმპერიაში და, არა საქართველოში, ჩამოსასახლებელ ხალხს) ”გათავისუფლებულ” მიწებზე. რუსეთის ხელისუფლებამ, რომლის გეგმასაც სამცხე-ჯავახეთში გენერალი პასკევიჩი ახორციელებდა, 1830 წელს თურქეთიდან 30 ათასამდე სომეხი ჩამოასახლა, სომხები ჩაასახლეს ქვემო ქართლში, ასევე სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჩაასახლეს ბერძნები.
2. მეორე მუჰაჯირობა.
ისტორიიდან კარგადაა ცნობილი, თუ კავკასიის დაპყრობის მთელს პერიოდში (XIX საუკუნის დასაწყისიდან ამავე საუკუნის 60-იანი წლების ბოლომდე) რუსეთმა რა სასტიკ ხერხებს მიმართა აქ მცხოვრები ხალხების მიმართ. შავიზღვისპირეთის, ისევე როგორც მთის კავკასიის, მოსახლეობის რუსეთის იმპერიის ფარგლებიდან გასახლება იყო დასაწყისი მცირე ეთნოსების გაუგონარი განადგურებისა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიაში დამპყრობლური ომების დასრულებისთანავე ჯერი სამხრეთ კავკასიაზე მიდგა. რუსეთის წინააღმდეგ 1864 წლის ლიხნის აჯანყების შემდეგ რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებამ მოამზადა ”საფუძველი” აფხაზების გასახლებისა და 1867 წელს აფხაზი მუჰაჯირების პირველმა ნაკადმა თურქეთს მიაშურა (ისტორიის ცინიზმია, რომ ლიხნი კიდევ ერთხელ, უკვე XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, გამოჩნდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში, როგორც ბოლო ანტიქართული ”პროფანირებულ-ისტორიული” მოძრაობის დაწყების ადგილი). პირველ მუჰაჯირობას შეეწირა დალი და წებელდა, საიდანაც გასახლდა 15 000-მდე მუსლიმი აფხაზი.
3. მესამე მუჰაჯირობა.
1877-1878 წლებში მიმდინარე რუსეთ-თურქეთის ომის დროს აფხაზებმა რევანში სცადეს, მაგრამ ისევ დამარცხდნენ (რასაკვირველია, თურქულ სამხედრო შენაერთებთან ერთად) და თურქეთში კიდევ გადასახლდა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი. აფხაზთა პირველი (საქართველოს ისტორიული ტერიტორიიდან მეორე) მუჰაჯირობისგან განსხვავებით, ამჯერად გადასახლებულთა შორის ქართველებიც მოჰყვნენ. ამ პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ 1888 წლის მონაცემებით სოხუმის ოლქში სახლობდა მხოლოდ და მხოლოდ 32 000 აფხაზი.
4. მეოთხე მუჰაჯირობა.
აჭარიდან ქობულეთელების გადასახლება თურქეთში პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთ-თურქეთის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების დროს მოხდა. ქართველ მაჰმადიანთა მორიგ გაძევებას საკუთარი სახლ-კარიდან ხელმძღვანელობდა გენერალი ბრუსილოვი, პირველი მსოფლიო ომის ”გმირი რუსი სარდალი”.
5. პირველი ”საბჭოური” დეპორტაცია.
1944 წლის 15 ნოემბერს დაიწყო და 1945 წლის იანვარში დასრულდა დეპორტაცია სამცხე-ჯავახეთის ისლამის მიმდევარი მოსახლეობისა, რომელთა შორისაც იყვნენ მაჰმადიანი ქართველები (ისინი გადასახლებულთა შორის დიდ უმრავლესობას წარმოადგენდნენ). სანახევრო რეაბილიტაციის (1956 წელს) შემდეგ მათ საქართველოში ჩამოსვლა აეკრძალათ.
6. მეორე ”საბჭოური” დეპორტაცია. 1949 წელს აფხაზეთიდან გაასახლეს ლაზები. ისინი, ძირითადად, სოხუმისა და ოჩამჩირის რაიონის სოფლებში ცხოვრობდნენ. რეაბილიტაციის შემდეგ მათი დიდი უმრავლესობა თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად. საერთოდ, ქართულ საზოგადოებაში ამ ქართველური მოდგმის ხალხის შესახებ ცოტა რამ იციან. ნაკლებად იცის ვინმემ (ამის შესახებ უწყიან მხოლოდ ლაზებმა და ჩვენი საზოგადოების მათთან დაახლოებულმა ნაწილმა) აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ლაზური მოსახლეობა განათლებას ორ ენაზე იღებდა – დაწყებითში ლაზურად, შემდეგ კი რუსულად. ამ ადამიანთაგან ბევრმა ქართული ენა მოგვიანებით ისწავლა. მაგრამ, როგორც უკვე ითქვა, მათი აფხაზეთში ცხოვრება და საქმიანობა (მათ შორის, ბავშვთა აღზრდა და სწავლა-განათლება) 1949 წელს დასრულდა (თუ დაასრულეს). პირველ და მეორე ”საბჭოურ” დეპორტაციას ფაქტობრივად ქართული სუბეთნოსისა და სუბეთნოგრაფიული ჯგუფის ”საბჭოური” მუჰაჯირობა მოჰყვა – მათი ნაწილი (ლაზებისა – დიდი, ხოლო მესხებისა – მცირე) თურქეთში გადასახლდა. თავდაპირველად რუსეთის იმპერიის, შემდეგ ”დიადი საბჭოეთის”, ახლა კიდევ რუსეთის ფედერაციის ”მასტაბილიზებელი” როლი კავკასიაში ნათლად გამოიკვეთა. დღესაც, კავკასიის ერები თუ ეროვნებები რუსული პოლიტიკური და ინტელექტუალური (თუ ფსევდოინტელექტუალური) აზროვნებისთვის მხოლოდ ”ეთნოლოგიურ კლასიფიკაციას” ექვემდებარებიან. ამ ყაიდის ინტელექტუალთა ნააზრევით საქართველოში ცხოვრობენ: საკუთრივ ქართველები (собственно грузины), ანუ კახელები, ქართლელები, ქართველი მთიელები, იმერლები, გურულები, აჭარლები, ქობულეთელები (!) – მეგრელები, ლაზები, სვანები (1888 კალენდრის იგივე დამატება). აი, ასე, ბატონებო. სავსებით ნათელი უნდა იყოს ბოლო დროს რუსულ მედია სივრცეში გავრცელებული, თუ წიგნის ბაზარზე გამოქვეყნებული რუკების დანიშნულება, რომლებშიც საქართველოს მხარეები ამგვარი დაყოფით არიან დალაგებულები, რისი მიუღებლობაც ისტორიულადაც და საქართველოს პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებითაც ეჭვს არ უნდა იწვევდეს. ვისაც ნათელი წარმოდგენა აქვს რუსეთზე და მის პოლიტ თუ ინტელექტელიტების აზროვნების მიმართულებაზე, მისთვის ამ ინფორმაციაში ახალი არაფერია. საუბარი ეხება ქართული საზოგადოების მხოლოდ იმ ნაწილს, ვისთვისაც რუსეთი დღემდე მოიაზრება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად კავკასიაში. მთელი ისტორია კავკასიისა მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი თავის იმპერიული მიზნებს ახორციელებდა აქ მცხოვრები ხალხების ”დამნაშავე ერებად” გამოცხადებისა და მათი გადასახლება- განადგურების გზით. ამასთან, მიზანს იგი აღწევდა მხოლოდ მაშინ, როდესაც კავკასიის ერებს შორის დაპირისპირება არსებობდა, რაც მათი (ამ ჩამონათვალში ქართველებიც მოიაზრებიან) პოლიტიკური სიბეცის გამო დღესაც გრძელდება. დღეისთვის მხოლოდ ქართულ- აზერბაიჯანული ურთიერთობები აკმაყოფილებენ კეთილი და საქმიანი თანაარსებობის კრიტერიუმებს (როდესაც ქვეყნდება რისკის ზონების რეესტრი კავკასიურ სივრცეში, საქართველო-აზერბაიჯანის შეხებათა არეალი არ შედის – მაღალი, საშუალო თუ დაბალი რისკის ზონებიდან არც ერთში). ამდენად, ცოტა გაუგებარია ქართულ მედიასივრცეში დროდადრო გამოჟონილი ინფორმაცია ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებში მოსალოდნელი, ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო, დაპირისპირების შესაძლებლობაზე. როგორც ჩანს, გარკვეულ წრეებს ძალიან აძლევთ ხელს მოვლენათა ამგვარი განვითარება. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დრო ხომ არ მოვიდა ქართული საზოგადოება (მათ შორის, უპირველესად, პოლიტიკური) დაფიქრდეს არა იმაზე, თუ კავკასიური სივრცის სხვა ერმა თუ ეროვნებამ რა შეცდომა დაუშვა ან რა დააშავა ჩვენთან ურთიერთობაში, არამედ იმაზე, თუ ჩვენ რა შეცდომები დავუშვით მათთან მიმართებაში. დავფიქრდეთ და მომავალი საქმიანობა ისე წარვმართოთ, რომ წარსულის გადაცდომები აღარ გავიმეოროთ. ისლამურ სამყაროსთან ურთიერთობა ძალზე რთულია და პრობლემური. თუმცა, საქართველოს შესწევს უნარი კარგად გაართვას თავი მის წინაშე მდგარ სტრატეგიულ ამოცანებს – ამ მიზნების განხორციელებაში ჩვენს სახელმწიფოს ფასდაუდებელი სამსახური შეუძლია გაუწიოს ქართულმა ისლამურმა საზოგადოებებმა (რომელ ქვეყანაშიც არ უნდა სახლობდნენ ისინი), რომლებიც ნამდვილად არსებობენ და საკმაოდ მძლავრადაც, რომელთა შემჩნევა არის საჭირო და მათი მოწვევა საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში ჩადგომისთვის აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს.
იტერნეტმასალების მიხედვით
მოამზადა ნინო ბერძენიშვილმა