ინდონეზიაში დაკარგული 25 წლის მამაკაცი პითონის ორგანიზმში აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სოფლის მოსახლეობამ პოლიციას მამაკაცის გაუჩინარებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ მიმართა.
როგორც ცნობილია, პოლიციამ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 7-მეტრიანი გველი დაკარგული კაცის ოჯახის პალმის პლანტაციის სიახლოვეს აღმოაჩინა.
მაუწყებლის ცნობით, რეტიკულარული პითონი მსოფლიოში გავრცელებული ყველაზე გრძელი ქვეწარმავალია და ის მსხვერპლს გადაყლაპვამდე ახრჩობს, თუმცა, პითონი იშვიათად კლავს და ჭამს ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ ბავშვების გადაყლაპვის შემთხვევებია დაფიქსირებული.
როგორც მაუწყებელს Brawijaya-ს უნივერსიტეტის ბიოლოგიის, ეკოლოგიის და ზოოლოგიის მკვლევარმა ნია ქურნიავანმა განუცხადა, მსგავსი სიგრძის პითონი დიდი ზომის ცხოველებით იკვებება, როგორიცაა, გარეული ძაღლი ან ღორი.