რეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებას 7 აპრილს პრემიერ-მინისტრი დაესწრება. დებატები, რასაც საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს, სავარაუდოდ, არ გაიმართება და პრეზიდენტის ანგარიშით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით მხოლოდ ფრაქციების თავმჯდომარეები გამოვლენ.
უმრავლესობაში კიდევ ერთხელ საუბრობენ იმ კრიტერიუმებზე, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი უნდა აკმაყოფილებდეს. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტი ქარიზმატული არ უნდა იყოს და მისი მთავარი ფუნქცია ვითარების დაბალანსებაა.
„ოპოზიცია ითხოვს დებატებს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს დებატები გაუგებარი ფორმა არის ამ კონკრეტული შემთხვევისთვის. პრეზიდენტი უნდა იყოს ძლიერი დამაბალანსებელი სახელმწიფო სხვადასხვა შტოებს შორის. ქარიზმატული უფრო პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს და პრეზიდენტს სულ სხვა ფუნქცია აკისრია. ქარიზმატულობა მე ვფიქრობ საერთოდ არ არის საჭირო პრეზიდენტისთვის იმ რეალობის გათვალისწინებით, რომელ რეალობაშიც ჩვენი კონსტიტუცია არის,“-განაცხადა სოფო კილაძემ.
მმართველი გუნდის განმარტებას აბსურდულად მიიჩნევენ ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მარგველაშვილთან პირადი დაპირისპირების ფონზე, ხელისუფლება ქვეყნის ინტერესებს აზარალებს.
„ქართული ოცნება ყველანაირად ეცდება, რომ პრეზიდენტის მოსვლა იყოს არა მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მოვლენა, არამედ ყველანაირად დაამსხვრიოს მნიშვნელობა მისი მისვლის. მათ აქვთ რაღაც პიროვნული ვენდეტის მსგავსი, ჩემი აზრით ივანიშვილის დავალებით მარგველაშვილის წინააღმდეგ, მაგრამ ამ ვენდეტის განხორციელების დროს ვერ ხვდებიან, რომ უპირველეს ყოვლისა აზარალებენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,“-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.
ევროპული საქართველოს ლიდერები კი აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი საკუთარი დამოკიდებულებით, პრეზიდენტის გამოსვლის „მიფუჩეჩებას“ ცდილობს.
„ქართული ოცნება ცდილობს, რომ მიაფუჩეჩოს პრეზიდენტის გამოსვლა და ის არ ჩატარდეს პოლიტიკური დებატების რეჟიმში. გარდა იმ საკითხებისა, რომელიც უკავშირდება დემოკრატიულ განვითარებას, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს, მედიაპლურალიზმს, პირველი ამოცანა იქნება ჩვენი, ყურადღება გავამახვილოთ ეკონომიკაზე,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
rustavi2.com