ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 31 მარტის სხდომაზე, მთავარი განსახილველი საკითხი 2017 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების გახორციელება იყო, რომელიც მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობდა.
გამგეობის საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას განმარტებით, მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტის პარამეტრები “სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის “ვ” პუნქტთან შესაბამისობაშია მოსაყვანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხარჯები უნდა შეადგენდეს არა უმეტეს 2016 წლის საკასო შესრულების მაჩვენებლის 90%-ს. თუმცა, ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებები არ ეხება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.
როგორც ირკვევა, მუნიციპალიტეტის გამგეობას 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსება 100 644 ლარით შეუმცირდება, აქედან, შრომის ანაზღაურების მუხლი _ 99 150 ლარით, საქონელი და მომსახურების ხარჯი _ 1494 ლარით. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარჯების შემცირება, მთლიანობაში, 70 312 ლარითაა გათვალისწინებული, რომლიდანაც შრომის ანაზღაურების მუხლზე 43 100 ლარი მოდის, ხოლო საქონელსა და მომსახურების ხარჯზე _ 27 212 ლარი.
მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დაფინანსება, რომელიც საკრებულომ გასული წლის 28 დეკემბერს დაამტკიცა, ა(ა)იპ “ტექსერვისს” 59 600 ლარით უნდა შეუმცირდეს, ა(ა)იპ “სპორტულ ცენტრს” _ 32 200 ლარით, ა(ა)იპ “საფეხბურთო სკოლას” _10 000 ლარით, ხოლო კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას _ 24 900 ლარით.
ბიუჯეტი საშტატო ერთეულების შემცირების ხარჯზე შეიკვეცება თუ უშუალოდ ხელფასების შემცირების ხარჯზე, ეს საკრებულოს სხდომაზე არ გამოკვეთილა, თუმცა, ცალსახად ითქვა, რომ ეს იქნება საკმაოდ მტკივნეული თემა.
პირველი, ვინც საკითხთან დაკავშირებით კომენტარში უარყოფითი შეფასება გააკეთა, ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი თემურ მარშანიშვილი გახლდათ, რომელიც, ამავდროულად, ა(ა)იპ “სპორტული ცენტრის” თანამშრომელია:
“სპორტულ ცენტრში თანამშრომლები უკვე შეამცირეს, ჭიდაობიდან ოთხი კანდიდატი გვყავს ევროპის ჩემპიონატზე. თუ თანხები შევამცირეთ, სპორტსმენებს შეკრებებზე ვერ წავიყვანთ. ჩემი თხოვნა იქნება კოლეგებისადმი, რომ იქნებ სპორტულ ცენტრს დაფინანსება არ შეუმცირდეს”, _ მიმართა მარშანიშვილმა დარბაზში მყოფებს, თუმცა, მიუხედავად მისი ამ პოზიციისა, იმ თექვსმეტ დეპუტატს შორის მოხვდა, ვინც კენჭისყრისას ბიუჯეტის სეკვესტრს მხარი დაუჭირა.
მანამდე კი საკრებულოს კიდევ ერთმა სპორტსმენმა წევრმა, ადამ ხუხუნაიშვილმა გააპროტესტა სპორტული ცენტრისთვის დაფინანსების კლება, რომელსაც მხარი რამდენიმე დეპუტატმაც აუბა.
დეპუტატი გია გოგუაძე: “სირცხვილია, ბიუჯეტი, რომელიც 28 დეკემბერს დავამტკიცეთ, მარტში შევამციროთ. დაინტერესებულ პირთათვისაც მინდა განვმარტო, რომ მთავრობის განკარგულების ბოლო მუხლში, რომელიც ხელთ საფინანსო სამსახურის უფროსს აქვს, წერია, რომ “თუ 2016 წლის საკასო შესრულების 90%-იან მაჩვენებელზე არ დაიყვანთ ბიუჯეტს, მაშინ არ მოგცემთ ინფრასტრუქტურულ პროექტებს”. აი, ასე პირდაპირ გვემუქრება მთავრობა”.
საკრებულოს წევრის, ნონა მურვანიძის აზრით, ბიუჯეტში ამ ცვლილების გახორციელებით შრომითი ხელშეკრულების სრული იგნორირება ხდება.
“ძალიან მწვავე საკითხია. მინდა უმრავლესობას შევახსენო, რომ ყველაფრის თავიდათავი ბიუჯეტის დამტკიცებაა. 2014 წლის ბიუჯეტს როცა ვიღებდით წინააღმდეგი მხოლოდ ოთხი დეპუტატი იყო. 2015 წელს მხარი 19 დეპუტატმა დაუჭირა ბიუჯეტს და 7 დასაბუთებულად წინააღმდეგი იყო ბიუჯეტის წარმოდგენილი ფორმით მიღებისა. 2016 წელს, როცა მიმდინარე წლის ბიუჯეტს ვიხილავდით მხოლოდ ორი ადამიანი იყო, რომელმაც ბიუჯეტს ხმა არ მისცა, რამდენმა კი საერთოდ პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა, თუმცა, უმრავლესობამ, რომელსაც “ქართული ოცნება” წარმოადგენს, მიიღო ბიუჯეტი. სასაცილო მდგომარეობაში ვართ. რამდენიმე თვის წინ ისედაც მწირი ბიუჯეტი დავუმტკიცეთ ა(ა)იპ-ებს, რომელიც კარგად ვიცით, რომ ისედაც ვერ გაიყვანდა წლის ბოლომდე, ახლა კიდევ ვუმცირებთ, რითაც შრომითი ხელშეკრულების სრული იგნორირება ხდება.
ხშირად მესმის “ზემოდან” გვითხრეს, “ზემოდან” დაგვავალეს. მინდა დამიდასტუროთ, რომ თვითმმართველ ერთეულს, რომელსაც პირდაპირ აქვს ექსკლუზიური ვალდებულება კანონით მინიჭებული ბიუჯეტის მიღების, სრული განკარგვის, ასე უხეშად ერევა ცენტრალური ხელისუფლება და ზღუდავს ამ უფლებას?!”, _ იკითხა ნონა მურვანიძემ გამგებლის, ზაზა ურუშაძისა და საკრებულოს თავმჯდომარის მისამართით.
“ფულს ვინც გაძლევს, ის განკარგავს!” _ იყო ზაზა ურუშაძის პასუხი, რომლის თქმითაც, მეზობელ რაიონებში უკვე კარგა ხანია, რაც შემცირებები მოხდა:
“შემცირება კანონით არის ძალაში. მე რა ვქნა?! ლანჩხუთი ბოლო მუნიციპალიტეტია, სადაც შემცირება ხორციელდება. სხვა დროს კი რეკავთ კარგად და ახლაც მოიკითხეთ მეზობელ რაიონებში, რა და როგორ მოხდა. რა უნდა გავაკეთოთ, რა უნდა გავაპროტესტოთ, მითხარით?!”
მწვავე დებატების შემდეგ, ჯერი ხმის მიცემაზე მიდგა და როგორც გაირკვა, დარბაზში მყოფთაგან 16 დეპუტატმა დაუჭირა მხარი საკითხის დადებითად გადაწყვეტას და რიგი სამსახურებისთვის ბიუჯეტის შემცირებას. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ირწმუნებოდა, მხარი ბიუჯეტის შემცირებას რეალურად 15-მა დეპუტატმა დაუჭირაო, მაგრამ ოპოზიციის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად სამდივნოდან გამოთხოვილი ხმის მიმცემთა სახელობითი სიის გაცნობის შემდეგ გაირკვა, რომ ეს ასე არ იყო. ოპოზიციას ეჭვი ჰქონდა, რომ საკითხს ხმა არ მისცა თემურ მარშანიშვილმა, თუმცა, თავად დეპუტატმა “გურია ნიუსთან” საუბარში დაადასტურა, რომ ბიუჯეტის შემცირებას დაეთანხმა.
ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრების გარდა, საკითხს მხარი დაუჭირეს სხვა ფრაქციების წევრებმაც: ევგენი ჩიჩუამ, ელისო ჭიჭინაძემ, გიორგი ჩახვაძემ, ჯუმბერ ბლაგიძემ და გოგი მორჩილაძემ.