ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი. ჭავჭავაძის #12 ნომერში რამდენიმე თვეა, ტროტუარი ჩავარდნილია და მიწა ჩაქცეულია.
ქალაქ ოზურგეთის მერია აღნიშნულ ქუჩაზე ტროტუარების მოწესრიგების პროექტს ახორციელებდა. აქვე მდებარეობს ლუდის ბარი “ნატახტარი“ და საჭადრაკო სკოლა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა და ქვეითად მოსიარულე, ვისაც ქუჩის ამ მონაკვეთში გადაადგილება უწევს, აღნიშნავს, რომ აქ გავლა უკვე საფრთხეს უქმნის მათ შვილებს, ნებისმიერ მოზარდს, რადგან მიწაჩაქცეული ტერიტორიის ქვეშ მიედინება წყალი. ბარში, დადიან ადამიანები არაფხიზელ მდგომარეობაში, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ტრაგედიად იქცეს აღნიშნული ტერიტორია. მოსახლეობამ ქალაქ ოზურგეთის მერიას განცხადებითაც მიმართეს.
“ბზარები რომ გაჩნდა, ვთხოვეთ, შეემოწმებინათ. გვითხრეს, რომ კი ვნახავთო, ნახა კიდეც ვიღაცამ, არ ვიცით, ვინ იყო. ალბათ, სრულიად უცოდინარი და გამოიტანა ამბავი, რომ ყველაფერი კარგად იყო. იმის შემდეგ რამდენი თვე გავიდა, ეს ჩავარდა 26 სექტემბერს, წინაასარჩევნოდ, შეუმოწმებლად დაიგო ეს ფილები და შეუმოწმებლად დადიოდა აქ 20-ტონიანი ტრაქტორები და ჩავარდა მიწა, ვერ გაუძლო.
იმ წუთში ყველა მოვარდა, დიდი დაპირებები იყო და გვქონდა იმედი, მაგრამ ფაქტი სულ სხვაა. სამი თვის წინ განცხადებით მივმართეთ ქალაქ ოზურგეთის მერიას. მოვიკითხეთ პასუხი და ეწერა, ჩასმული ხართ ამ წლის ბიუჯეტში და გაკეთდებაო. ეს წელი არის იანვრიდან მეორე იანვრამდე. არავინ იცის, როდის გააკეთებენ, ალბათ, საარჩევნოდ ისევ. აქ ბავშვები დადიან, საფრთხეა, სიბინძურეა, ანტისანიტარიის ბუდედ იქცევა მალე. სამი დღის ბავშვი გადავარდა ველოსიპედით. ტრაგედია რომ დატრიალებულიყო, სად მიდიოდნენ მაშინ?
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანტისანიტარიაა, ქალაქის ცენტრია, “ქართული ოცნების“ ოფისის წინ ჩავარდა არჩევნებამდე და გაკეთდა ორ დღეში და მიჩქმალეს ის ამბავი, კაცს არ გაუგია, აქ კი დაპირება არის დაპირებად“, _ ამბობს იქ მცხოვრები მოსახლეობა „გურია ნიუსთან საუბრისას.
ზურაბ ანდღულაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი: “ჩვენს სკოლაში 8 -12 წლამდე 50 ბავშვი თამაშობს ჭადრაკს. ცოტა სიფრთხილე გვმართებს. ამდენი თვეა სულ გაფაციცებით ვართ. ძალიან ბევრი რამ კეთდება ქალაქში და გაკეთდა კიდეც, ეს რატომ დარჩათ აქამდე ასე უყურადღებოდ, საინტერესოა. არაა ლამაზი, ქალაქის ცენტრში იყოს ასეთი სიტუაცია. სირცხვილია ამის დატოვება, ათასი ვინმე ჩამოდის და დადის აქ სტუმარი, სადგურის ტერიტორიაა, უნდა გაითვალისწინონ“.
ვაკო თაქთაქიშვილი: “ნამდვილად გვაწუხებს, ერთი წელია თითქმის ასეთ დღეში ვართ, ცენტრია, სეირნობენ ახალგაზრდები, აქ რესტორანია. სირცხვილია ქალაქის ცენტრში ასეთი მდგომარეობა“.
ემზარ ლობჟანიძე: “26 სექტემბერს ჩავარდა და იმის მერე რამდენი ხანი გავიდა, დაიწყეს ვითომ ამოწმენდა მალე გაკეთდებაო და აი, რამდენი თვე გავიდა, არჩევნების წინა დღეებში ჩავარდა, მაშინ იარეს გავაკეთებთო. გავიდა არჩევნები და სულ აღარავის აღარ გახსენებია.
აქ, ქვეშ ადრე ხიდი ყოფილა, 62 წელს გაკეთებული, „შველერები“ დაცრეცილი იყო, მერე ამდენი ფილის სიმძიმე დაემატა და ტროტუარების დაგებას ვეღარ გაუძლო“.
ქალაქ ოზურგეთის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით ასეთ კომენტარს აკეთებენ:
“ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მდ.სკუჩას კალაპოტზე გამავალი, დანგრეული ტროტუარის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად, საპროექტ-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, დღეს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი განმეორებით გამოაცხადა“.