“მინდა დავამშვიდო ბატონი გედი – ეს არის ერთადერთი რამ, როცა შეცდომა თქვენდაუნებურად მოგივიდათ და რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი არ არის”, _ განაცხადა მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
,,ამ რამდენიმე ხნის წინ, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს პრეზიდენტ მარგველაშვილის არჩევის გამო ბოდიში უნდა მოუხადონ. მინდა დავამშვიდო ბატონი გედი – ეს არის ერთადერთი რამ, როცა შეცდომა თქვენდაუნებურად მოგივიდათ და რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი არ არის. ეს ის თემაა, სადაც თქვენ ბოდიში ნაკლებად გაქვთ მოსახდელი, მაგრამ თავად დამოკიდებულება, რომ მარგველაშვილის გამო ქვეყანას ბოდიში უნდა მოუხადოთ, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს თქვენს ღირებულებით სისტემაზე მეტყველებს. თქვენი ლოგიკით, რატომ არის პრეზიდენტ მარგველაშვილის გამო ბოდიში მოსახდელი? რატომ არის პრეზიდენტი მარგველაშვილი გუნდის მოღალატე? – მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზის გამო. დავესესხები იმ ბრძენ კაცს, რომელმაც ბრძანა, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ხასიათი გამოავლინა – არ ემსახურება და არ გახდა ერთი კაცის ყურმოჭრილი მონა. თქვენი პრიორიტეტები ძალიან კარგად ჩანს – თქვენთვის ერთი კაცის მსახურებაა მთავარი. ამით კარგად ჩანს, რა როლს აკისრებს უმრავლესობა საკუთარ თავს”, – მიმართა ბობოხიძემ ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებს.
მისივე თქმით, ამ ფონზე ყველაზე მეტად გასაკვირი ქართველი ხალხის დამოკიდებულებაა.
“მახსოვს, როგორ გვექცეოდა ხალხი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა საკითხებზე. მახსოვს, როდესაც მცირედით, თუნდაც 20-ლარით გავზრდიდით პენსიას, გაბრაზებული ხალხი უფრო მეტს ითხოვდა. გამოვიდა პრემიერი და განაცხადა, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში პენსიების არ გაიზრდება. ამაზე ქართველი ხალხის დამოკიდებულება არის ნულოვანი. მახსოვს, როგორც გვებრძოდა ოპოზიცია ”ასავალ-დასავალის” ჭორებით. აქ ვხედავ ადამიანის უფლებათა ყოფილ დამცველებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს რესტორან-რესტორან დასდევდნენ და ბრაზობდნენ, პრეზიდენტის გავლის დროს გზა რატომ იკეტებოდა. დღეს გზა კი არა, რკინიგზა იკეტება ერთი კაცის ხუშტურის გამო. მაჩვენეთ ერთი რომელიმე მოქალაქე, რომლის გამოც რკინიგზა და ცენტრალური მაგისტრალები გადაიკეტება. სამწუხაროდ, ეს ქვეყანა თქვენი მორჩილების გამო, ერთი კაცის საკუთრებად იქცა და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა იკისროთ”, – თქვა აკაკი ბობოხიძემ.