„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიანში ფაცურიების ოჯახიდან, რომლის უფროსიც რამდენიმე დღეა გარდაცვლილია და ჯერ დასაფლავებულიც არ არის, დაუდგენელმა პირებმა წუხელ, გვიან ღამით ორი სული მსხვილფეხა საქონელი მოიპარეს.
როგორც გულიანელები ჩვენთან საუბარში ამბობენ, ბოლო დროს საქონლის ქურდობა გახშირდა. ისინი სამართალდამცავებისგან დამნაშავის დროულ დადგენას ითხოვენ.
„ქურდობა თავისთავად სამარცხვინო ფაქტია, მაგრამ ორმაგად სამარცხვინოა, როცა ოჯახს მიცვალებული სახლში უსვენია, მიდიხარ და საქონელს პარავ. ეს ჩვენი სოფლისთვის დიდი გამოწვევა და შეურაცხყოფაა. ვითხოვთ, რაც შეიძლება მალე იპოვონ დამნაშავე, _ ამბობენ ადგილობრივები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გულიანში მომხდარ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით.
საქონლის ქურდობის შემთხვევებმა მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბოლო ერთი თვეა ხშირი ხასიათი მიიღო, თუმცა, როგორც ირკვევა, ხშირ შემთხვევაში, ფაქტის შესახებ დაზარალებულები სამართალდამცავებს საქმის კურსში არ აყენებენ.