“ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები, შავიზღვისპირეთისა და მაღალმთიანეთის კურორტული ზონები, კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლე (შემოქმედის ეპარქიაში, რომელიც მთელ გურიას მოიცავს, 78 მოქმედი ტაძარი და ეკლესია-მონასტერია), მინერალური წყლები და სხვა ბუნებრივი რესურსები ქმნის კარგ პირობებს რეგიონში სხვადასხვა სახის ტურიზმის (რეკრეაციული ტურიზმი, ეკოტურიზმი, აგროტურიზმი და სხვა) გასავითარებლად. რეგიონის შავიზღვისპირა საზღვაო ზოლის სიგრძე 22 კმ-ია. რეგიონის შავიზღვისპირეთში განლაგებულია ცნობილი კურორტები _ ურეკი, შეკვეთილი და გრიგოლეთი, ხოლო მაღალმთიან ალპურ ზონაში კურორტები _ ბახმარო (2050 მ) და გომისმთა (2130 მ). რეგიონის ტერიტორიაზეა, ასევე, ორი ბალნეოლოგიური კურორტი _ ნაბეღლავი და ნასაკირალი. უკანასკნელ წლებში, მკვეთრად იმატა სასტუმროების რაოდენობამ მხარის შავი ზღვის სანაპირო ზოლში,” _ ეს ტექსტი გურიის გუბერნიის ოფიციალური ვებგვერდის იმ თავიდანაა, რომელიც ტურიზმს ეხება.
აქვე ვკითხულობთ, რომ “კურორტ შეკვეთილთან მოქმედებს თანამედროვე ტიპის ბავშვთა გასართობი ცენტრი “გურია პარკი”, რომლითაც აქტიურად სარგებლობენ როგორც გურიის, ისე აჭარის კურორტების დამსვენებლები. კურორტთან მიმდინარეობს თანამედროვე ტიპის საკონცერტო დარბაზის მშენებლობა, რაც ასევე დადებითად აისახება რეგიონში ტურისტული ნაკადების შემოდინებაზე.”
ამ ტექსტის მიხედვით ძალიან ადვილი გასარკვევია, რომ ინფორმაცია 2012 წლის შემდეგ არ განახლებულა, რადგან “გურია პარკი” შეკვეთილში რამდენიმე თვე იყო. სინამდვილეში, საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებულ “ციცინათელაზე”, რომელსაც სახელი მისი პოლიტიკაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში შეუცვალეს, თუმცა, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ისევ დაუბრუნეს.
ეს თითქოს ერთი უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ თუ ტექსტს ბოლომდე ჩაყვებით, გურიის ტურისტული პოტენციალის შესახებ მეტს მაინც ვერაფერს გაიგებთ _ ვერც იმას, რომ “შავი ზღვის არენა”, “მუსიკოსების პარკი” და “მინიატურული საქართველო” სწორედ გურიაში დაგხვდებათ და ვერც იმას, რომ პირველად არსებობის ისტორიაში, ბახმაროს სერიოზული პოტენციალი გაუჩნდა ზამთრის კურორტად გადაიქცეს.
ამ გვერდზე შესული მომხმარებელი ვერც იმ ინფორმაციას წაიკითხავს, რომ ბახმაროს განვითარებაზე მთავრობას სპეციალური ჯგუფი აქვს შექმნილი და ვერც იმას, რომ შესაბამისი განვითარების გეგმაც არსებობს.
ბევრ ინფორმაციას გურიის ტურისტული მარშრუტების შესახებ ვერც ტურიზმის ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე იპოვით. ტურიზმის გეოგრაფიული ცენტრის რუკიდან კი გაიგებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში შალვა რადიანის სახლ-მუზეუმია, ლიხაურში _ აჭის წყლის ხეობა, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და ლიხაურის ეკლესია შეგიძლიათ მოინახულოთ; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანაში ოქონას და აცანის ეკლესიები, ჯიხეთში _ ჯიხეთის მონასტერი.
ძალიან საინტერესო მინიშნებებია სოფელ ჭანჭათზე, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შედის. თუ რუკაზე ამ ადგილზე დააწკაპუნებთ, აღმოაჩენთ, რომ სოფელ ბუკნარში (ეს სოფელი კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შედის) გოგირდის მარილიანი წყლის საბადო და ბუკნარის ღვთისმშობლის ეკლესია. ამავე სოფლის გვერდითაა მონიშნული სოფელი სამება, რომელსაც ჭანჭათს ორი სოფელი აშორებს. ამავე რუკის თანახმად, სოფელ წიფნარში ღვინის მარანი მდებარეობს (ოღონდ, შესაბამის ფოტოზე მითითებულია, რომ მარანი ბუკისციხეშია). ამავე რუკით, გუთურში ერკეთის დედათა მონასტერს აღმოაჩენთ, ხიდისთავში კი მხოლოდ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმს.
გურიის ტურისტული რუკა იძებნება ვებგვერდზე www.geoland.ge, თუმცა, ამ რუკაშიც ბევრი შეცდომაა. არასწორი სახელწოდებით დატანილი სოფლები, ასევე არასწორი მარშრუტები და არარსებული ადგილები. მაგალითად, რუკის თანახმად ჩოხატაურში ბოტანიკური ბაღი მდებარეობს! როგორც გავარკვიეთ, საუბარია გორაბერეჟოულის ტყე-პარკზე, რომელიც, პრაქტიკულად, განადგურების პირასაა. გორაბერეჟოულში ერისთავების ციხე-გალავნის, ბაღისა და ნასახლარის აღდგენის აუცილებლობის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ საჯარო განცხადება რამდენჯერმე გააკეთა, თუმცა, ცენტრალური ხელისუფლებისგან დახმარება არ ჩანს,
ერთი სიტყვით, თუკი გურიაში სტუმრობას გადაწყვეტთ, ინტერნეტში არსებული რუკები თქვენი მეგზური ვერ გახდება. საინტერესო ადგილების მოძიებაში, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალური გვერდის მსგავსად, ვერც სხვა მუნიციპალიტეტების გვერდები დაგეხმარებათ.
აღსანიშნავია, რომ გურიის ტურისტული პოტენციალის შესასწავლად, რომელიც ასევე მხარის ტურისტული რუკის შექმნასაც ითვალისწინებს, ოზურგეთს მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის 374 000-ევროიანი გრანტი მიიღო.
პროექტის ფარგლებში, რუკის შექმნაზე მხარის ოთხივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რამდენიმე თვეა აქტიურად მუშაობენ და როგორც პროექტის ექსპერტი, ლევან მჟავანაძე ამბობს, რუკა მალე მზად იქნება.
_ დამუშავების პროცესში ვართ და ვფიქრობთ, რომ ზაფხულისთვის მზად იქნება. რუკასთან ერთად კეთდება შესაბამისი მობილური აპლიკაციაც, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ლევან მჟავანაძემ.
მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოძიებული ტურისტული მარშრუტების ზუსტი სახელდების დასადგენად დოკუმენტები კულტურის სამინისტროშია გაგზავნილი.
ჩვენ დავინტერესდით, მოხვდება თუ არა ამ რუკაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში არსებული ტყე-პარკი, რომელიც წლების წინ ჩოხატაურის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა. პარკის აღდგენა და ტურისტულ ადგილად ქცევის შესახებ საუბარი გასულ წელსაც აქტუალური იყო.
ლევან მჟავანაძის თქმით, რუკის სამუშაო ვერსიაში, შუაფარცხმის ტყე-პარკი ჩასმულია: _ ადგილებზე გვაქვს მცირე ინფორმაციებიც, რომელიც მუშაობისთვის აუცილებელია. ტყე-პარკთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ 80-იან წლებში ამ ადგილზე “ერისკაცობის” დღესასწაული აღინიშნებოდა (არადა, კომუნისტების ეპოქაში გამოგონილი ეს “დღესასწაული” ჩოხატაურის სტადიონზე იმართებოდა. რედ.). აქვე მითითებულია, აქ მდებარეობს “ქართლის დედა” და “ჭინკას ქვა”, რომელსაც უხუცესები ჭინკებსზე თქმულებებს უკავშირებენ, _ აღნიშნა მჟავანაძემ.
გაცილებით ვრცელ ისტორიას გვიყვება ტყე-პარკის შესახებ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, რომელმაც ამ ადგილზე ცოტა ხნის წინ გარემოს დაცვის მინისტრს გიგლა აგულაშვილს უმასპინძლა და ტყე-პარკის აღდგენაში დახმარება სთხოვა.
ზაალ მამალაძის ინფორმაციით, “შუაფარცხმის ტყე-პარკი ჩოხატაურელი მეტყევეების არაერთი თაობის თავდადებული შრომის შედეგი იყო. ულამაზესი ვერცხლისფერი ფიჭვებით, სხვა წიწვოვანი ხეებით, ყვავილოვანი ბუჩქებით დაბურული ათეულობით ჰექტარი ტყის გარდა, აქ იდგა ულამაზესი სასტუმრო, რომელშიც საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობდნენ; ეზოში იდგა გურული ფაცხები, ნალიები, გურული ყოფითი ნივთების ექსპოზიციით…. ეს ადგილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული კერა იყო არა მხოლოდ ჩოხატაურისთვის, არამედ მთელი გურიისთვის _ იმართებოდა საღამოები, იწერებოდა სატელევიზიო გადაცემები. ვახუშტი კოტეტიშვილი ყოველწლიურად სწორედ აქ მართავდა ფოლკლორის საღამოებს, წერდა გადაცემებს და გურულ ფოლკლორს შუაფარცხმიდან აცნობდა მთელს საქართველოს,” _ ამბობს ზაალ მამალაძე.
როგორც აღვნიშნეთ, დღეს ეს ადგილი, საიდანაც მთელი ჩოხატაური ხელისგულივით ჩანს, განადგურებულია. მოჭრილი ხეები, დაზიანებული გზები, დანაგვიანებული გარემო _ ეს რეალობა იქ მოსულს ადამიანს სასიამოვნო განწყობას ნამდვილად არ დაუტოვებს.
ზაალ მამალაძის თქმით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემთხვევაში, ეს ადგილი როგორც ტურისტებისთვის, ასევე მუნიციპალური თუ ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების თვალსაზრისით, მიმზიდველი გახდება:
_ თუკი აღდგება გურული სახლ-მუზეუმი, იქნება კომუნიკაციის ყველა საშუალება _ ვგულისხმობ წყალს, ელექტროენერგიას, გზას, ინტერნეტს, მოეწყობა ველო-მოტო თუ სქეითბორდების ტრასები, ექსტრემალური გასართობები, რომლებიც დიდ ხარჯებთან არაა დაკავშირებული, შუაფარცხმის ტყე-პარკი ტურისტებისთვის, პროფესიონალებისთვის და ახალგაზრდებისთვის საყვარელი ადგილი გახდება. ამის გაკეთება ნიშნავს, რომ შევქმნით დამატებით სამუშაო ადგილებს, დამატებით შემოსავალს გავუჩენთ ადგილობრივ მოსახლეობას, _ აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას ზაალ მამალაძე.
პარკის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს ადგილობრივი მოსახლეობაც. ამ სოფელში მცხოვრები უხუცესები იხსენებენ, რომ “კომუნისტების დროს” იქ სულ ხალხმრავლობა იყო:
_ ამ ადგილის სანახავად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდიოდა. ახლა კი არავინ მოდის… ან რომ მოვიდეს რა უნდა ნახონ _ დანგრეული გზა და გაჩეხილი ხეები?! _ აღნიშნავენ ადგილობრივები.
ისინი პარკთან მისვლამდე მდგარ ორასწლოვან ცაცხვზეც გვიყვებიან, რომლის უნიკალურობაც, მათი თქმით, მხოლოდ ასაკი არ არის:
_ ამ ადგილზე ადგილობრივ კომუნისტებთან და “სპარტაკელებთან” სტალინმა კრება ჩაატარა. მართალია, ფოტო არ არის შემორჩენილი, თუმცა ეს დადასტურებული, კარგად აღწერილი ფაქტია, _ ამბობენ შუაფარცხმელები “გურია ნიუსთან” საუბრისას. ამდენად, ეს ადგილი, მართალია, მძიმე, მაგრამ ჩვენი წარსულის ნაწილია.
მოსახლეობის თქმით, თუ ტყე-პარკი აღდგება, ეს საუკუნის პროექტი იქნება, რომელზეც დიდი ხანია ოცნებობენ. განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, რომლებსაც ჩოხატაურში არანაირი გასართობი არ აქვთ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახა გულედანი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ტყე-პარკის აღდგენის საკითხი ჩოხატაურის პრიორიტეტებში მოხვდება და შესაბამისი პროექტის იარსებებს, სამინისტროს ფინანსებს აუცილებლად მოიძიებს.
მინისტრის მოადგილე ჩვენთან საუბრისას ყურადღებას მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზეც ამახვილებს და აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და ისეთი პროექტების დაფინანსებაა, რომელიც მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენას მოახდენს.
ამდენად, ტურისტული ადგილების ზუსტი აღრიცხვა, ინფრასტრუქტურის განვითარება, არსებულის აღდგენა-მოვლა და ახალი ადგილების შექმნა დაამკვიდრებს გურიას საქართველოს ტურისტულ რუკაზე.