“აქიმიძე და დვალი კაჩაობას თუ დამიწყებენ, ასე ტელევიზია ტელევიზია სირბილით, შეთანხმებას შეიძლება რამე დაემუქროს. არსებობს ნერვების საზღვარი. რაც ვთქვი, ჯერ ძალაშია, რომ ტელევიზიის დაბრუნების შემთხვევაში, წილს გადავცემდი, რაზეც მოვილაპარაკეთ. არსებობს ნერვების საზღვარი. მივეცი ჩვენება, რომ წილი პაატა კარსანიძისგან ვიყიდე. მანამდე რა მოხდა, ვინ ვისთან იძალადა, ადეიშვილმა, რომელიც დღესაც უხილავი ძალაა, ვინ წილი დატმო, ამ პროცესებში წვლილი არ მაქვს.
ვმეგობრობდით, ერთმანეთთან პრეტენზია არ გვქონდა. ადამიანურად, სამართლიანობის აღდგენაში მონაწილეობა შეიძლება მივიღო, თორემ არავითარი ვალდებულება არ გამაჩნია. საქმე სტარსბურგშია. მოლოდინი პოზიტიური მაქვს, შანსი – მაღალი, უშანსოდ არაფერს ვაკეთებ, ძალადობას თუ არ ექნება ადგილი“, – აცხადებს ქიბარ ხალვაში.
2 მარტს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა, 7 მარტს კი – განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
ტელეკომპანიაზე სამართლებრივი დავა მეორე წელია მიმდინარეობს. “რუსთავი 2”-ის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და არხის დამფუძნებლები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი ცდილობენ. ისინი აცხადებენ, რომ მათ ტელეკომპანია ნაციონალების ხელისუფლებამ ძალით დაათმობინა. სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა.
imedinews.ge