ქალაქ ოზურგეთის მერიასა და საკრებულოში, ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში, წინასააღდგომოდ ბიუჯეტიდან ათიათასობით ლარის პრემია გაიცა.
“გთხოვთ, მოგვაწოდეთ 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე მერიაში, გამგეობასა და საკრებულოებში გაცემული პრემიების და დანამატების შესახებ ინფორმაცია. სახელობითი სია და კონკრეტულ პირებზე გაცემული თანხის ოდენობა. რა დამსახურებისთვის გაიცა აღნიშნულ პირებზე პრემია თუ დანამატი“ _ აღნიშნულ საჯარო ინფორმაციაზე, “გურია ნიუსს“ კონკრეტული პასუხი მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოაწოდა.
ჩვენ მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაზე თითოეული ორგანოდან მიღებული ოფიციალური პასუხი ასეთია:
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია:
“აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს მიეცეთ შრომითი გასამრჯელოს სახით, პრემია ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს (45%) ოდენობით, ხოლო და შტატგარეშე მოსამსახურეებზე (40 %)ოდენობით“.
აიღო თუ არა პრემია ქალაქ ოზურგეთის მერმა, ვიცემერმა და მოადგილემ, ამაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ინფორმაცია ამომწურავად მოგვაწოდა:
“საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გოგუაძემ პრემიის სახით 1075 ლარი, კომისიების თავმჯდომარეებმა: ლევან თოიძემ, ლავრენტი ბიგვავამ, ნინო ტაბატაძემ, მედეა მახარობლიძემ, ნანული ორაგველიძემ, ირინა საჯაიამ, თეიმურაზ სალუქვაძემ, კახა კვაჭაძემ, თამარ ნადირიძემ (როგორც ნადირიძემ გვითხრა, ის თანხას უკან აბრუნებს), 750 -750 ლარი, ხოლო აპარატის უფროსმა ზაზა შოშიტაიშვილმა _700 ლარი აიღეს. აპარატის თანამშრომლებმა, თავმჯდომარის თანაშემწემ _ მამუკა ქილიფთარმა, იურისტმა ენვერ ჯაფარიძემ, ასევე, სპეციალისტებმა გენო ბაბილოძემ, თამარ კიღურაძემ და ნინო აბაშიძემ, 425-425 ლარი, მძღოლმა პაატა ლომინაძემ და მდივან-რეფერანტმა ანა მახარძემ პრემიის სახით 325 -325 ლარი აიღეს.
სულ ჯამში, ქალაქ ოზურგეთის საკრებულომ პრემიებისთვის 11 1000 ლარი გასცა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოგვაწოდა სია, თუ ვის სახელზე გაიცა პრემია, ხოლო რა რაოდენობის ამაზე პასუხი არ დააკონკრეტეს:
“აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობის პირებსა და საჯარო მოსამსახურეებს მიეცეთ პრემია შრომითი გასამრჯელოს სახით ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს (50%) ოდენობით. პრემია გაიცა, ასევე, შტატგარეშე მოსამსახურეებზე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პრემიები გასცა ასევე თანამდებობის პირებზე, კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეებზე, თანამდებობრივი სარგოს (50%) ოდენობით, მათ შორის პრემია აიღო საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და მოადგილემ დიმიტრი კვერღელიძემ ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს (100 %) ოდენობით.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მივმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისევ, მოეწოდებინათ კონკრეტული ციფრი, თუ რა რაოდენობის თანხა გასცა საკრებულომ, მათ ეს პასუხი მაინც არ მოგვაწოდეს.
მივმართეთ ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურს კითხვით, თუ რა რაოდენობის პრემია გაიცა მერიაში წინასააღდგომოდ, მათ კითხვაზე პასუხი შემდეგ დაგვიკონკრეტეს:
“ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, არასრული პრემია გაიცა, ჯამში _ 28 920 ლარის ოდენობით. შტატიანი თანამშრომლებისთვის ხელფასის 45%, ხოლო შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ხელფასის 40%. აღსანიშნავია, რომ ქალაქ ოზურგეთის მერიაში პრემია ბოლოს 2016 წლის ზაფხულში გაიცა“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაცემული პრემიების შესახებ კონკრეტული ინფორმაცია კი ასეთია:
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, სულ ჯამში, მის დაქვემდებარებულ სამსახურებში დასაქმებულებსა და ასევე, ტერიტორიულ ერთეულების წარმომადგენლებსა და თანაშემწეებზე, წინასააღდგომოდ, სულ 69 005 ლარის პრემია გასცა, აქედან “მუნიციპალიტეტის გამგებელზე, მის ორ მოადგილეზე, თანაშემწეზე და მდივან-რეფერენტზე, ჯამში_ 9 925 ლარი გაიცა“.
რაც შეეხება გურიის გუბერნიას, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წინასააღდგომოდ, გუბერნიაში პრემიები არ გაცემულა.