ჩვენს ქვეყანაში მიტოვებული ძაღლების რეგისტრაცია არასდროს ჩატარებულა, თუმცა, არაოფიციალური მონაცემებით, მათი რიცხვი 200 000-ს აჭარბებს. გამონაკლისი არც გურიის მუნიციპალიტეტებია, სადაც მიტოვებული ძაღლების სიმრავლის გამო, ადამიანებს უკვე ქუჩაში გადაადგილების ეშინიათ.
შიშის მიზეზი კი ნამდვილად არსებობს _ ცხოველების უმრავლესობა ინფექციების მატარებელია. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ისინი აცრილები არ არიან და არც ის არის გამორიცხული, ცოფითაც კი დაავადდეთ.
_ დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ქუჩაში გავლა საშიშია. ოფისებთან, მაღაზიებთან, ბანკებთან, ნაგვის ბუნკერებთან მისვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. აღარ ვიცით, ვის მივმართოთ, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას ჩოხატაურელები.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ ინდმეწარმემ, რომელთანაც ხელშეკრულებაა გაფორმებული, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შესაბამისად, მიტოვებული ძაღლები ათიოდე დღის წინ წაიყვანა: _ ეს პრობლემა ჩვენთვის ცნობილია. ათიოდე დღის წინ 20 ძაღლი წაიყვანა ინდმეწარმემ და ამ დღეებში ისევ წაიყვანს, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას კუჭავამ.
ინდმეწარმე გიორგი მაღლაფერიძე, რომელიც წლებია, ამ საქმიანობას ეწევა, ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ “ძაღლების წაყვანის პროცესის შეფერხება ნარკოზის არქონამ განაპირობა”:
_ ცოტა ხანი შეფერხება გვქონდა _ ნარკოზი გაგვითავდა და ამიტომ ვერ წავიყვანეთ. მალე მოგვარდება ყველაფერი. დამიჯერეთ, კარგად იქნება ყველაფერი, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მაღლაფერიძემ, რომლის თქმით, მას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ერთი მიტოვებული ძაღლის წაყვანაში 36 ლარს უხდის.
მისივე ინფორმაციით, იგი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მსგავს მომსახურებას ტენდერის გარეშე ასრულებს:
“მეუბნებიან, ტენდერი უნდა იყოს, სხვანაირად არ შეიძლება, კანონის დარღვევააო და ძირითადად, სულ ტენდერები მაქვს. მხოლოდ ჩოხატაურში მაქვს ისე ხელშეკრულება,” _ ამბობს მაღლაფერიძე.
_ “ისე” რას ნიშნავს _ კანონს არღვევთ მუნიციპალიტეტთან ერთად?
_ არა, ისე, ასეა და… კანონს კი არ ვარღვევთ, ყველაფერს ვაკეთებ.
_ გაკეთებულს რას უწოდებთ, ბატონო გიორგი? ადამიანებს ქუჩაში გავლის ეშინიათ…
_ ხო, ამ ორ დღეში ჩამოვალთ და წავიყვანთ ძაღლებს.
_ სად წაიყვანთ? თავშესაფარი გაქვთ?
_ ახლა არა, რემონტშია.
_ აბა, სად მიგყავთ?
_ ტელეფონზე ვერ გეტყვით.
_ რატომ?
_ რომ გნახავთ, ჩუმად გეტყვით.
_ ბატონო გიორგი, სტატიას ვამზადებთ არსებულ სიტუაციაზე და ჩუმად კი არა, ხმამაღლა მითხარით, სად მიგყავთ ძაღლები.
_ მაინც არ მომცემთ საშველს და… ხო, რა ვიცი. ბუნებრივ პირობებში ვაბრუნებთ. მოგვყავს, აცრას, კასტრაციას ვუკეთებთ, “ბირკებს” ვაბნევთ და კანონის შესაბამისად, იქ ვუშვებთ, საიდანაც წამოვიყვანეთ.
_ ე. წ. “ბირკიანი” ძაღლები ქუჩაში არ გვინახავს..
_ კი, როგორ არა. მართლა ვუშვებთ..
_ ბატონო გიორგი, როგორც გვეუბნებიან, თქვენ ოზურგეთში დაჭერილი ძაღლები ჩოხატაურში მოგყავთ, ჩოხატაურში დაჭერილი კი _ ოზურგეთში… ამბობენ, სამტრედიაში, ფოთში დაჭერილ ძაღლებსაც “ასეირნებთ” აქეთ-იქეთ…
_ არა, როგორ გეკადრებათ, ჩოხატაურელ ძაღლს ოზურგეთში როგორ გავუშვებ?! ყველა ცნობს ამ ძაღლებს და მიხვდებიან, _ ამბობს ინდმეწარმე, რომელთანაც გაფორმებული ხელშეკრულების ხარვეზები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის აუდიტის ანგარიშშიც მოხვდა:
“ხელშეკრულების საგანია მაწანწალა ძაღლების იზოლაცია და დაბის ტერიტორიიდან გაყვანა. ხელშეკრულებას თან ახლავს ჩოხატაურის ტერიტორიიდან მოხეტიალე ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურების სატარიფო ცხრილი, რომელშიც გათვალისწინებულია 1 ძაღლის დაჭერაზე რა ოპერაციები იხარჯება. კერძოდ: საწვავი, მედიკამენტები, თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლების საკვები, ცხოველთა დაჭერის ხელფასები, ვეტერინალური მომსახურება, ცოფზე აცრა და ა. შ. არ არის წარმოდგენილი ძაღლების თავშესაფრის ადგილსამყოფელი, მისამართი და ასევე, რა საბოლოო ღონისძიებები გატარდა,” _ აღნიშნულია დასკვნაში.
ჩვენ დავინტერესდით გამოსწორდა თუ არა ამ მხრივ სიტუაცია ჩოხატაურში, მოწესრიგდა თუ არა ხელშეკრულება, და გამგებელს შეკითხვა, მისი მოთხოვნის შესაბამისად, წერილობით გავუგზავნეთ: “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტსა და ი. მ. გიორგი მაღლაფერიძეს შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის საგანია მაწანწალა ძაღლების იზოლაცია და დაბის ტერიტორიიდან გაყვანა. აღნიშნული მომსახურება მოიცავს მიმწოდებლის მიერ ყველა იმ ოპერაციის გახორციელებას, რაც ცხოველების თავშესაფარში გადაყვანას სჭირდება. სატარიფო კალკულაციაში მოცემულია ოპერაციები, რაც უნდა განახორციელოს მიმწოდებელმა, რომ დაკმაყოფილებული იქნას ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მოთხოვნები და ცხოველებისადმი ჰუმანური მოპყრობის ყველა ნორმები. მომსახურება მოიცავს ცხოველების იზოლაციას და მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გაყვანას. ინსპექტირების ჯგუფი აფიქსირებს მხოლოდ დაჭერილი ცხოველების რაოდენობას, ხოლო თავშესაფარში გადაყვანას და შემდეგი ოპერაციების ჩატარებას უზრუნველყოფს ინდივიდუალური მეწარმე. მონიტორინგს აწარმოებს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები,” _ მოგვწერა ირაკლი კუჭავამ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მაღლაფერიძე გვეუბნება, რომ თავშესაფრის რემონტი მალე დასრულდება და სტანდარტების შესაბამისად იფუნქციონირებს. მანამდე კი ამბობს, რომ ახლა სხვა გზა არ აქვს.
_ ბატონო გიორგი, ამ თემაზე პირველად არ ვამზადებთ სტატიას. თქვენ მიერ ძაღლების დაჭერის არაადამიანური მეთოდები, რაიონიდან რაიონში გაშვებული ცხოველები ჩვენი მკითხველისთვის უცხო არ არის… მართალია, ყოველთვის უარყოფთ, თუმცა, ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებენ და ამის შესახებ ჩვენს არქივში არა ერთი მასალა იძებნება…
_ ძაღლებს აღარ ვკლავ. მართლა მიმყავს, ვცრი და უკან, ადგილზე ვაბრუნებ.
_ თუ თავშესაფარი არ გაქვთ, სად ცრით ცხოველებს?
_ იქ არის ამის ადგილი.
_ და ამის მიუხედავად, ძაღლებს შესაბამისი ნიშნები არ აქვთ…
_ იცით, რა ხდება? ახლა ბევრი ძაღლი ატეხილია, მას დასდევენ სხვები და მე რა ვქნა ასეთ დროს?
_ და მოსახლეობამ რა ქნას? თქვენ ამ მომსახურებაში ხომ ფულს იღებთ?
_ კი, ყველა საბუთი წესრიგში მაქვს და კანონს არ ვარღვევ, _ ამბობს მაღლაფერიძე, რომლის თქმით, ყველაზე იაფად მსგავს მომსახურებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტს უწევს:
_ სამტრედიაში ტენდერი მაქვს მოგებული და ერთ ძაღლში 31 ლარს ვიღებ, ფოთში _ 40 ლარს, ოზურგეთში _ 35 ლარს, ხოლო წალენჯიხაში _ 25 ლარს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ისინი საწვავს მაძლევენ და თან წელიწადში ერთხელ მეძახიან, _ განმარტავს ინდმეწარმე.
კითხვაზე, შეისწავლეს თუ არა ხელშეკრულების დადებამდე სხვა მუნიციპალიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებები, ჩოხატაურის გამგებელი ასეთ პასუხს გვწერს:
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან 1 ცხოველის იზოლაცია და თავშესაფარში გადაყვანის ღირებულება შეადგენს 36 ლარს. ღირებულებაში შედის მომსახურება, რაც საჭიროა იზოლირებული ცხოველების თავშესაფარში მოთავსებისთვის, ყველა ნორმის დაცვით. ხელშეკრულების დადებამდე მოკვლეული იქნა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მომსახურების ღირებულება. კერძოდ: ის ხობში შეადგენს 40 ლარს, ფოთში _ 40 ლარს, ოზურგეთში _ 35 ლარს, წალენჯიხაში 1 ვიზიტის ღირებულება შეადგენს 500 ლარს (არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი ცხოველი იქნება იზოლირებული), ჩხოროწყუში ასევე 1 ვიზიტის ღირებულება შეადგენს 630 ლარს. ამ ტერიტორიიდან იზოლირებული ძაღლები გადაჰყავთ ოზურგეთის თავშესაფარში მისამართზე _ ოზურგეთი სოფ. ოზურგეთი. აქედან გამომდინარე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ცხოველების იზოლირება ხდება სრულიად მისაღებ ფასად. ასევე შესაძლებელია ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მომსახურების დაბალი ფასი განპირობებული იყოს ტენდერით გახორციელებული შესყიდვით,” _ აღნიშნულია ირაკლი კუჭავას მიერ გამოგზავნილ ოფიციალურ კომენტარში.
მიტოვებული ძაღლების სიმრავლე აწუხებთ სამტრედიის მუნიციპალიტეტშიც, რომლის გამგებელი ვალერი ფოცხვერია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს იმ მოქალაქეების “დამსახურებაა”, რომელიც თავიანთ ძაღლებს ქუჩაში ყრიან:
_ სამტრედიის ადგილმდებარეობის გამო ეს პრობლემა განსაკუთრებით გვაწუხებს. სამწუხაროდ, მოქალაქეები აქ ტოვებენ მობეზრებულ ძაღლებს, რაც დანაშაულად მიგვაჩნია, თუმცა, ვერაფერს ვაკეთებთ. რაც შეეხება ინდმეწარმე მაღლაფერიძეს, მას ტენდერი აქვს მოგებული და წლის განმავლობაში 15 000 ლარს იღებს, _ გვითხრა ფოცხვერიამ.
_ ბატონო ტარიელ, გვაქვს ინფორმაცია რომ აღნიშნული ინდმეწარმე, წინა წლების მსგავსად, ახლაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტოვებს დაჭერილ ძაღლებს, რითაც პრობლემა არ გვარდება…
_ ჩვენ ვცდილობთ გავაკონტროლოთ _ შესაბამისი სამსახური სოფელ საჯავახომდე მიჰყვება ხოლმე, რომ დაადგინოს, ხომ არ ტოვებენ ძაღლებს გზაზე და ასეთი ფაქტი არ დაგვიფიქსირებია. თუმცა, ახლა უფრო შორ მანძილზე გავაყოლებ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რომელსაც არ აღმოაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაღლაფერიძეს ძაღლების თავშესაფარი არ აქვს:
_ გასულ წელს ვიყავი ოზურგეთში და ვნახე, რომ ჰქონდა თავშესაფარი. წელს არ შემიმოწმებია, თუმცა, აუცილებლად დავინტერესდები და მოვიკვლევ, რა ხდება, _ ამბობს ვალერი ფოცხვერია.
ეს ინფორმაცია არ აღმოაჩნდათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მუნიციპალური მომსახურების ცენტრში. მაღლაფერიძის მტკიცების საწინააღმდეგოდ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მას ერთი ძაღლის დაჭერაში 35 ლარს უხდის, ცენტრის ხელმძღვანელი შალვა კონჯარია ამბობს, რომ ამაში ფული არ იხარჯება:
_ გიორგი მაღლაფერიძე ჩვენი ა(ა)იპ-ის თანამშრომელია. მას და რამდენიმე მუშას ეძლევა ხელფასი და აქვთ თანხა ხარჯებისთვის. როდესაც ჩვენთან შემოდის შეტყობინება, ისინი გადიან იმ ადგილზე, მოჰყავთ ძაღლები თავშესაფარში, ცრიან და კანონის შესაბამისად უკან აბრუნებენ. ამას ვამოწმებთ კიდეც. რაც შეეხება თავშესაფრის არარსებობას, ბოლო დღეებია არ შემიმოწმებია, თუმცა, ვიცი რომ ჰქონდა და ამჟამინდელ სიტუაციას აუცილებლად გავეცნობი, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას კონჯარიამ.
მაღლაფერიძისგან მომსახურება ტენდერის საშუალებით აქვს შეძენილი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტსაც. როგორც ა(ა)იპ “ოზურგეთის სერვისცენტრის სამსახურის” უფროსი ვლადიმერ სალუქვაძე ამბობს, ტენდერის ერთ-ერთი მთავარი პირობა სწორედ თავშესაფრის ქონაა:
_ რამდენჯერმე პირადადაც გადამიმოწმებია და რას ნიშნავს, რემონტი აქვს და დახურა? _ გაოცება ვერ დამალა სალუქვაძემ და რამდენიმე წუთი დეტალების გასარკვევად ითხოვა.
მან ამ საუბრიდან დაახლოებით ათ წუთში დაგვირეკა და გვითხრა, რომ თავშესაფარი ნამდვილად ფუნქციონირებს და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მომსახურებას სრულად იღებს.
სალუქვაძესთან საუბრის დასრულებიდან რამდენიმე წუთში, გიორგი მაღლაფერიძე ისევ დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ინფორმაცია თავშესაფრის დროებით დახურვის შესახებ შეცდომით მოგვაწოდა:
“მე მგონი, კარქათ ვერ გითხარით. ნარკოზი არ მაქვს და იმიტომ გვაქვს პრობლემა. დროებით ვერ ვაკეთებთ ოპერაციას და ეგაა. ნარკოზი მაქვს შემოსატანი თბილისიდან, ფსიქოტროპულია და არ ვარ მე ის კაცი, რომ თქვენ ვერ გაგიგოთ. ახლა ვოვამაც (ვლადიმერ სალუქვაძე. ავტ.) დამირეკა, მისაყვედურა და მართალიცაა. მაგრამ ალბათ, თავდაპირველად ვერ გითხარით კარქათ რაღაცა _ აქეთ ბავშვები მესეოდა და იქით ქალი _ აქეთ გააჩერე, იქით გააჩერეო,” _ ასე აგვიხსნა “შეცდომით მოწოდებული ინფორმაციის” მიზეზი მაღლაფერიძემ და იმის პირობაც მოგვცა, რომ რამდენიმე დღეში ყველა პრობლემა მოიხსნება:
_ ყველა მიტოვებული ძაღლს წავიყვანთ, ავცრით, კასტრაციას ჩავუტარებთ და არც ერთი ძაღლი საშიში არ იქნება. გპირდებით, _ დაგვაიმედა მაღლაფერიძემ.