თბილისის სააპელაციო სასამართლომ ვებ-პორტალ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტს საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე უარი უთხრა. სასამართლოდან „გურია ნიუსისთვის“ გამოგზავნილი წერილში აღნიშნულია, რომ „თქვენს განცხადებაში მითითებული მოთხოვნა იძლევა პროცესის მონაწილეთა პირდაპირი ფორმით იდენტიფიცირების შესაძლებლობას, თბილისის სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საჯარო ინფორმაციის სახით გასცეს მოთხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი“, თუმცა, იურისტების შეფასებით, სასამართლომ ამ შემთხვევაში ჟურნალისტს ინფორმაციის მიღება შეუზღუდა და კანონი დაარღვია.
„გურია ნიუსისთვის“ გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი ნინო ლომსაძე აწერს ნათქვამია, რომ განჩინების ასლის დაშტრიხული სახით მოწოდებაზე უარის თქმის საფუძველი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებაა, რაც „საერთო სასამართლოების მიერ გადაწყვეტილებების გაცემისა და გამოქვეყნების წესს“ არეგულირებს და 2017 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში.
„საერთო სასამართლოების მიერ გადაწყვეტილებების გაცემისა და გამოქვეყნების წესში“ კი აღნიშნულია, რომ:
1. ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით მიიღოს ღია სასამართლო სხდომაზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი, ხოლო დახურული სხდომის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
2. სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს როგორც წერილობითი ასევე ელექტრონული ფორმით;
4. განცხადება უნდა შეიცავდეს განმცხადებლის ვინაობას, მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას, მოთხოვნას, თარიღსა და ხელმოწერას. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი ამოწმებს განცხადების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
5. სასამართლო გადაწყვეტილების იდენტიფიცირების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს საქმის ნომრის, ან/და დავის საგნის შესახებ ინფორმაციის, ასევე სხვა ნებისმიერი ინფორმაციის წარდგენა, რაც აუცილებელია საკითხის გადასაწყვეტად. ამ შემთხვევაში, საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს წარდგენიდან არა უგვიანეს 10 დღისა;
6. სასამართლოს გადაწყვეტილებების ერთიან რეესტრში გადაწყვეტილების ელექტრონული სახით გამოქვეყნება არ ათავისუფლებს სასამართლოს დადგენილი წესით სასამართლო გადაწყვეტილების გაცემის ვალდებულებისგან.
რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილების გაცემაზე უარს, ამავე წესში აღნიშნულია:
- საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია უარი თქვას სასამართლო გადაწყვეტილების გაცემაზე, თუ იგი შეიცავს, სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას.
- ასამართლო გადაწყვეტილებაში პერსონალური მონაცემების დამუსავების საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
- თუ სასამართლო გადაწყვეტილებაში პერსონალური მონაცემების დამუშავება იწვევს გადაწყვეტილების ისეთი სახით ფორმირებას, რაც განმცხადებელს ართმევს სასურველი მიზნით მისი გამოყენების შესაძლებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განმცხადებელთან შეთანხმებით.
- თუ განცხადებაში მითითებული მოთხოვნა იძლევა პროცესის მონაწილეთა პირდაპირი ან არაპიდაპირი ფორმით იდენტიფიცირების შესაძლებლობას, განმცხადებელს უარი ეთქმება სასამართლო გადაწყვეტილების გაცემაზე გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი.
- გადაწყვეტილება სასამართლო გადაწყვეტილების გაცემაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს უარის თქმის საფუძვლები და გასაჩივრების წესი. სასამართლო გადაწყვეტილების გაცემისთვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება მის გაცემაზე უარის თქმად.
- უარი სასამართლო გადაწყვეტილების გაცემაზე შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ თანამდებობის პირთან ან სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, _ აღნიშნულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცემულ წესში, რომელსაც ხელს საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აწერს.
ცნობისთვის, „გურია ნიუსი“ თბილისის სააპელაციო სასამართლოდან ითხოვდა დაშტრიხული სახით მიეწოდებინათ ინფორმაცია კონკრეტულ საქმეზე, რომელიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით გამოირჩევა და ყოფილი თანამდებობის პირის – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონებას ეხება. მოსამართლე მერაბ ლომიძემ აღნიშნულ საქმეზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2017 წლის 15 მარტს გამოაცხადა, თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლოდან განჩინების დასაბუთებულ ნაწილს ვითხოვდით.
პირველი წერილში, რომელიც ვებ-პორტალის ჟურნალისტმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა, აღნიშნული იყო დავის საგნისა და მხარეების შესახებ ინფორმაცია.
სასამართლოდან ჩვენი განცხადების საპასუხოდ პირველი წერილი მეორე დღესვე, 11 აპრილს მივიღეთ, სადაც ნათქვამია, რომ „განცხადებაში მითითებული მოთხოვნა იძლევა პროცესის მონაწილეთა პირდაპირი ფორმით იდენტიფიცირების შესაძლებლობას, თბილისის სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას საჯარო ინფორმაციის სახით გასცეს მოთხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების ასლი“.
იმავე დღეს, მედიასაშუალების ჟურნალისტმა სასამართლოს განმეორებით გაუგზავნა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის განცხადება, სადაც მხოლოდ განჩინების ნომერი და მისი გამოცხადების თარიღი იყო მითითებული. განცხადება არ იძლეოდა პროცესის მონაწილე მხარეების იდენტიფიცირების საშუალებას, შესაბამისად, არ ირღვეოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი.
განცხადების გაგზავნიდან 9 დღის შემდეგ, „გურია ნიუსმა“ სასამართლოში გადაამოწმა, აპირებდნენ თუ არა ჩვენთვის პასუხის გამოგზავნას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი ნინო ლომსაძემ „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ჟურნალისტის განცხადება კვლავ ქმნის პროცესის მონაწილე პირების იდენტიფიცირების საშუალებას.
„პირველ განცხადებაში, რომელიც პირადად თქვენ ჩააბარეთ, მითითებული გაქვთ პირადი ნომერი, ასევე, იმ განცხადებაზეც, რომელიც გამოაგზავნეთ ელექტრონულად მეორე დღეს, თქვენი პირადი ნომერია აღნიშნული. აქედან ირკვევა, რომ განცხადების როგორც პირველად დამწერი, ასევე, შემდეგ გამომგზავნიც ერთიდაიგივე პიროვნება ბრძანდება, ამიტომ იძულებული ვიყავით ეგეთი პასუხი გაგვეცა თქვენთვის… ვერ გეტყვით მიიღებთ თუ არა ამ განცხადებას საერთოდ, დაუკავშირდით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და ის გიპასუხებთ…2-3 წლის წინ არ ყოფილა პრობლემა. ჩვეულებრივი ვშტრიხავდით და ვაძლევდით ინფორმაციას განმცხადებელს, თუმცა, ახლა იძულებულები ვართ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედოთ“, _ გვითხრა ლომსაძემ.
კითხვაზე _ თუ სხვა ჟურნალისტი ან დაინტერესებული მოქალაქე მოითხოვს, აღნიშნულ განჩინებას მხოლოდ საქმის ნომრის მითითებით, მისცემთ თუ არა მას? _ ლომსაძემ გვიპასუხა: „მე განცხადებით ვერ უნდა ვხედავდე, რომ იმ კონკრეტულმა ჟურნალისტმა ან პირმა იცის საქმის მხარეების შესახებ და მოახდენს მათ იდენტიფიცირებას. ასეთ შემთხვევაში, შემიძლია ინფორმაცია გავცე“, _ განაცხადა ლომსაძემ.
ზღუდავს თუ არა საჯარო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აღნიშნული მოქმედება, ან რა უნდა გააკეთოს ჟურნალისტმა, რომ საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად სასამართლოდან ინფორმაცია მიიღოს, ამ კითხვაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნინო სუხიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტისთვის ინფორმაციის მიწოდება შეზღუდა.
„გამომდინარე იქედან, რომ მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი, სასამართლოებს აქვთ ვალდებულება, რომ დაშტრიხული სახით გასცენ ინფორმაცია, თუმცა, თქვენს შემთხვევაში, როდესაც მიმართეთ კონკრეტული საქმის გამოთხოვოთ, კიდეც რომ დაეშტრიხათ ეს ინფორმაცია, იდენტიფიცირებადი იქნებოდა, კიდეც რომ დაეშტრიხათ. ეს არის ის განმარტება, რაზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მიიღო გადაწყვეტილება. თქვენ რომ მიგემართათ, მაგალითად, ისეთი ფორმით, სადაც არ გამოჩნდებოდა რომ იცოდით საქმის დეტალების შესახებ, დავუშვათ, გამოგეთხოვათ რომელიმე კონკრეტულ თარიღში მიღებული გადაწყვეტილებები, მაშინ უნდა მიეწოდებინათ ეს ინფორმაცია.
თუმცა, აქ არის მეორე საკითხი, რამდენად მაღალი საჯარო ინტერესის საქმეს ითხოვდით სასამართლოსგან. რადგან თქვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია შეეხებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის სადაო ქონებას, რომელიც არის მაღალი თანამდებობის პირი, ასეთ შემთხვევაში არსებობდა მაღალი საჯარო ინტერესი. სასამართლოს კი ასეთ შემთხვევაში შეუძლია არცკი დაშტრიხოს მონაცემი და ისე მოგაწოდოთ თუ მის სამსახურებრივ საქმიანობასთან არის კავშირში ამ ქონების საკითხი.
ზოგადი შეფასება არის ის, რომ როდესაც ჟურნალისტები ითხოვენ მაღალი თანამდებობის პირების საქმეებს სასამართლოდან, სასამართლომ უნდა მისცეს ინფორმაცია არა პერსონალურ მონაცემთა დაფარვით, არამედ პირიქით. მათ უნდა გამოიყენონ საჯარო ინტერესის ტესტი. თანამდებობის პირებს პერსონალური მონაცემები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არ აქვთ“, _ აცხადებს სუხიშვილი და დასძენს, რომ სასამართლომ აღნიშნულ შემთხვევაში არა მარტო ჟურნალისტს, არამედ, როგორც მოქალაქესაც შეუზღუდა ინფორმაციის მიღება. თუმცა იურისტი განმარტავს, რომ სასამართლომ თავის მხრივ უნდა უზრუნველყოს ბალანსის დაცვა კერძო და საჯარო ინტერესს შორის.
„გირჩევთ, გაასაჩივროთ სასამართლოში ეს პასუხი, რადგან არ არსებობს ცალსახა მიდგომა. სასამართლოს კი გასაჩივრების შემთხვევაში მსჯელობის საშუალება ექნება რამდენად საჯარო ინტერესი“, _ განმარტავს სუხიშვილი.
რაც შეეხება სასამართლოსთვის განმეორებით მიმართვას, სადაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, განცხადებაში არ ჩანდა მხარეების მაიდენტიფიცირებელი საშუალება (პერსონალური მონაცემები), იურისტი ამბობს, რომ „ასეთ შემთხვევაში სასამართლოს ინფორმაცია აუცილებლად უნდა გაეცა“.
„მეორე შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოეცათ ინფორმაცია. როგორც ჩანს, გაითვალისწინეს ის, რომ თქვენ მიმართეთ პირველ შემთხვევაშიც და მეორედაც და გააერთიანეს ორივე წერილი რატომღაც. რაც არ არის სწორი. ეს იყო თქვენი ცალკე მოთხოვნა, სადაც არ ჩანდა, რომ იცოდით ამ საქმეზე რაიმე“, _ აცხადებს იურისტი.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სასამართლო გადაწყვეტილებათა ხელმისაწვდომობის შეზღუდვებთან დაკავშირებით შენიშვნები და რეკომენდაციები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ჰქონდათ. მაგალითად, 2017 წლის თებერვალში, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ „2016 წლის 12 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საერთო სასამართლოების მიერ სასამართლო გადაწყვეტილებების გაცემისა და გამოქვეყნების წესის შესახებ, რომელიც აწესებს ძალზედ შემზღუდველ რეგულაციებს და, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოსთან. მიუხედავად ამისა, ახალი წესის დადებით მხარედ უნდა ჩაითვალოს ის, რომ იქმნება სასამართლო გადაწყვეტილებათა რეესტრი და პროაქტიულად გამოქვეყნების ბაზა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს სასამართლოს პრაქტიკას მის ინტერესის სფეროში შემავალ კონკრეტულ საკითხებზე“.
ამავე კვლევის დასკვნაში კი ნათქვამია:
„ IDFI მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, არსებობდეს სასამართლო გადაწყვტილებებისა და პროცესების ხელმისაწვდომობის ზოგადად მაღალი სტანდარტი, როდესაც მისი შეზღუდვა შესაძლებელი იქნება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ კონკრეტულ შემთხვევებში, გარდაუვალი აუცილებლობისას და შესაბამისი დასაბუთებით. სასამართლო გადაწვეტილება უნდა იყო ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აღნიშნული წესიდან შესაძლებელია, დაიშვას მხოლოდ კანონით დადგენილი გამონაკლისები. სასამართლო გადაწყვეტილებებში არსებული პერსონალური მონაცემების, კომერციული საიდუმლოებისა თუ კონფიდენციალური ინფორმაციის დაფარვა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ მხარეთა მოტივირებული შუამდგომლობით ან მოსამართლის ინიციატივით. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებში პერსონალური თუ სხვა ინფორმაციის ნაწილობრივი დაფარვა ვერასდროს უზრუნველყოფს პირთა მონაცემების ანონიმურობის სრულ დაცვას, რადგან პირის თუ გარემოებების ირიბი იდენტიფიკაციის გამორიცხვა მაინც შეუძლებელი იქნება. ამავე დროს, ინსტიტუციურად შემდგარი ქვეყნებისგან განსხვავებით, ისეთი მყიფე დემოკრატიისა და სამართლებრივი სისტემის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, საჯაროობის მაღალი სტანდარტის არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ საზოგადოებრივი ნდობის მოპოვებით შეიძლება ხელისუფლების ყველა შტოს შეცდომების თუ გადაცდომების პრევენცია და ძლიერი საზოგადოებრივი კონტროლის სისტემის უზრუნველყოფა“, _ აღნიშნულია IDFI-ს კვლევაში.
ცნობისთვის, „გურია ნიუსისთვის“ ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. ამავე საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ლომიძემ, 2017 წლის 20 თებერვალს, “გურია ნიუსის” ჟურნალისტს ფოტოგადაღების უფლება არ მისცა. როგორც ლომიძემ განმარტა, როდესაც პროცესს იღებს ტელევიზიის ჟურნალისტი, თუ ფოტოდაგაღებასაც დაუშვებს, პროცესის ხელი შეეშლება.
მერაბ ლომიძემ გადაწყვეტილების დასასაბუთებლად გამოიყენა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 პრიმა მუხლი, რომელიც სასამართლო სხდომის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებას ეხება. თუმცა, კანონის არცერთ მუხლში აღნიშნული არ არის, რომ ვიდეოგადაღების შემთხვევაში, სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტს ფოტოგადაღების უფლება არ აქვს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, რომელსაც პროცესის შეუზღუდავად გადაღების უფლება აქვს, სასამართლო პროცესებზე ფოტოგადაღების პრაქტიკა არ აქვს.
საიას იურისტი ამ შემთხვევაში განმარტავს, რომ:
„როდესაც პროცესი ღიაა, არა აქვს მნიშვნელობა რამდენი ჟურნალისტი ესწრება და რამდენი იღებს, თქვენც შეგიძლიათ განახორციელოთ ფოტოგადაღება, მიუხედავად იმისა, პირდაპირ ეთერში გადაიცემა თუ არა ეს პროცესი. არ ჰქონდა უფლება მოსამართლეს თქვენთვის ფოტოგადაღება აეკრძალა“, _ აღნიშნავს ნინო სუხიშვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „გურია ნიუსს“ ინფორმაციის მოპოვების საშუალება შეეზღუდა, წერილობითი დასაბუთების მიღების შემდეგ, სასამართლოში გავასაჩივრებთ.
რაც შეეხება გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონების საქმეს, შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, მოქალაქე როლანდ ბლადაძის (სადაო ქონების თავდაპირველი მესაკუთრე) საჩივარი არ დააკმაყოფილა და ქონება პაპუაშვილის საკუთრებაში დარჩა.
საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში მერაბ ლომიძემ (მომხსენებელი, თავმჯდომარე), თეა ძიმისტარაშვილმა და ამირან ძაბუნიძემ განიხილეს. პალატას განმარტება არ გაუკეთებია, თუ რა სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გამო არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნები. სასამართლომ მხარეებისთვის მხოლოდ მიღებული განჩინების გასაჩივრების წესი და ვადები განმარტა.
ამავე თემაზე:
რა კითხვებს აჩენს გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონების საქმეზე გადაწყვეტილების გამოუცხადებლობა
ყოფილი მოსამართლის სადაო ქონება _ მხარეები გადაწყვეტილების მოლოდინში
ვინ და რატომ ითხოვს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე ეკონომიკის სამინისტროს მოქმედებების შეფასებას
“ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან”
სამ მოსამართლეს შესაძლო კორუფციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ
რაზე უთხრა გიორგი პაპუაშვილს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ
მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს -“ახალგაზრდა ადვოკატები”
რა გარიგებას დებს გიორგი პაპუაშვილი სადაო ქონებასთან დაკავშირებით
“ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის”
გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! –”ახალგაზრდა ადვოკატები” ომბუდსმენს მიმართვენ
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს
ვინ აწვდის ცალმხრივ ინფორმაციას საზოგადოებას პაპუაშვილის სადაო ქონებაზე
გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს
პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს
“ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს”