ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტი, ყოფილი თავმჯდომარის _ დავით შარაშიძის გარდაცვალების გამო, ამ დრომდე თავისუფალია; თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე უსასყიდლოდ ასრულებს და მოვალეობას თავსაც ართმევს, მაგრამ ბრძოლა ამ პოსტის დასაკავებლად, ფარული მოძრაობებიდან, აშკარად გამოვიდა სამზეოზე.
როგორც უკვე ვწერდით, ამ პოსტზე პრეტენზიას რამდენიმე კანდიდატი აცხადებდა, რომელთა შორის, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, კლოდი მდინარაძეც იყო. მდინარაძის კანდიდატურის შესახებ, საკრებულოს “ქართული ოცნების” ფრაქციის სხდომაზეც გაჟღერდა და კოლეგების ნაწილმა მხარდაჭერაც გამოთქვა. როგორც ფრაქციის თავმჯდომარე ზვიად მამალაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობდა, პარტიის ცენტრალურ ოფისშიც შეათანხმა კანდიდატურა და პარტიამაც მდინარაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
ამის მიუხედავად, კომისიის თავმჯდომარის პოსტის კიდევ ერთი “მაძიებელი”, მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას, რომელიც ასევე პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელია, ცოლისდა _ ქეთევან სიხარულიძე, თბილისში მხარდამჭერების ძიებას და კოლეგების ფაქტის წინაშე დაყენებას შეუდგა. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ალტერნატიული ვარიანტი _ ახლადგახსნილი ხელოვნების სასახლის დირექტორობის სურვილი, სიხარულიძემ “მარაგში” დაიტოვა და ამჯერად, კომისიის თავმჯდომარის პოსტი დაისახა მიზნად.
სიხარულიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, “ქართული ფორუმის” რიგითი წევრი კი არა, საკრებულოს “ფორუმის” ფრაქციის ხელმძღვანელი იყო და სოლიდურ ხელფასსაც ამ პარტიის დამსახურებით იღებდა, მაგრამ ოპონენტი პარტიის _ “ქართული ოცნების” კანდიდატს ღიად დაყვებოდა შეხვედრებზე. როგორც ჩანს, მაჟორიტარმა დეპუტატმაც თავი “დავალებულად” ჩათვალა და თვითმმართველობის ყველაზე მთავარი პრინციპი _ სხვა ინსტიტუციებზე დამოუკიდებლობის უფლების შელახვაც მოინდომა: ნინო წილოსანი 26 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომას დაესწრო და დეპუტატებს პირდაპირ მიუთითა, რომ ქეთევან სიხარულიძე კომისიის თავმჯდომარე უნდა გახდეს.
ამ მითითების გამო, სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა სურების მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ სოროზანიშვილმა:
_ ერთი კვირის წინ გვითხრეს, რომ ახალგაზრდა კადრის, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, კლოდი მდინარაძის კანდიდატურა შეარჩია პარტიამ. ვიმსჯელეთ, გავიარეთ და თანხმობა ვთქვით. გადის ერთი კვირა, მივდივართ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ესწრება და გვეუბნებიან, რომ კლოდი კი არა, ქეთევან სიხარულიძე უნდა წარვადგინოთ და ავირჩიოთ. როდესაც ასეთ ცვლილებას აკეთებენ, მინიმუმ, ის მაინც უნდა გვითხრან, რა დააშავა კლოდიმ! ამავე დროს, საკრებულო არის დამოუკიდებელი ორგანო და ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის ჩარევა მიუღებელია. აქ ყველა დამოუკიდებელი პიროვნებაა, ყველას აქვს საკუთარი აზრი და არ შეიძლება მსგავსი ტიპის მითითებები მოგვცენ. გადაწყვეტილება ჩვენ უნდა მივიღოთ და მივიღებთ კიდეც სხვისი კარნახის გარეშე. არ ვიცი, ვისი პირადი ინტერესებით ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ის ვიცი, რომ ასეთ ქმედებაში მე მონაწილეობას არ მივიღებ! _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ოთარ სოროზანიშვილმა.
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ზვიად მამალაძე ამბობს, რომ ნინო წილოსანი სხდომაზე მოულოდნელად “ეწვია”:
_ არ ველოდით სხდომაზე. დილით გავიგე მისი ჩამოსვლის შესახებ. დამირეკა და ითხოვა, სხდომას დასწრებოდა, _ აღნიშნა ზვიად მამალაძემ, რომლის ინფორმაციით, წილოსანმა აღნიშნულ სხდომაზე ქეთევან სიხარულიძის მხარდაჭერა ოფიციალურად დაადასტურა.
_ უბრალოდ, თქვა, რომ მხარს უჭერს ქეთევან სიხარულიძეს, _ გვითხრა მამალაძემ.
_ ჩვენ ვიცით, რომ თქვენ პირადად კლოდი მდინარაძეს უჭერდით მხარს და მისი კანდიდატურა პარტიასთანაც შეათანხმეთ…
_ კი, რა თქმა უნდა, ვუჭერდი. მას მხარს უჭერდა პარტიაც, თუმცა, შეიცვალა პარტიის დამოკიდებულება.
_ ეს როგორ გავიგოთ?
_ არ ვიცი, ალბათ, სხვადასხვა მიზეზების გამო. ალბათ, სხვაგან ჰყავთ გათვალისწინებული კოკა.
_ არ იკითხეთ, რატომ დაბლოკეს თქვენი კანდიდატურა?
_ ხომ გითხარით? სამომავლოდ შეიძლება სხვა ადგილზე განიხილება. არ ვიცი, რატომ. ამ შემთხვევაში, მხარს უჭერენ ქეთევან სიხარულიძის კანდიდატურას.
_ თქვენ?
_ ვისაც უჭერს პარტია მხარს, იმას უჭერს ფრაქციაც.
_ თქვენ ხომ ერთი კვირის წინ მდინარაძეს უჭერდით მხარს?
_ პარტიის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ახლა ასეა.
_ რატომ წყვეტს პარტია ან ნინო წილოსანი, თუ ვინ იქნება საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე?
_ ამას პარტია კი არა, ფრაქცია წყვეტს, მაგრამ პარტიას აქვს უფლება, რეკომენდაცია მისცეს ერთ ან მეორე კანდიდატურას.
_ და პარტია რომ ხან ერთს აძლევს “რეკომენდაციას” და ხან მეორეს, ამას რა ჰქვია?
_ ამას ქვია კანდიდატის ცვლილება.
_ ამას არ ჰქვია შიდა საქმეებში ჩარევა?
_ არა, საპარლამენტო არჩევნების დროსაც ხომ შეიცვალა კანდიდატი?!
_ ამ ცვლილებას, “ქართული ოცნებისთვის” სასიკეთო განწყობები სულაც არ მოჰყოლია. ამასთან, საპარლამენტო კანდიდატზე კი არა, თვითმმართველობაზე და დამოუკიდებელ საკრებულოზე ვსაუბრობთ, რომლის დეპუტატებსაც “ზემოდან” მარტივად რომ ვთქვათ, იგდებენ… ჯერ ერთს გეუბნებიან, მერე _ მეორეს, თანაც ისეთ კადრს გთავაზობენ, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სხვა პარტიიდან გარიცხეს…
_ ამის განხილვის დრო ახლა არაა. გადაწყვეტილებას, ვინ დააყენოს კანდიდატად იღებს ფრაქცია, მაგრამ რეკომენდაციას გვაძლევს პარტია.
_ მაგრამ ერთი კვირის წინ “დამოუკიდებელმა” ფრაქციამ, პარტიის “რეკომენდაციით” ხომ მდინარაძის კანდიდატურის დაყენების გადაწყვეტილება მიიღო? ერთი კვირის მერე კი, იღებთ ზარს პარტიიდან სხვა კანდიდატურაზე, ამ ზარს დეპუტატიც ფეხდაფეხ მოჰყვება, დირექტივას იძლევა, ვინ “აირჩიოთ” და გვიმტკიცებთ, რომ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებთ?
_ გეუბნებით, როგორც იყო. რეკომენდაციის გაწევა ყველას შეუძლია. ეს შეგვიძლია გავითვალისწინოთ, შეგვიძლია _ არა. საბოლოოდ ყველაფერი გადაწყდება ხმათა უმრავლესობით.
_ თქვენი უმრავლესობა ცენტრალურ ოფისს ემორჩილება პრინციპით _ “მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას, თუკი პარტია მიბრძანებს ამას” თუ აცნობიერებს საკუთარი დამოუკიდებლობის მნიშვნელობას?
_ ეგრე არ არის. “ქართული ოცნება” და მისი ხელმძღვანელობა არასდროს იკადრებს “დედის და მამის მოკვლას”. ასეთი გადაწყვეტილების მიღება არ მოგვიწევს, _ ამბობს მამალაძე.
მამალაძის მსგავსად, ფრაქციის წევრი, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე დავით გუდავაძე ამბობს, რომ პარტიის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს:
_ დეპუტატის დანახვამ ძალიან დიდი სიმპათია და მხიარულება(?!!!) გამოიწვია სხდომაზე, რადგან გაგვიხარდა, დიდი ხანია არ გვინახია. არ ვიცოდი, მოსვლის მიზეზი რა იყო, _ აღნიშნა გუდავაძემ.
მისივე თქმით, ერთი კვირის წინ, ფრაქციის სხდომაზე ნამდვილად განიხილეს მდინარაძის კანდიდატურა:
_ წინა სხდომაზე გვითხრეს, რომ პარტიამ დადებითი დახასიათება მისცა კლოდის კანდიდატურას. დღეს კი გვითხრეს, რომ შეიცვალა. კითხვები გვქონდა, თუმცა, დეპუტატმა განმარტა, რომ პარტიამ გადაწყვიტა ასე. კოკა ჩვენია, ჩვენი გუნდის წევრია რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა ასეთი გადაწყვეტილებაა, _ თქვა ჩვენთან საუბრისას გუდავაძემ.
_ ბატონო დავით, კითხვა არ გაგიჩნდათ, თუ რატომ ერევა თქვენს საქმიანობაში პარტიის ცენტრალური ოფისი და მაჟორიტარი დეპუტატი?
_ ეს გასაგებია, მაგრამ როდესაც პარტიის მთავარმა ოფისმა გადაწყვიტა, ჩვენ პარტიის მორჩილი ადამიანები ვართ.
_ ანუ, “მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას, თუკი პარტია მიბრძანებს ამას”?
_ ეს ძველია. გეთანხმებით, რომ დაახლოებით იგივეა, მაგრამ მე პარტიის გადაწყვეტილებას ძალიან დიდ პატივს ვცემ, _ ამბობს გუდავაძე.
პარტიის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე მაია პაიჭაძეც:
_ მე ვარ ამაყი, რომ ვარ “ქართული ოცნების” წევრი და მხარს ვუჭერ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რასაც პარტია მიიღებს გუნდთან ერთად. ეს არ არის პიროვნული გადაწყვეტილება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ჯერ ამაზეც არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, _ გვითხრა პაიჭაძემ.
პარტია “ქარული ოცნების” რეგიონული სამსახურის უფროსი, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე დიტო სამხარაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი მითითება არც ერთ კანდიდატურაზე ცენტრალური ოფისიდან არ ყოფილა და პარტია საკრებულოს საქმიანობაში არ ერევა. სამხარაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება დეპუტატებმა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ და იმის თქმა, რომ “სიხარულიძის კანდიდატურა სამხარაძემ დაალობირა”, არასწორია, რადგან მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. სამხარაძე ჩოხატაურელ დეპუტატებს, რომლებიც ამბობენ, რომ კანდიდატურა ცენტრალურ ოფისში შეარჩიეს, ურჩევს ის პირი დაასახელონ, ვინც ეს მითითება მისცა:
_ ჩვენ გვაქვს პარტიული სტრუქტურა. დავალებებს გავცემთ წერილობითი ფორმით და ეს არ ხდება სატელეფონო ზარებით. დაასახელონ კონკრეტული პირი. ვინმე თუ ამბობს, რომ ეს მე ვიყავი, პირდაპირ გეტყვით, რომ ცრუობს. არც მე და არც არავინ ჩვენი სამსახურიდან, ამაში არ ჩარეულა. ჩვენ ვერევით პარტიული სტრუქტურის და არა საკრებულოს სტრუქტურის ჩამოყალიბებაში, _ გვითხრა სამხარაძემ, თუმცა, ფრაქციის თავმჯდომარე ზვიად მამალაძე და წევრები კონკრეტულ გვარებს არ ასახელებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დირექტივა ცენტრალური ოფისიდან მოვიდა. ამას, როგორც ზემოთ ვნახეთ, დავით გუდავაძის თქმით, დეპუტატი ნინო წილოსანიც ადასტურებს.
რაც შეეხება ნინო წილოსანს; დეპუტატი ამბობს, რომ ის სხდომაზე ფრაქციის მუშაობის გასაცნობად და “აზრთა გაცვლა-გამოცვლისათვის” მივიდა, რადგან აინტერესებდა, როგორ მუშაობს ფრაქცია, იმის გამო, რომ თავად პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” მდივანია. ნინო წილოსანი ამბობს, რომ საკრებულოს დეპუტატებს ხშირად ხვდება და ეს პირველი შემთხვევა არ არის:
_ ახლა როგორ გავიხსენო, ვის როდის შევხვდი. მგონი, არასწორი შეკითხვაა…
_ ქალბატონო ნინო, ამბობთ, რომ ხშირად ხვდებით და მაშინ ეს უნდა გახსოვდეთ. მით უმეტეს, რომ ეს არ ახსოვთ იმ დეპუტატებს, რომლებსაც დღეს სხდომაზე ესტუმრეთ, მათივე თქმით, “გაამხიარულეთ” და მოთხოვეთ, რომ ქეთევან სიხარულიძისთვის დაეჭირათ მხარი.
_ მე არ ვიცი, ვის რა ახსოვს, მაგრამ აღდგომის დღეებში ზვიად მამალაძე ვნახე.
_ თქვენ თქვით, რომ დეპუტატებს ხშირად ხვდებით. ბოლოს როდის შეხვდით, როდის დაინტერესდით მათ სოფლებში არსებული პრობლემებით?
_ ვერ ვხვდები ამ კითხვის აზრს. ძალიან ბევრ შეხვედრას ვმართავ და ბუნებრივია, ყველას თარიღს ვერ დავიმახსოვრებ. რაც შეეხება მითითების მიცემას, არავისთვის არაფერი დამივალებია. უბრალოდ, რეკომენდაცია გავუწიე ქეთევან სიხარულიძეს, რადგან ის არის ქალი და მიმაჩნია, რომ ქალების გაძლიერებას თვითმმართველობაში მხარი უნდა დავუჭირო, _ აღნიშნა წილოსანმა, რომელიც კატეგორიულად უარყოფს, რომ თავად ან პარტიის ცენტრალური ოფისი დეპუტატების საქმიანობაში ჩაერია.
ჩვენს კითხვაზე, ხომ არ უსტუმრებს ამ რეკომენდაციით სიხარულიძეს საარჩევნო “ვალს”, რადგან სწორედ მისი მხარდაჭერის გამო გარიცხეს ის “ეროვნული ფორუმიდან”, რომლის ფრაქციის თავმჯდომარეც იყო საკრებულოში და პარალელურად, კულტურის ცენტრიდან, ხელფასებს იღებდა, როგორც ქართულის ენის პედაგოგი, გვპასუხობს რომ არავის ვალი არა აქვს:
_ მე ვფიქრობ, რომ დედაჩემის და მამაჩემის წინაშეც კი არ მაქვს ვალი, რადგან მშობლების ვალდებულებაა შვილების აღზრდა. შესაბამისად, არც ქეთევანის ვალი მაქვს და არც სხვა ვინმესი, _ აღნიშნა წილოსანმა.
ჩვენ შევეცადეთ ქეთევან სიხარულიძეც ჩაგვეწერა ამ საკითხზე, თუმცა, ამ სკანდალური სხდომის შემდეგ, მან ტელეფონი გამორთო.
რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, პარტია “ქართულ ოცნებაში” ღიად ამბობენ, რომ პარლამენტის დეპუტატის მხრიდან საკრებულოს საქმიანობაში ჩარევა, დაუშვებელია:
“დეპუტატი თუ საკრებულოს ან ფრაქციის წევრებს შეხვდა ან საკრებულოში თანაპარტიელებთან მოითათბირა, ამაში უცნაური არაფერია. მე კონკრეტულ შემთხვევაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ თუკი ვინმემ საკრებულოს დეპუტატებს დაავალა, რომ ესა თუ ის ადამიანი დანიშნონ თანამდებობაზე _ ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი“, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.