ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა სახალხო თეატრმა მაყურებელი ახალი სპექტაკლით მოხიბლა _ გიორგი და რაფიელ ერისთავების ნაწარმოებების „უჩინმაჩინის ქუდი“ და „ეჭვიანის“ მიხედვით დადგმულმა კომედიამ ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურა.
მსახიობებმა კომედიური ჟანრისთვის დამახასიათებელი შტრიხებითა და მრავალფეროვნებით გააცოცხლეს გმირები და მაყურებელს დიდი სიამოვნება მიანიჭეს.
არტირუზის როლი გიორგი ცინცაძემ შეასრულა; სუსანა _ თეა კეჭაყმაძე იყო, რომელიც ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია; კიკოლა _ ვასილ ბუბუტეიშვილმა განასახიერა; ვარდო _ ქეთევან კუკულავამ; ივანე _ გიორგი სიხარულიძემ; სვიმონი _ შალვა შარაშიძემ.
სპექტაკლში, რომლის რეჟისორი და მხატვარი გიორგი ცინცაძეა მსუბუქადაა ასახული რეალური ცხოვრება. თითოეული პერსონაჟი კომედიურ მდგომარეობაშია წარმოდგენილი, რომლებსაც მხოლოდ საკუთარი ანგარება ამოძრავებთ.
_ ძალიან კარგი სანახაობა გვაჩვენეს და გვინდა თითეულ მსახიობს მადლობა გადავუხადოთ. მოხარულები ვართ, რომ სახალხო თეატრი პრემიერებით ხშირად გვანებივრებს და ვიმედოვნებთ, ეს მომავალშიც გაგრძელდება, _ აღნიშნეს მაყურებლებმა.
სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება ნინო სიხარულიძეს ეკუთვნოდა, ტექნიკური რეჟისორი კი შალვა ძნელაძე იყო.