საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი, საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა.
ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქალაქ თბილისსა და ქალაქ ბათუმში, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია საერთო ჯამში, 8 ერთეული უკანონოდ განთავსებული, საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისთვის განკუთვნილი ელექტრონული მოწყობილობა – ე.წ. „სიმ ბოქსი.“ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნის შედეგად, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს და სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებს. საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, გამოვლენილია 21 ერთეული „სიმ ბოქსის“ უკანონოდ განთავსება – გამოყენების ფაქტი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ – ის 185-ე, 192-ე და 218 – ე მუხლით, რაც ითვალისწინებს 8 – წლამდე თავისუფლების აღკვეთას.