იმისთვის, რომ კვირას, ჩოხატაურის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილი დააყენოთ, საკმაოდ დიდი დრო უნდა დაკარგოთ. თუ გაგიმართლათ და ადგილი იპოვეთ, ხომ კარგი, თუ არადა, მანქანის გასაჩერებლად სტადიონის ეზოს გამოყენება მოგიწევთ, რომელიც კვირაობით მუნიციპალიტეტის გამგეობის ნებართვით, პარკირების ადგილად არის ქცეული. როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა განმარტავს, ეს იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის, რადგან ავტომობილებისთვის გამოყოფილი ტერიტორია საკმარისი არ არის.
თუმცა, რაც არის, იქ გარე ვაჭრობა მიმდინარეობს: თევზი, კვერცხი, ყველი, ფქვილი, ტანსაცმელი _ ყველა ტიპის პროდუქტი და ნივთი კანონის დარღვევით სწორედ ბაზრის გარეთ იყიდება. არადა, ჩოხატაურის აგრარული ბაზრის რეაბილიტაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს 386 455 ლარი დაუჯდა.
რეაბილიტირებულ ბაზარში შესულებს კი დახლების უმრავლესობა ცარიელი დაგხვდებათ _ სამაგიეროდ, შესასვლელის და მიმდებარე ტერიტორიის მსგავსად, ბაზარშიც დაგხვდებათ მიწაზე, ტალახსა და წვიმაში დაყრილი ყველი, რომელშიც სრულიად შესაძლებელია, ძაღლის ბეწვიც აღმოაჩინოთ. უპატრონო ცხოველების სიმრავლე, იქ, სადაც ყველი იყიდება თვალში საცემია.
ამ რეალობას “გურია ნიუსი” ერთი თვეა აკვირდება. მოვლენებს რომ ქრონოლოგიურად მივყვეთ, საუბარი 9 აპრილს გამართული ბაზრობიდან უნდა დავიწყოთ.
ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სრული ქაოსი დაგვხვდა _ თითქმის ყველა სახის მალფუჭებადი პროდუქტი სწორედ გარეთ იყიდებოდა. სახარბიელო მდგომარეობა არც ბაზარში იყო: დახლების ნაცვლად ყველი პირდაპირ ასფალტზე იყიდებოდა _ პოლიეთილენის პარკში, ან, უკეთეს შემთხვევაში, ვედროში ჩადებული.
მაშინ ბაზრის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ გამყიდველები თვითნებურად იქცეოდნენ და დახლთან არ დგებოდნენ.
განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდეს გამყიდველებმა _ მათი ინფორმაციით, დახლთან დგომის შემთხვევაში, 3 ლარია გადასახადი, დახლს მიღმა კი _ 1 ლარი.
ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო ბაზრის ვეტექიმმა ნინო ჟღენტმა:
_ მთელი დღე ამათ დავდევთ, მაგრამ ვერაფერს გავხდით. სპეციალური მასალით არის დახლები დამზადებული, მაგრამ მაინც არ დგებიან. მხოლოდ იმას მივაღწიე, პარკებში უდევთ ყველი. რაც შეეხება გადასახადში სხვაობას, ეს ნამდვილად არასწორი ინფორმაციაა. უმრავლესობა არც კი იხდის თანხას, _ აღნიშნა ჟღენტმა, რომელიც გარე ვაჭრობის პრობლემებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ეს საკითხი დასარეგულირებელია:
_ მე დავსვი საკითხი, რომ ის პროდუქტი მაინც შევამოწმოთ, რომელიც მალფუჭებადია და გარეთ იყიდება. თუმცა, როგორც მითხრეს, დირექციამ დასვა ეს საკითხი და უარი მიიღეს. როდესაც ბაზრის დირექტორი გია სიხარულიძე იყო, ხოლო გამგებელი გია ცინცაძე, სიხარულიძემ დასვა ეს საკითხი და დაუშვეს, რომ შემოწმება გარე პერიმეტრზეც გაგვეხორციელებია. მაშინ გადასახადიც იყო იქ დგომაზე. ახლა ეგ საკითხი ჩვენ არ გვეხება. უარი გვითხრეს, არ ეკუთვნის ეგ ტერიტორია ბაზარსო. ვამბობ, რომ არასწორია, მაგრამ ჩემს ძალებს აღემატება, _ ამბობს ჟღენტი.
ბაზრის ვეტექიმის ინფორმაციით, სურსათის უვნებლობის სამსახური ასეთი შემთხვევების დროს, აჯარიმებს ბაზარს და არა ინდივიდუალურ მოვაჭრეს:
_ ახლა რომ აქ სურსათის უვნებლობის სამსახური შემოვიდეს, დაგვაჯარიმებს ჩვენ და არა გამყიდველებს. პოლიციაც აქ დგას, მაგრამ სიტუაციას ვერავინ არეგულირებს. ცარიელია დახლები და ამის გამო ჩვენც სულ ვჩხუბობთ, _ გაგვიმარტეს ბაზრის ადმინისტრაციაში.
იმავე დღეს, სიტუაციის დეტალების გასარკვევად და იმის საკითხავად, რატომ არ იყენებენ კანონით მინიჭებულ უფლებას, სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლები მოვიკითხეთ, თუმცა, ვერ ვიპოვეთ. მოგვიანებით, პრესსამსახურს დავუკავშირდით იმის გასარკვევად, თუ რატომ არ რეაგირებდა ამ კანონდარღვევაზე მათი წარმომადგენლობა. უწყებაში რეგიონიდან მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნენ და გვითხრეს, რომ ინსპექტირება გახორციელდა, მათი ინსპექტორები ბაზარში იმყოფებოდნენ, თუმცა, ჩვენს მიერ ასახული რეალობა, სურსათის უვნებლობის გურიის სამსახურის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
იმის დასადასტურებლად, რომ რეალობას სწორედ აღნიშნული სამსახურის ინფორმაცია იყო მოკლებული, სურსათის უვნებლობის სამსახურის პრესსამსახურს ჩვენ მიერ გადაღებული ვიდეო მასალა გავუგზავნეთ, რომელიც ნათლად ასახავდა იმ უკონტროლო მდგომარეობას, რაც ბაზარში ხდებოდა და რის მოგვარებაც სწორედ მათ წარმომადგენლებს ევალებათ.
განსხვავებული სიტუაცია არც 14 აპრილს დაგვხვდა _ პირიქით, გაფართოებული გარე ვაჭრობის არეალი და სრული უკონტროლობა ბაზარში, რომელიც, როგორც გვითხრეს, სურსათის უვნებლობის სამსახურმა თებერვალში დააჯარიმა. არადა, ჩვენი 4-კვირიანი დაკვირვების განმავლობაში სურათი ნამდვილად საგანგაშო იყო.
რეალობა 30 აპრილს შეიცვალა _ ამის მიზეზი კი 29 აპრილს, სურსათის უვნებლობის სამსახურის გურიის სამმართველოს უფროსთან ნინო შეწირულთან ჩვენ მიერ გახორციელებული ზარი გახდა იმის გასარკვევად, რატომ არ ფლობდა მოსახლეობა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტში ბრუცელოზი გავრცელდა და შესაბამისად, ყველის ყიდვა გაცილებით სახიფათო იყო. შეწირულმა ფაქტი დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ, დაახლოებით, 1500-მდე პირუტყვი უკვე აცრილია. მან ისიც აღნიშნა, რომ მოსახლეობას ინფორმაციას აწვდიან და დასძინა, რომ საგანგაშო მდგომარეობა არ არის. მისივე თქმით, როცა ასეთი სიტუაციაა, ყველის ყიდვის დროს, მყიდველმა გამყიდველს საბუთი უნდა მოსთხოვოს, რომელიც დაადასტურებს, რომ საქონელი ბრუცელოზზე აცრილია. შეწირულმა პირობა მოგვცა, რომ კვირას, 30 აპრილს, ბაზარში შესაბამისი საბუთის გარეშე ყველი არ გაიყიდებოდა.
პირობა შესრულებული დაგვხვდა _ ყველა გამყიდველი არა ბაზარში, არამედ ბაზრის გარეთ იყო გამოსული.
კითხვაზე, რა შეიცვალა შესაკრებთა გადანაცვლებით, ბაზარში მყოფმა სურსათის უვნებლობის სამსახურის ინსპექტორებმა გვიპასუხეს, რომ გარე ვაჭრობა მათ არ ეხებათ და ეს საკითხი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა მოაგვაროს. თუმცა, როგორც გავარკვიეთ, 30 აპრილს, 12-ის ნახევარზე მათგან ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტისთვის მიწოდებული არ იყო.
_ ახლა დავურეკავთ და გავაფრთხილებთ, _ აღნიშნეს ჩვენთან საუბრისას ინსპექტორებმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ცნობების და აცრების აუცილებლობის შესახებ არაფერი იცოდნენ გლეხებმაც, რომელთა თქმით, მსგავსი სიტუაციის შესახებ ინფორმაცია ვინმემ უნდა მიაწოდოს:
_ არავის არაფერი უთქვამს. ხომ შეიძლება წინასწარ გაგვაფრთხილოს ვინმემ?! ახლა, აქ ბაზარში გავიგეთ, რომ საშიშია აუცრელი ძროხის რძისგან დამზადებული ყველის გაყიდვა. ამხელა გზაზე ჩამოვედით, რომ ყველი გავყიდოთ და პურის ფქვილი მაინც მივიტანოთ სახლში, ამათ კი ქუჩაში გამოგვყარეს. ეთქვათ რამდენიმე დღით ადრე. არც ჩვენ გვინდა ვინმეს ჯანმრთელობას საფრთხე შევუქმნათ. თუ პრობლემაა და საშიში მდგომარეობაა, ეს ხომ ჩვენც გვეხება? ჩვენ გამოგვიყვანეს დამნაშავეები, არადა, არაფერი ვიცოდით ამის შესახებ, _ აღნიშნეს გლეხებმა, რომლებიც პასუხს ადგილობრივ ხელისფლებას თხოვდნენ.
მათ მსგავსად ინფორმაციულ ვაკუუმში იყო ადგილობრივი ხელისუფლებაც:
_ მე საზღვარგარეთ ვიყავი და ლამის თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსულს მოქალაქეებმა დამირეკეს. უფრო მეტი ინფორმირებულობა რომ ყოფილიყო სურსათის უვნებლობის სამსახურიდან, უკეთესი იქნებოდა. დღეს სრული კომუნიკაცია გვაქვს და მომავალ კვირას მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვლება, თუმცა, სიტუაციის ბოლომდე გამოსწორება შეიძლება ვერ მოხერხდეს, რადგან საკვირაო ბაზრობამდე დარჩენილ დღეებში, ყველა იმ მოქალაქის, რომლებიც რძის პროდუქტებით ვაჭრობენ, პირუტყვის სისხლის ლაბორატორიული გაკონტროლება რთული იქნება. ადამიანების ჯანმრთელობა უპირველესია და ვისაც არ ექნება ლაბორატორიული დასკვნა, აგრარულ ბაზარში პროდუქტს ვერ შეიტანს, არც მიმდებარე ტერიტორიაზე მიეცემათ ვაჭრობის შესაძლებლობა. ამიტომ, ვთხოვთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მიმართონ სურსათის უვნებლობის სამსახურს და ისინი უსასყიდლოდ მოემსახურებიან, _ მოგვწერა ამ საკითხზე კომენტირებისას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ.
გამგებელს კომენტარი წინა კვირეებში განვითარებულ მოვლენებზე და ბაზარში არსებულ რეალობაზეც ვკითხეთ და შემდეგი კითხვები გავუგზავნეთ.
_ ბატონო ირაკლი, ბაზრის ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ გამგეობას გარე ვაჭრობის აკრძალვის თხოვნით ბევრჯერ მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ. ამბობენ იმასაც, რომ გარე ვაჭრობით ზოგიერთი მაღაზიის მეპატრონე სარგებლობს და გამონაკლისის სახით მათთვის უცნობი მიზეზით, ნებართვა გაქვთ გაცემული.
_ სურსათის უვნებლობის სამსახურში ამბობენ, რომ გარე ვაჭრობის პრობლემა თქვენ უნდა მოაგვაროთ და მათ არ აქვთ უფლება გარე მოვაჭრეებს სანქციები დააკისრონ. არადა, ბაზრის გარეთ ყველა სახის პროდუქტი იყიდება.
_ ბაზარში დახლები გამოუყენებელია. ეს იმ ფონზე, როცა მის რეაბილიტაციაზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა. ადმინისტრაცია ამბობს, რომ გამყიდველები ურჩობენ და ამბობენ, რომ მიწაზე დადებული ყველის გაყიდვის დროს ნაკლები გადასახადს იხდიან. ამის მოგვარებას როგორ გეგმავთ?
ამ შეკითხვებზე ირაკლი კუჭავას პასუხი ასეთია: “ბაზარი იმიტომაც მოვაწესრიგეთ, რომ მყიდველიც და გამყიდველიც კომფორტულად გრძნობდნენ თავს. შედარებაც კი არ შეიძლება იმასთან, რაც იყო მანამდე, თუმცა, გარე ვაჭრობის პრობლემა ჯერ კიდევ დგას. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არის კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებიც წლების წინ გაიყიდა, მათ მფლობელებს დაეგზავნათ შეტყობინებები, მალფუჭებადი პროდუქტების ვაჭრობის აკრძალვის თაობაზე. ჩვენი ზედამხედველობის სამსახური ამ კუთხით კიდევ უფრო გააქტიურდება.”
რაში გამოიხატება ეს, “კიდევ უფრო გააქტიურება”, გამგებელს არ დაუკონკრეტებია. ირაკლი კუჭავამ არც ის აგვიხსნა, რატომ არ იცვლება წლების განმავლობაში რეალობა და რატომ არ იკრძალება გარე ვაჭრობა, მით უმეტეს, როცა იმ ტერიტორიის უდიდესი ნაწილი, რომელზეც გარე ვაჭრობა მიმდინარეობს, კერძო საკუთრებაში არაა და სახელმწიფოს ეკუთვნის. აქედან გამომდინარე, მიწების კერძო მფლობელებმა საკუთარ ტერიტორიაზე სულაც რომ აკრძალონ ვაჭრობა, ამით სასიკეთოდ ბევრი არაფერი შეიცვლება, თუ ხელისუფლებამ არ მიიღო ზომები და არ მოაგვარა პრობლემები მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. პრობლემების მოგვარება კი მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავებას არ გულისხმობს _ აქ საქმე ადამიანის ჯანმრთელობასთან გვაქვს, რომელთანაც, როგორც ჩანს, ზედამხედველობის სამსახურს უცნაური დამოკიდებულება აქვს. როგორც ქონების მართვის სამსახურის უფროსი (რომელშიც ზედამხედველობის განყოფილება შედის) ვლადიმერ ლომთათიძე ამბობს, გარე ვაჭრობას მოსახლეობის მოთხოვნებს ითვალისწინებენ და ამიტომ არ კრძალავენ:
_ კი, არის უკანონო, მაგრამ ადამიანებს ძალიან უჭირთ და შევდივართ მათ მდგომარეობაში, _ ამბობს ლომთათიძე.
_ გაჭირვება ვინმეს აძლევს უფლებას, რომ ბაზრის გარეთ გაიყიდოს თევზი, ხორცი და თითქმის ყველა სახის მალფუჭებადი პროდუქტი?
_ იქ მხოლოდ ბოსტნეული იყიდება.
_ ჩვენ ვნახეთ, რომ იქ სხვა პროდუქტებიც იყიდებოდა…
_ ეს მხოლოდ 30 აპრილს იყო, როცა ბაზარში არ შეუშვეს ყველის გამყიდველები. სხვა დროს მალფუჭებადი პროდუქტები გარეთ არ გაყიდულა. ჩვენ ვიცით, რომ მსგავსი პროდუქტები მხოლოდ ბაზარში იყიდება.
_ ე. ი. არ დადიხართ და ამიტომაც ვერ ნახულობთ…
_ როგორ არ დავდივართ, მაგრამ მასეთი ფაქტი არ დაგვიფიქსირებია _ იქ მხოლოდ ბოსტნეული იყიდება.
_ ბატონო ვლადიმერ, ჩვენ ჩვენი სიტყვების დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც შეგვიძლია გაჩვენოთ…
_ ჩვენ, ყოველ შემთხვევაში, მე, ასე ვიცი, რომ ბაზარში იყიდება.
_ ამბობთ, რომ კანონდარღვევის შესახებ ინფორმაცია გაქვთ. ამ პრობლემის მოგვარება თქვენს სამსახურს ევალება და საინტერესოა თავად რატომ არღვევთ კანონს?
_ ვაპირებთ, ავკრძალოთ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ავკრძალეთ ამდენ ხანს, შევდივართ მოქალაქეების მდგომარეობაში.
_ გამგეობის წინ რომ დადგეს გაჭირვებული ადამიანი რაიმეს გასაყიდად, დაუშვებთ?
_ ალბათ, არა.
_ მაშინ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე რატომ რთავთ ნებას?
_ იმიტომ, რომ შევდივართ მათ მდგომარეობაში.
_ უცნაური არგუმენტია…
_ ეს მოქალაქეების გაჭირვებიდან გამომდინარეა. და თქვენ ფიქრობთ, რომ უნდა ავკრძალოთ?
_ მე მეკითხებით, თქვენ უნდა დაიცვათ თუ არა კანონი?
_ ესე იგი, თქვენ მომხრე ხართ, ხალხი გავუშვათ სახლში და წავართვათ ლუკმა-პურის შოვნის საშუალება?
_ სახლში რატომ უნდა გაუშვათ. ბაზარში ხომ არის ადგილები?
_ არ ეტევა, ეტყობა, იმ ბაზარში.
_ ბაზარში დახლების უმრავლესობა ცარიელია…
_ ცარიელი არაა. ყველა დაკავებულია.
_ ვნახოთ.
_ რა ვნახოთ?
_ რომ დახლები ცარიელია. ბატონო ვლადიმერ, გვაქვს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ვიღაც ამ ადამიანებისგან ფულს იღებს… გვითხრეს, რომ ეს, შესაძლოა, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელიც იყოს. გსმენიათ რაიმე ამის შესახებ?
_ გამორიცხულია.
_ თქვენ ისიც გამორიცხეთ, რომ მალფუჭებადი პროდუქტი ბაზრის გარეთ იყიდება…
_ თქვენ, ალბათ, იმის კადრებიც გექნებათ, რაშიც გვადანაშაულებთ…
_ არ გადანაშაულებთ. კითხვებს ვსვამთ და ფაქტებს ვამოწმებთ. თან თქვენვე გვიდასტურებთ, რომ კანონს არღვევთ.
_ თუ გაქვთ მტკიცებულება, მოგვაწოდეთ და ისე ვიმოქმედებთ.
_ და თქვენ რას აკეთებთ?
_ ჩვენ ვმუშაობთ, _ გვითხრა ლომთათიძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის ინფორმაციით, საკრებულომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, გამგებელს გადაეცა უფლებამოსილება, ინდივიდუალური ბრძანების საფუძველზე გამოუყოს გარე ვაჭრობისთვის ადგილი. მისივე თქმით, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სიტუაციის დარეგულირება და მოწესრიგება გამგეობის, კონკრეტულად კი ზედამხედველობის სამსახურის პრეროგატივაა.
რაც შეეხება დადგენილებას, რომელიც დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესებს ადგენს _ წესი არეგულირებს დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე, ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილის განსაზღვრის, გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის განთავსების, გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობის წესებს.
გარე ვაჭრობად ითვლება: საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლის შესაბამისად მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და ამავე კოდექსის 150-ე მუხლის შესაბამისად, არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა);საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსება; რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან; საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისთვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან;
თუ საქონლის რეალიზაცია ხდება შენობაში განთავსებულ ობიექტში, მათ შორის, საწარმოო ობიექტში ან სასაწყობო ნაგებობაში და საქონლის რეალიზაციისთვის განკუთვნილი ობიექტი (დახლი, მაცივარი და სხვა) უშუალოდ უკავშირდება საზოგადოებრივ სივრცეს, ნივთის რეალიზაცია ითვლება გარე ვაჭრობად.
საკრებულოს დადგენილების თანახმად, გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანია დაბის იერსახის დაცვა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
რაც შეეხება გარე ვაჭრობის ადგილებს. განკარგულების მიხედვით, დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დასაშვებია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მხოლოდ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებზე.
გარე ვაჭრობის ადგილებისა და ვაჭრობის ადგილების გეგმის განსაზღვრას საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს.
გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრასთან ერთად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია, გარე ვაჭრობის თითოეული ან რამდენიმე ან/და ყველა ადგილისთვის დაადგინოს: იმ საქონლის სახეობა ან/და ზუსტი ჩამონათვალი, რომელთა რეალიზაციაც დასაშვებია ან/და აკრძალულია გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრულ ადგილზე;
იმ კონსტრუქციების სახეობები ან/და მათი არქიტექტურული იერსახე, რომელთა განთავსებაც დასაშვებია გარე ვაჭრობისთვის განსაზღვრულ ადგილზე.
ირაკლი კუჭავა ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გარე ვაჭრობაზე არც ერთი ნებართვა არ გაცემულა:
_ ქონების მფლობელებს, რომელთა ობიექტის წინ განთავსებულია დახლები, კანონი აძლევთ უფლებას აწარმოონ გაყიდვა და ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. თუმცა, ეს კონკრეტულ ტერიტორიას მოიცავს. ჩვენ მათ, როგორც უკვე გითხარით, მივეცით გაფრთხილებები, რომ არ გაყიდონ მალფუჭებადი პროდუქცია, _ გვითხრა ირაკლი კუჭავამ.
გამგებლის თქმით, ეს საკითხი მალე მოწესრიგდება.
აღსანიშნავია, რომ საკრებულომ ასევე დაადგინა, გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს დაბის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა გახორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.
“საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების მოწყობა დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.
არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისთვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.
დაბა ჩოხატაურის ტერიტორიაზე აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, შეუფუთავი საკონდიტრო ნაწარმი და პური) გარე ვაჭრობა,” _ აღნიშნულია განკარგულებაში, რომელიც ჩოხატაურში, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თითქმის ყოველდღიურად ირღვევა.
რაც შეეხება ნებადართულ სავაჭრო საქონელს _ გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; ყვავილები; ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში;
სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).
სეზონური გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის, ბურახი); ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით); შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში); ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.”
ამავე დადგენილებით, დადგენილების შესრულების კონტროლი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურებს მათი კომპეტენციის ფარგლებში ევალებათ, სადაც გვეუბნებიან, რომ კანონს არღვევენ.