ე.წ. დეკანოზის საქმეზე, რომელზეც დეკანოზი გიორგი მამალაძეა ბრალდებული, პირველი წინასასამართლო სხდომა დაიწყო.
მთავარმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს დეკანოზის საქმეზე წინასასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობით მიმართა. მოსამართლე ბადრი შონიამ სხდომის დახურვის აუცილებლობა ვერ დაინახა. მისი განმარტებით, მან ჯერ უნდა მოისმინოს ორივე მხარის შუამდგომლობები და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.
დაცვის მხარემ პროკურორების მოთხოვნა გააპროტესტა. გიორგი ფანცულაიას თქმით, სხდომის დახურვის საფუძველი არ არსებობს. მიხეილ რამიშვილის თქმით კი, იმ ფონზე, როდესაც პროკურატურამ საქმის დეტალები საჯარო გახადა, გაუგებარია, რატომ უნდა შედიოდეს მათ ინტერესში სხდომის დახურვა.
“თანამზრახველების გამოსავლენად გამოძიება მიმდინარეობს”, – აღნიშნა პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა.
დაცვის მხარე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს, მათ შორის სასამართლო სხდომების ღიაობასთან დაკავშირებით. ადვოკატები პროკურატურის მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობას და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლებას მოითხოვენ.
პირველ სასამართლო სხდომას საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა ესწრება. მისი თქმით, ბრალდებული დეკანოზის სასამართლო სხდომები ღია უნდა იყოს, საპატრიარქო კი, პროცესს დააკვირდება.
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი (მამალაძე) მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში პატრიარქთან მიფრინავდა. ილია მეორეს HELIOS Klinikum Berlin-Buch-ში ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.