საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა გუშინ ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში 12 საათზე დაიწყო. შეხვედრას, რომელიც 4 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, ძირითადად საჯარო მოხელეები, ააიპების თანამშრომლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გახსნა და ცვლილებების პროექტზე ვრცლად ისაუბრა:
“მოგეხსენებათ, დაგეგმილია ფუნდამენტური ცვლილებების შეტანა საქართველოს კონსტიტუციაში და მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი ძირითადი კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას,” _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან მიმოიხილა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის ისტორია და თქვა, რომ კონსტიტუციის წინაშე ორი ამოცანა იდგა: ისეთი დოკუმენტის შექმნა, რომელიც იქნებოდა სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციის პრინციპებთან და ისეთი მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც გაუძლებდა დროს.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობისა და ოთხი თვის განმავლობაში მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ:
“ვფიქრობთ, რომ შედეგი უკვე არის შესაბამისი და მომზადდა ისეთი დოკუმენტი, რომელიც ქმნის ძალიან კარგ საფუძველს საპარლამენტო განხილვების გაგრძელებისთვის, სისტემა, რომელიც იქნება ახალი რედაქციით, არის სისტემა, რომელსაც გააჩნია სამი ძირითადი შტო: საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება. იგი რომელიც სამი ძირითადი ორგანოთი არის წარმოდგენილი: პარლამენტი, მთავრობა და სასამართლო; ეს უკანასკნელი კი ორ ძირითად სუბიექტს აერთიანებს _ საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოების სისტემა. ნებისმიერი კონსტიტუციის მთავარი ამოცანაა, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბალანსი ამ ძირითად შტოებს შორის.
ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო _ ეს არის სამი ძირითადი ელემენტი მმართველობის ამ სისტემის, მეოთხე მნიშვნელოვანი ელემენტი კი არის ზეპარტიული პრეზიდენტი,” _ თქვა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, კონსტიტუციის დღევანდელ რედაქციაში ძალიან სუსტად არის დაცული პარლამენტის პოზიციები, მაშინ როდესაც პარლამენტი უნდა იყოს ქვეყნის წამყვანი ორგანო: “დღევანდელი რედაქციით პარლამენტი არის ძალიან სუსტი და ბევრი რამ გაიწერა კონსტიტუციაში იმისათვის, რომ პარლამენტი, როგორც ინსტიტუცია გაძლიერდეს კონსტიტუციურ სისტემაში და ის რეალურად გახდეს ცენტრალური ორგანო ამ სისტემაში. პირველ რიგში, იზრდება მთავრობის ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის ხარისხი პარლამენტის წინაშე, რაც იყო კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ამაზე 2010 წელს ხაზგასმით საუბრობდა ვენეციის კომისია. დღეს ეს მთავარი ხარვეზი გასწორებულია. ასევე, ძლიერდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები.
ძალიან მნიშვნელოვანია ის ცვლილება, რომელიც შეეხება საარჩვენო სისტემას. დღეს მოქმედებს სისტემა, რომელიც მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიები დაბალი რაოდენობით არიან წარმოდგენილები პარლამენტში. ჩვენ გადავდივართ ამ სისტემიდან ფუნდამენტურად განსხვავებულ სისტემაზე _ დღევანდელი შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე.
ჩვენს მიერ შემოთავაზებულ სისტემას ახასიათებს რამდენიმე ძირითადი ასპექტი. პირველი _ საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტის გაუქმება. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის უპირობოდ აუცილებელი იმისთვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს პარტიული სისტემა. 25 წელი გავიდა მას შემდეგ რაც საქართველოში შედგა პირველი დემოკრატიული არჩევნები, და 25 წლის განმავლობაში ჩვენ ვერ შევძელით საქართველოში პარტიული სისტემის ჩამოყალიბება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი, რაც იწვევს აღრევას გარკვეულ სპექტრში. თუ გვინდა, რომ ერთ ადგილზე არ ვიყოთ გაყინული და საქართველოში პარტიული სისტემა ჩამოყალიბდეს და განვითარდეს, უპირობოდ არის აუცილებელი საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტის გაუქმება.
მეორე ასპექტი _ დგინდება 5%-იანი საარჩევნო ბარიერი პოლიტიკური პარტიებისთვის.
მთავარი ამოცანა ნებისმიერი საარჩევნო სისტემისა არის ის, რომ უზრუნველყოს ორი რამ _ პლურალიზმი პოლიტიკურ სისტემაში და ამასთანავე უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა. ერთი და მეორე ინტერესი უნდა იყოს დაბალანსებულად ასახული,” _ აღნიშნა კობახიძემ.