ქანდას მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი სერაფიმე მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის მიერ წირვაზე დასწრებას ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. მამა სერაფიმე შენდობას ითხოვს, თუ ვინმეს ამ პოსტის გამო დააბრკოლებს.
„ხალხნო, მაინტერესებს, ჩვენთან ლუჟკოვის წირვაზე დასწრებაზე ამხელა აჟიოტაჟი რომ ატყდა, თურმე ის ყოფილა ოკუპანტი. პირველ რიგში, მე გეკითხებით თქვენ, ამ კაცს მე მივეცი ვიზა? მე მივანიჭე მას საპატიო მოქალაქეობა თბილისის და ბათუმის? თუ შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში და ადამიანი მოვიდა წირვაზე დასასწრებად, მეთქვა წადი აქედან-მეთქი? ეკლესიის კარი ღიაა ყველასთვის პოლიტიკოსი იქნება თუ გლეხი. რაც მთავარია, ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არავის მივცემ უფლებას, რომ პოლიტიკაზე ილაპარაკოს, მაგრამ გაგდებით არც არავის გავაგდებ. ჩემს აზრს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი, გინდ მტერი მოვიდეს და გინდ მეგობარი. ეს არის ჩემი კერძო აზრი, ამიტომ, თუ რომელიმე თქვენგანი დავაბრკოლე, შენდობას გთხოვთ”, _ წერს მამა სერაფიმე სოციალურ ქსელში.