საავტომობილო გზების დეპარტამენტი თუშეთის მოსახლეობას და თუშეთში გამგზავრების მსურველებს ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე არსებული მეწყრული მოვლენების შესახებ აფრთხილებს. გზების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ თუშეთში, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე, ზამთრის თვეებში დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა მოწყდა, რომელმაც, დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე, გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მეწყრული მოვლენები თუშეთში ახლაც მიმდინარეობს.
”საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ შექმნილია ოპერატიული შტაბი, უახლოეს დღეებში, ამინდის გაუმჯობესებისთანავე, 20-კაციანი ჯგუფი დაიწყებს მუშაობას სტიქიური მოვლენის ადგილას და წარმოადგენს საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას. დასკვნის გათვალისწინებით გზების დეპარტამენტი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გააგრძელებს. ასევე, მოსახლეობას და თუშეთში გამგზავრების მსურველებს ვაფრთხილებთ, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრამდე გზის საფარი თოვლისაგან თავისუფალია, თუმცა, მიუხედავად ამისა, სტიქიის ზონის სიახლოვეს არის ინტენსიური ქვათა ცვენა და დაუშვებელია როგორც ფეხით, ასევე ავტომანქანით გადაადგილება“, _ ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.