სტრესი არის ორგანიზმის საერთო რეაქცია გარეგან ზემოქმედებაზე. ევოლუციის მიმდინარეობის პერიოდში სტრესი იყო ადაპტაციისა და გადარჩენის მექანიზმი. მაგალითად, ჩვენი შორეული წინაპრები, როდესაც მხეცს დაინახავდნენ, წამიერად იღებდნენ გადაწყვეტილებას _ შებრძოლებოდნენ თუ გაქცეულიყვნენ.
ისტორიამდელი ადამიანები გადაწყვეტილებას ემოციის მიხედვით იღებდნენ, მათ ფიქრი ისწავლეს ძალიან დიდი ხნის (საუკუნეების) შემდეგ. უძველესმა მექანიზმმა შეუცვლელად მოაღწია ჩვენამდე. ემოცია მყისიერად წარმოიქმნება, რაც ჩვენში იწვევს გადაჭარბებულ, ზოგჯერ გაუთვალისწინებელ მოქმედებასაც კი. მაგალითად, უფროსის უსამართლო შენიშვნა აღგვაშფოთებს, განგვარისხებს, გვაბრაზებს. მართალია, ჩვენს სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, მაგრამ სტრესის მექანიზმი მაინც მთლიანად არის ამუშავებული: აჩქარებულია გულის ცემა, იმატებს წნევა, გამოიყოფა ჰორმონები – ადრენალინი და ნორადრენალინი, მობილიზებულია იმუნიტეტი – სხეული მზად არის თავდაცვისთვის, თუმცა ეს მობილიზაცია ამაოა, რადგან არსად გავრბივართ, არ ვიბრძვით და ჩუმად ვისმენთ საყვედურებს. სწორედ ამ დროს აბობოქრებული ჰორმონები აზიანებენ ორგანიზმს.
არსებობს ორგვარი სტრესი: ეუსტრესი და დისტრესი.
პირველი იწვევს დადებით ემოციებს, მაგალითად, ქორწილი, ბავშვის დაბადების დღე ან გამოცდის ჩაბარება, ახალი საქმის წამოწყება და მისი პრეზენტაცია…
მეორე – ანგრევს ორგანიზმს, ამას იწვევს როგორც გარეგანი მდგომარეობა (წყურვილი, შიში, შიმშილი), ასევე შინაგანი (ტრავმები, ტკივილი). ხშირად დისტრესს იწვევს ჩვენივე უარყოფითი ემოციები – შიშის ხანგრძლივი განცდა, სიბრაზე, წყენა, აღშფოთება, რომლის დროსაც გვიჭირს ადეკვატურად აზროვნება და რეაგირება: ყურადღება გაფანტულია, დაქვეითებულია შრომის უნარი, ვიწყებთ ფორიაქს და ვუშვებთ შეცდომებს. ქრონიკული სტრესი აუცილებლად აისახება იმუნური სისტემის მუშაობაზე, ირღვევა კუჭ-ნაწლავის მოქმედება. დროთა განმავლობაში თავს იჩენს სხვადასხვა დაავადება.
დისტრესს რომ გავუმკლავდეთ, უმჯობესია, ხელი შევუშალოთ მის წარმოქმნას, ვიდრე ვუმკურნალოთ. დისტრესს შველის კარგად გამოძინება, რადგან უძილობა აუარესებს ტვინის მუშაობას და იზრდება ნევროლოგიური დაავადებების რისკი. მეტი იმოძრავეთ, იარეთ ფეხით, იცურავეთ, ივარჯიშეთ, გაკაჟდით. შეეცადეთ, დამშვიდდეთ, ისწავლეთ აღელვების, სიბრაზის და დაძაბულობის მოხსნა. რათა შეამციროთ სტრესის მავნე ზემოქმედება, თავი რომ ხელში აიყვანოთ, ორჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, რამდენჯერმე ჩაჯექით ან აირბინეთ და ჩამოირბინეთ კიბეზე. მოძრაობის დროს ორგანიზმი იწყებს ნორმალურად მუშაობას. როდესაც დისტრესი გაივლის, შეეცადეთ, აღარ გაიხსენოთ და თუ გაგახსენდათ მისი გამომწვევი მიზეზი, ყურადღება გადაიტანეთ სხვა რამეზე: დაალაგეთ სახლი, ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა, წაიკითხეთ წიგნი, წადით მეგობრებთან სტუმრად, ამოხსენით კროსვორდები…
რაციონში ჩართეთ “ანტისტრესული” პროდუქტები – ბოსტნეული, ხილი, თევზი, ზღვის პროდუქტი. მიირთვით ნაკლებად ცხიმიანი და შემწვარი საკვები, მწარე და ცხარე…
შეეცადეთ, ფილოსოფიურად მიუდგეთ პრობლემებსა და წარუმატებლობას, გამოიმუშავეთ პოზიტიური დამოკიდებულება, იყავით კეთილი, გქონდეთ მადლიერებისა და პატიების გრძნობა. დამტკიცებულია, რომ ასეთი ადამიანები უფრო მეტად სტაბილურები არიან, ადვილად ვერ გამოიყვანთ წონასწორობიდან, ამიტომ მათზე სტრესიც ნაკლებად მოქმედებს…