ოზურგეთელებისთვის ბოლო რამდენიმე დღე მეტად დაძაბული და ხმაურიანი აღმოჩნდა. რამდენიმე თვეში ოზურგეთისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი კვლავ გაერთიანდება, მთავრობის ამ ინიციატივას ოზურგეთისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოებმა მხარი დაუჭირეს. ასევე მოხარული არიან ამ გადაწყვეტილებით ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები, რომლებმაც თავიანთი პოზიციები საკრებულოს სხდომებზე უკვე დააფიქსირეს.
აღნიშნულ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული ოზურგეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგნელები, რომლებიც წლების მანძილზე თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობდნენ. ისინი ბოლო დღეების განმავლობაში, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხმაურიან განცხადებებს აკეთებდნენ და მიმართავდნენ საკრებულოს დეპუტატებს, მხარი არ დაეჭირათ თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმებისთვის, ჩაეტარებინათ საზოგადობის, ამომრჩევლების გამოკითხვა და ისე მიღოთ გადაწყვეტილება. თუმცა, არც ოზურგეთისა და არც ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მსგავსი ტიპის გამოკითხვა არ ჩატარებულა. შესაბამისად, ორივე საკრებულოს მმართველი გუნდის დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივას.
საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომისგან განსხვავებით ფიზიკური დაპირისპირების გარეშე ჩატარდა, თუმცა, მმართველი გუნდისა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შეურაცხმყოფელი სიტყვები აქაც არ დაუკლიათ ერთმანეთისთვის.
საკრებულოს სხდომა, სადაც მხოლოდ ერთი საკითხი განიხილებოდა, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ნინო გოგუაძეს მიჰყავდა.
“ქალაქ ოზურგეთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების გაერთიანების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტის შექმნის შესახებ წინადადების განხილვის თაობაზე“_ გააცნო დღის წესრიგი გოგუაძემ დარბაზში მყოფ პირებს.
ნინო გოგუაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის, გურიის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა და გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ერთობლივი განცხადება თავიდან ბოლომდე წაიკითხა.
აღნიშნული წერილის გაცნობის შემდეგ გოგუაძემ დეპუტატებს მიმართა, მოეხსნათ თუ არა დღის წესრიგიდან აღნიშნული საკითხი, თუმცა, დეპუტატებმა ამაზე თანხმობა არ განაცხადეს, შესაბამისად, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს და თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს, როგორც ქალაქ ოზურგეთის მერმა, ასევე, დეპუტატებმა.
ბეგლარ სიორიძე: “თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ შემოსულია წინადადებით შესაბამისი სამინისტრო, ჩემი თხოვნა იქნება გადაწყვეტილება მივიღოთ ცივილურ ფორმაში. სამი წელია უკვე, რაც არსებობს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და საკრებულო, ჩვენ ამ ხნის განმავლობაში დღე და ღამე გავასწორეთ იმისთვის, რომ ჩვენს ქალაქს უკეთესობა დატყობოდა. მუხლჩაუხრელად ვშრომობდით ყოველი ჩვენგანი. მე ძალიან ვთხოვ იმ ადამიანებს, რომლებიც, ძირითადად, ცილისწამებით და ტალახის სროლით დაკავებულები იყვნენ მთელი ამ სამი წლის განმავლობაში, დღეს ნუ შეგვეცილებიან ჩვენი ოზურგეთის სიყვარულში. მივუდგეთ ამ საკითხს ობიექტურად.
რისთვისაც მხარს ვუჭერ გაერთიანებას, პირველი ის არის, რომ საუბარია რამდენიმე მილიონ ლარზე, რომელიც ისევ ჩვენს მოსახლეობას უნდა მოხმარდეს. არ მცირდება ბიუჯეტი არცერთი თეთრით, პირიქით, ეს იქნება უფრო მომგებიანი. როგორც იცით, ორივე მუნიციპალიტეტში გაორებული სამსახურები მუშაობენ, ამასთან ერთად ა(ა)იპ-ები, რომლებშიც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. მუნიციპალიტეტის გაერთიანების შემთხვევაში კი მივიღებთ სერიოზულ ეკონომიას. ეს ეკონომია მოხმარდება ისევ ჩვენს მოსახლეობას. სხვა ფაქტორებზე არ გავჩერდები. მივიღოთ ხმაურის გარეშე გადაწყვეტილება. ამით ჩვენი მოსახლეობა არაფერს არ კარგავს“.
გოჩა ძიმისტარაშვილი: “ჩემი აზრით, 2 ან 3 კვირაში ეს თემა საერთოდ მოიხსნება, გადავარჩინოთ ოზურგეთელები ამ სამარცხვინო სიას, რომელიც გამოკრულია სხვა ქალაქებში. ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. რად გვინდა ასეთი ცენტრალიზაცია, როცა ისევ დეცენტრალიზაციისკენ მივდივართ?! ჯერ არ იცით, მომავალში რა იქნება! რატომ აძლევთ ხმას, დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტად ამ გადაწყვეტილების მიღება, ამის გაუქმება, მას არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს, იძულებულია, ის მთავრობას უნდა დაემორჩილოს“, _ ძიმისტარაშვილის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას ბეგლარ სიორიძის რეპლიკა მოჰყვა: _ “დედა! ეს რა გავიგონე?“
თემურ სალუქვაძე: “ყველა თავისი პირადი გადმოსახედიდან უყურებს ამ საკითხს, მესმის სენსიტიურია, მაგრამ დღეს გადავწყვიტოთ და არ გადავდოთ. მე, პირადად, მხარს ვუჭერს გაერთიანებას. ყველამ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით მივიღოთ გადაწყვეტილება. ნუ გვეშინია განვითარების, პირიქით, ხალხი დავუახლოვოთ ხელისუფლებას!“
ლევან მგელაძე: “ჩემთვის გაუგებარია და მიუღებელია, რატომ ვაკეთებთ საწინააღმდეგოდ, მივდივართ ისევ უკან. მოგიწოდებთ, მხარი არ დაუჭიროთ ამ საკითხს, შევინარჩუნოთ ქალაქის თვითმმართველობა, რომელსაც მართლა აქვს სიკეთეები. ერთი თხოვნა მაქვს პრესის მიმართ, ვინც ქალაქის სტატუსის გაუქმებას მისცემს ხმას, გამოაქვეყნეთ, ვინ გააუქმა თვითმმართველობა“. გელაძის ამ განცხადებას დეპუტატმა ვასილ ჩიგოგიძემ რეპლიკით უპასუხა: “ეს რას ნიშნავს კაცო, ა?! შიშის ზარს რატომ გვრი ყველას? რა ტერორში გვამყოფებ? გამოქვეყნდეს მერე!“
მედეა მახარობლიძე: “ყველანაირად ვემხრობი ამ პროექტს, -მიტომ, რომ ამაში ვხედავ ბევრ სიკეთეს, სამი წლის წინ, რაც პრობლემები იყო, უფრო აღმოიფხვრება, ერთს გეტყვით, შეგიძლიათ ახლავე გადამიღოთ სურათი“.
საკრებულოს სხდომაზე მყოფი 12 დეპუტატიდან, გაერთიანების საკითხს მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, 4 კი, წინააღმდეგი იყო. მათ შორის, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გოგუაძეც.
ინიციატივას მხარი არც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს: გოჩა ძიმისტარაშვილმა, ლევან მგელაძემ და თამარ ნადირიძემ. რაც შეეხება კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, “ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენელს, ნათია შარაშენიძეს, ის სხდომას არ ესწრებოდა.
მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხს მხარი დაუჭირეს თემურ სალუქვაძემ, მედეა მახარობლიძემ, ლევან თოიძემ, კახა კვაჭაძემ, ირინა საჯაიამ, ნინო ტაბატაძემ, ლავრენტი ბიგვავამ, ვასილ ჩიგოგიძემ“.
საბოლოო გადაწყვეტილებით, ქალაქ ოზურგეთის საკრებულომ, ისევე, როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ხმათა უმრავლესობით სამინისტროს ინიციატივას მხარი დაუჭირა.
ამან ოპოზიციონერი დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია, რომლებმაც მმართველი გუნდის დეპუტატებს სულ „სამარცხვინოები“ უწოდეს.