საქართველოს პარლამენტის წევრი პატრიოტთა ალიანსიდან, გელა მიქაძე, ერთ-ერთია, ვისაც გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 17 მილიონი დოლარის მითვისებისთვის 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
კომპანია რაკიას ყოფილ აღმასრულებელ ხელმძღვანელობას გაერთიანებული საემიროების სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.
კომპანიის ხელმძღვანელი პირები ხატერ მასაადი და გელა მიქაძე იყვნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მასაადმა და მიქაძემ კომპანიას მითვისებული თანხა უნდა დაუბრუნონ. ხატერ მასაადს 12 მილიონ 800 ათასი დოლარის, მიქაძეს და ჯანაშიას კი 4 მილიონ 4 ათასი დოლარის დაბრუნება დაეკისრა.
გელა მიქაძის, ადვოკატი, ქეთევან ქვარცხავა, აცხადებს, რომ არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლოს მათთვის საქმის მასალები არ მიუწოდებია.
ადვოკატის თქმით, კონკრეტული საქმის წარმოება საქართველოშიც არ მიმდინარეობს.
„ეს საქმე საქართველოს სასამართლოში არ განიხილება, ხოლო რაც შეეხება საქმის დეტალებს, დარწმუნებული ვარ, საქართველოში შემოიტანდნენ, რადგან სხვა საქმეებიც აქვთ საქართველოში შემოტანილი, რაიმე სამართლებრივი საფუძველი რომ ჰქონოდა. რასელ ხაიმაში, ცხადია, უფრო მარტივი იყო ამ სახკითხზე გადაწყვეტილების მიღება,“ – განაცხადა ქეთევან ქვარცხავამ.
საქმე ფოთის პორტსა და კომპანია რაისტარ ტრეიდს შორის შეთანხმების გაფორმებას და შემდეგ მის ანულირებას ეხება.
კომპანია რაკიას წარმომადგენლებმა კი სასამართლოს განაჩენი დღეს მიიღეს. რაკიას იურისტი, ნათია წკეპლაძე, აცხადებს, რომ დოკუმენტის მიხედვით, ბრალდებულებს უკანონოდ მითვისებული 17 მილიონი ამერიკული დოლარი დაბრუნება ევალებათ.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, სასამართლოს მიმდინარეობის შესახებ ინფორმირებული იყო ბატონი მიქაძე, მაგრამ მან სასამართლოში გამოცხადება არ ისურვა,“ – განაცხადა ნათია წკეპლაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობასა და შსს-ში გელა მიქაძისთვის მისჯილი 15-წლიანი პატიმრობის საკითხზე კომენტარისგან თავს იკავებენ.