თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერიან ცერცვაძის ოჯახის საკუთრებაში ორი საცხოვრებელი სახლი, სამი მიწის ნაკვეთი და მსუბუქი ავტომობილია. ამის შესახებ ცერცვაძის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან თანამდებობის დატოვებამდე ერთი დღით ადრე, 2017 წლის 24 მაისს შეავსო.
კერძოდ, ვალერიან ცერცვაძე ფლობს, 2009 წელს, 8 000-დოლარად ნაყიდ 972,00 კვ.მ.-ის ფართობის მიწის ნაკვეთის 70,00%-იან წილს (თანამესაკუთრე დავით ერისთავი), რომელიც ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერში მდებარეობს.
ასევე, ცერცვაძის 100%-იან საკუთრებაშია 2013 წელს, 80 000,00-დოლარად აშენებული 225,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი თბილისში, სოფელი დიღომში, ანდრონიკაშვილის ქუჩაზე და ამავე მისამართზე არსებული, 2011 წელს, 55000,00-დოლარად ნაყიდი მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობიც 2500,00 კვ.მ-ია. ასევე, 2009 წელს, 15 500-დოლარად ნაყიდი მსუბუქი ავტომანქანა ssangyong kyron.
ხოლო ცერცვაძის მეუღლე, გვანცა მიქუჭაძე ფლობს 2016 წელს, 15 000-ლარად ნაყიდ 50,00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელ სახლს თბილისში, ჯ.ბეთაშვილის 6 ნომერში და 2011 წელს, 2000 ლარად ნაყიდ 600 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთს, ონის რაიონის სოფელ ჟაშქვაში.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, გასულ წელს ცერცვაძის ოჯახმა ჯამში 133 220 ლარი მიიღო.
კერძოდ, ვალერიან ცერცვაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან 92 595,00 ლარი, ხოლო გვანცა მიქუჭაძემ შ.პ.ს. აიტექნიკის გენერალური მენეჯერის თანამდებობიდან – 40625,00 ლარი.
დეკლარაციის შევსების მომენტში, კი ვალერიან ცერცვაძეს“ თიბისი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 8200,00 ლარი ჰქონდა, ხოლო ნაღდი ფულის სახით 5000,00 ლარი (დანაზოგი) და 2500,00 დოლარი (დანაზოგი).
გვანცა მიქუჭაძეს კი, „პროკრედიტ ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 2050,00 ლარი, ამავე ბანკის დეპოზიტზე – 3000,00 ლარი, ხოლო ნაღდი ფულის სახით გვანცა მიქუჭაძე 1500,00 დოლარი (დანაზოგი).
რაც შეეხება ოჯახის გასავლებს, გასულ წელს, ვალერიან ცერცვაძეს მოგზაურობისთვის 3000,00 დოლარი დაუხარჯავს, დასვენება და მკურნალობა 7000 ლარი დაჯდომია, ხოლო სწავლისთვის 3500 ლარი გადაუხდია. გვანცა მიქუჭაძეს კი, სწავლის საფასური 2000 ლარი აქვს გადახდილი.
ცნობისთვის, ვალერიან ცერცვაძემ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა 2017 წლის 24 მაისს დატოვა. მისი განმარტებით, თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება შპს „აიპლუსის“ „ცილისმწამებლური განცხადებების“ გამო მიიღო. კერძოდ, როგორც ცერცვაძე განმარტავს, „უკანასკნელ პერიოდში არაერთი ცილისმწამებლური და დაუსაბუთებელი განცხადება იქნა გაკეთებული კომპანია „აიპლიუსის“ მხრიდან, რაც აშკარად სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და უხეშად ლახავდა, როგორც ჩემი, ასევე საქმის განმხილველი მოსამართლეებისა და მთლიანად სასამართლოს კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს“.
„გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა შ.პ.ს. „აიპლიუსისა“ და შ.პ.ს. „აიტექნიკის“ დავის განხილვა. განვლილი პერიოდის ანალიზის საფუძველზე, ვფიქრობ, საქმის სააპელაციო წესით განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კომპანია „აიპლიუსმა“ კვლავ განაგრძოს მსგავსი მეთოდების გამოყენება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეხება არ გამაჩნია ამ კომპანიების საქმიანობასთან და დღემდე არ არსებობს არც ერთი დადასტურებული ფაქტი სამართალწარმოების პროცესში ჩემ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების რაიმე სახით გამოყენებისა, ვთვლი, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის შემთხვევაში, ჩემი თანამდებობრივი სტატუსის გამო, ფორმალურად, მაგრამ მაინც შესაძლებელია გაჩნდეს გარკვეული შეკითხვები…
საზოგადოებაში ამ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვის გამორიცხვის და მოსალოდნელი შეკითხვების თავიდან აცილების მიზნით, მართებულად მიმაჩნია, დავტოვო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა და ჩემი სამოსამართლეო ვადის ფარგლებში გავაგრძელო მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის ფუნქციების განხორციელება“, _ აღნიშნულია ვალერი ცერცვაძის განცხადებაში.
აღნიშნულ თანამდებობას ვალერიან ცერცვაძე 2012 წლის 5 ოქტომბრიდან იკავებდა.