საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები დღეიდან ამოქმედდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თუ დღემდე მოქმედი რეგულაციებით, მნიშვნელოვანი ინფორმაციის თავმოყრა ხელშეკრულების თავსართში მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის იყო სავალდებულო და შეეხებოდა მხოლოდ 300-დან 50 000 ლარამდე საკრედიტო და სადეპოზიტო პროდუქტებს, ახალი ვერსიით, ეს ვალდებულება იურიდიულ პირებზეც გავრცელდება და პროდუქტების თანხობრივი არეალი უკვე 200 000 ლარამდე გაიზრდება.
დადგინდა შრიფტის მინიმალური ზომები (თავსართი 12 ზომა, ხელშეკრულების ძირითადი პირობები 10), რათა უფრო ადვილი გახდეს ხელშეკრულების წაკითხვა და გამოირიცხოს მისი გაცნობისთვის ხელისშემშლელი დამატებითი ბარიერები.
ახალი წესის მიხედვით, ფინანსურ ორგანიზაციებს აღარ ექნებათ უფლება მომხმარებლებს დააკისრონ საკომისიო 12 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში იმ პროდუქტებზე, რომლებსაც მომხმარებლები აღარ იყენებენ.
ცვლილებებია კრედიტის წინსწრებით დაფარვის წესსა და განაკვეთთან დაკავშირებით. მაქსიმალური განაკვეთი განისაზღვრა წინსწრებით დასაფარი ნარჩენი ძირის 2%-ის ოდენობით.
ახალი წესი საფინანსო ბაზარზე მომხმარებლების უფლებების დაცვის საჭიროებების ანალიზზე დაყრდნობით შემუშავდა.