სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე, რომლის ორგანიზატორიც “ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაა”, შეკრებილები არიან მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელები. ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის გატაცებასთან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვენ.
ცნობისთვის, აფგან მუხტარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი ჟურნალისტია, რომელიც ბოლო პერიოდში ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. მისი ცოლის, ლეილა მუსტაფაევას თქმით, აფგანი თბილისში, სოლოლაკის ტერიტორიიდან 29 მაისს დაიკარგა, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანშია დაპატიმრებული საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით. მუსტაფაევას აინტერესებს, როგორ გადაკვეთა მუხტარლიმ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი მაშინ, როცა მისი პასპორტი თბილისში, სახლში ჰქონდა დატოვებული. მუსტაფაევას აქციაზე სწორედ ეს პასპორტი აქვს მოტანილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ განაცხადეს, რომ მათ გამოძიება ადამიანის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფგან მუხტარლის აზერბაიჯანის პროკურატურამ სამი ბრალი წაუყენა, სასამართლომ კი ჟურნალისტს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აქციის მონაწილეებმა უკვე დაწერეს განცხადება, რომლითაც სუს -ის წარმომადგენლებთან შეხვედრას და განმარტებების გაკეთებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეებს წრე აქვთ შეკრული, რომელშიც აფგანლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა პლაკატით დგას. აქციის მონაწილეები სკანდირებენ ” არ გაგატანთ”.