“სახელმწიფოს იმიჯი სერიოზული დარტყმის წინაშეა” _ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გააკეთა, სადაც ის ადმინისტრაციის უფროს გიორგი აბაშიშვილთან ერთად აუდიტის სამსახურის უფროსს ლაშა თორდიას ხვდება. საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის გაუჩინარებაზე სწრაფ და ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს.
“სახელმწიფოს იმიჯი სერიოზული დარტყმის წინაშეა. კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში ვართ, რომ იმიჯი გამოსწორდეს. იმისთვის რომ პასუხი გავცეთ, თუ რა მოხდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. კრიზისების ჯამი თუ სწრაფად არ იქნა პასუხგაცემული, მაშინ კითხვები კიდევ უფრო გაიზრდება. თბილისში გაქრა ადამიანი და ბაქოში აღმოჩნდა. კოპერფილდს უნდა ვკითხოთ თუ ვადაჭკორიას რა მოხდა? ამ პროცესს თურმე მშვიდად უნდა დავოლოდოთ,” _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი აფგან მუხტარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა. ის სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს. დღეს ბაქოს მას საქალაქო სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ჟურნალისტს აზერბაიჯანის პროკურატურამ ბრალი კონტრაბანდის, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლებით წარუდგინა.
აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი „მწვანე საზღვარზე“ დააკავეს და არა გამშვებ პუნქტზე.