დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, უცხოელებზე მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით წამოყენებული საკანონმდებლო ინიციატივა ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან კავშირში არ არის. ამის შესახებ კაკულიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, სწრაფი ტემპით რამდენიმე დეპუტატის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის დაყენება იმიტომ მოხდა, რომ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანამდე უცხოელებზე მიწების გასხვისების პროცესი არ დაჩქარდეს.
„იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მიწის საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ცდილობენ შესაძლო პოლიტიკური ინტერესების, შესაძლოა ნაკლები ინფორმირებულობის გამო, საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში. ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ გავაკეთო განმარტება, თუ რა პროცესთან გვაქვს საქმე. ეს თემა რამდენიმე მოცემულობისგან შედგება – პირველი არის ის, რომ დღეისთვის არსებობს კონსტიტუცია, რომელიც თანაბარ დაშვებას აკეთებს როგორც უცხოეთის მოქალაქეზე, ისე საქართველოს მოქალაქეზე საკუთრებასთან მიმართებაში, ასევე მიწის მიმართ.
სწორედ ამის გამო საკონსტიტუციო სასამართლომ ორჯერ გააუქმა პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მორატორიუმიც კი დაუშვა საკუთრებასთან და მიწასთან მიმართებაში. ამიტომ ის ინიციატივა, რომელიც დღეისთვის გახდა სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციის საკითხი, გულისხმობს იმას, რომ ახალი კონსტიტუციის მიღებამდე, არსებული კონსტიტუციის ფარგლებში გააკეთოს მაქსიმუმი, რათა მიღწეული იქნას მთავარი მიზანი. მთავარი მიზანი არის ის, რომ უცხოეთის მოქალაქეებზე აიკრძალოს სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისება, ასევე იურიდიული პირებისთვის დაშვება იქნეს იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები არიან 50%-ზე მეტი წილის მფლობელი. თემა აიწია და შესაძლებელია კონსტიტუციის მიღებამდე დაჩქარდეს გასხვისების პროცესი და ამის დარეგულირებას ემსახურება ეს ახალი ინიციატივა”, _ განაცხადა რომან კაკულიამ.
დეპუტატის თქმით, ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები და საკანონმდებლო ინიციატივა ორი სხვადასხვა მოცემულობაა.
“ჩვენ ამ საკანონმდებლო ინიციატივით გვინდა მაქსიმალურად ავკრძალოთ და შევზღუდოთ უცხოელ ფიზიკურ პირებზე მიწის გასხვისება. რაც შეეხება ახალ კონსტიტუციას, ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ კონსტიტუციამ დააზუსტოს აუცილებლად, თუ ვის ექნება დაშვება მიწის საკუთრებაზე. მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს აუცილებლად საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მოქალაქეებისგან შემდგარი გაერთიანება, იურიდიული პირები, რომლის დამფუძნებელთა 50%-ზე მეტი არიან საქართველოს მოქალაქეები, მოხსენიებული იქნება მიწის მფლობელობა როგორც იურიდიულ, ისე სახელმწიფო საკუთრებაში”, _ აღნიშნა კაკულიამ.